სპორტზე თხრობის ფორუმი - რა გელით europop: tales of play-ზე

2 months ago 38
  • 12-13 აპრილს თბილისში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება
  • ფესტივალის სახელწოდებაა europop: tales of play - სპორტზე თხრობის ფორუმი
  • ფორუმის სცენა კლარენს ზეედორფს და პატრიკ კლუივერტსაც დაეთმობათ
  • მეტი ინფორმაცია ფორუმის შესახებ ნახეთ აქ, ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ.

სპორტში, ისევე როგორც ცხოვრების უამრავ სხვა ასპექტში, მთავარი ისტორიებია. შეიძლება, ყველას არ ესმოდეს, რამდენად შთამბეჭდავია ლეო მესის კარიერის სტატისტიკა, მაგრამ როგორც კი იტყვი, რომ ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ეს მსოფლიო თასის მოგების ბოლო შანსია, მთელი სამყარო ეკრანს თვალს ვერ აშორებს.

თუმცა, ყველაზე ფანტასტიკურ ამბავსაც კი ორი რამ სჭირდება. ის, ვისაც ამ ამბის მოყოლა შეუძლია - ვინც იცის, როგორ იპოვოს და გამოყოს ის მომენტები, რომლებიც მსმენელსა და ამბავს შორის უხილავ ემოციურ კავშირს დაამყარებს. და ის, ვინც ამ ამბავს მოუსმენს - ნამდვილი გულშემატკივარი, რომელსაც იმაზე მეტის აღმოჩენა სურს, ვიდრე ის, რაც უშუალოდ მოედანზე ან კორტზე ხდება. და სწორედ ასეთი ადამიანებისთვის შეიქმნა Tales of Play - ევროპოპის მიერ ორგანიზებული, რეგიონში პირველი, სპორტზე თხრობის ფორუმი.

12-13 აპრილს თბილისში, კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე, ორ სცენაზე, დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება. ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელიც გაიზიარებს. ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანების და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი. ESPN, DAZN, მადრიდის რეალი, ბარსელონა, აიაქსი, მსოფლიო რაგბი - ჟურნალისტები, მენეჯერები, მსაჯები, მწერლები - ევროპოპის ფორუმის სტუმრები სპორტის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სფეროსა და დისციპლინას წარმოადგენენ. თუმცა, არის ერთი რამ, რაც ყველას აერთიანებს - თითოეულ მათგანს აქვს მოსაყოლი ამბავი.

„ამჟამად, სპორტულ მოვლენებს შორის თითქოს არანაირი დისკუსია არ არსებობს. რა თქმა უნდა, არის ცალკეული თემები, რომლებსაც საფეხბურთო მატჩის წინ ან ფორმულა 1-ის რბოლის შემდეგ განვიხილავთ, მაგრამ ჩვეულებრივ, ქართველ გულშემატკივარს (ქართველებს კი სპორტზე მეტად არაფერი გვიყვარს) არ აქვს პლატფორმა, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა ხდება სტადიონის ან სარბენი ბილიკის მიღმა. სპორტში კი ცალკეულ გამოსვლებზე ბევრად უფრო მეტი რამ არსებობს: ისტორიები, მომავლის პერსპექტივები, უმაღლეს დონეზე თამაშის მენტალური მხარე. სპორტის გულშემატკივრებს და წამყვან მედია წევრებს ექნებათ საშუალება, სწორედ ასეთ საკითხებზე ისაუბრონ.” - ამბობს ფორუმის კონსულტანტი სოფიკო ვასაძე, - „თუ პანდემიამ რამე გვასწავლა, ეს ურთიერთობის, ნამდვილი კომუნიკაციის და ადამიანებთან ემოციური კავშირის დამყარების მნიშვნელობა იყო. ერთია, როდესაც სპორტულ მედია-გურუებს თავიანთ პოდკასტებში უსმენ და უცებ წარმოიდგინე, რომ აუდიტორიას შეეძლება, მათ კითხვები დაუსვან და საუბრის მიმართულებაც თავად განსაზღვრონ.”

მიუხედავად იმისა, რომ europop: tales of play წელს პირველად ტარდება, სტუმრების სია სავსეა სპორტის ნებისმიერი გულშემატკივრისთვის ნაცნობი სახელებით. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდები - პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი, პოდკასტერი ჯოდი ავირგანი, ESPN-ის ადამ ნოიჰაუსი. თუმცა, ვარსკვლავური სტუმრების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ღონისძიების ფორმატიც.

“მაგალითისთვის, ავიღოთ ფორუმის ერთ-ერთი სტუმარი მეთიუ ჯენი. მას ყველა ისე იცნობს, როგორც ცნობილ მწერალს, მაგრამ რამდენმა იცის, რომ ჟურნალისტობამდე მეთიუ მორაგბე იყო და საქართველოს ნაკრებში ასპარეზობდა? კიდევ ერთი სტუმარი, ნიკა ამაშუკელი რაგბის ქართველი მსაჯია, რომელსაც მთელი სარაგბო სამყარო იცნობს და უმაღლესი რანგის მატჩებში უმსაჯია. წარმოიდგინეთ, მსმენელისთვის რამდენი საინტერესო ამბის გაზიარება შეუძლია - ამბების, რომლებიც ქართულ აუდიტორიამდე რთულად, ან საერთოდ ვერ აღწევს.” - გვეუბნება სოფიკო Tales of Play-ს შინაარსზე საუბრისას.

ასეთი მასშტაბის ფესტივალი, რა თქმა უნდა, უამრავ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს. სოფიკოს გარდა, საორგანიზაციო გუნდს მსგავსი ღონისძიებების ჩატარების გამოცდილებას ZEG ფესტივალის კიდევ ორი დამფუძნებელი უზიარებს - ქეთი ებანოიძე და ელენე ჟვანია. ფორუმის ჩატარების აღმასრულებელ ნაწილს კი ევროპოპის გუნდი უძღვება, რომლის სათავეში ღონისძიების დირექტორი დიმიტრი ვაჩნაძე და იდეის ავტორი მიშა დუმბაძე დგანან.

საორგანიზაციო გუნდისთვის, Tales of Play იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო შეკრება, სადაც ცალკეულ მომხსენებელს, რამე ისტორია აქვს მოსაყოლი. ფორუმისთვის სტუმრების შერჩევის მთავარი კრიტერიუმი მსმენელისთვის ჩვეულებრივი ამბის დაუვიწყარ მოგზაურობად გადაქცევის ნიჭი იყო. 

ღონისძიების 2-დღიანი განრიგი უწყვეტი სპორტული თავგადასავალია, რომელიც ერთდროულად ორ სცენაზე გაიმართება. ინდივიდუალური გამოსვლები, Q&A, პანელური დისკუსიები, ნეტვორქინგი, ფილმის ჩვენება და დაუვიწყარი აუდიო-ვიზუალური პერფორმანსი კიდევ ერთი ცნობილი სპორტსმენისგან (რომლის ვინაობა ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) - ფესტივალი თავისი მასშტაბით და შინაარსით რეგიონული მნიშვნელობის ტრიბუნაა, რომელიც სპორტული ამბების თხრობის ხელოვნებას ეძღვნება. 

ფესტივალი დაიწყება 12 აპრილს, გახსნის ცერემონიითა და საუბრით კლარენს ზეედორფთან, პროგრამის მთავარი ნაწილი კი 13 აპრილს გაიმართება და უამრავ საინტერესო თემას მოიცავს: საფეხბურთო ორგანიზაციებსა და რაგბის რეალობებიდან, პოდკასტინგის ხელოვნებამდე. ფესტივალს პატრიკ კლუივერტის გამოსვლა აგვირგვინებს. ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაცია და მომხსენებელთა სრული სია ხელმისაწვდომია ფესტივალის ვებგვერდზე, ბილეთების გაყიდვა კი 6 მარტს დაიწყო.

europop: tales of play კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის შენობაში გაიმართება, ფორუმის მეორე სცენა ამავე სივრცეში “თეატრი სახელოსნო 42” იქნება. ღონისძიება 700-მდე ადგილობრივ და საერთაშორისო სტუმარს უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა