'სპორტი, როგორც დიდი მოვლენა' - პოდკასტი europop: Tales of Play-ზე

1 month ago 23
  • 12-13 აპრილს თბილისში დიდი სპორტის შემქმნელი ადამიანების გზები გადაიკვეთება
  • ფესტივალის სახელწოდებაა europop: tales of play - სპორტზე თხრობის ფორუმი
  • ფორუმის შესახებ ჩვენთან პოდკასტში სოფიკო ვასაძემ და დაჩი იმედაძემ ისაუბრეს

მაშ ასე - europop forum: tales of play-მდე ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი. 12-13 აპრილს საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართება და თუ გსურთ, ამ ღონისძიებაზე დასწრება, ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ.

Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე, ევროპოპ ფორუმის სცენას სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებთან ერთად, რამდენიმე ლეგენდარული ფეხბურთელიც გაიზიარებს.

europop forum: tales of play პირველად ტარდება, თუმცა, სპორტის გულშემატკივრები სიაში არაერთ ნაცნობ სახელს იხილავთ. მხოლოდ რამდენიმე მათგანს ჩამოგითვლით: ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდები - პატრიკ კლუივერტი და კლარენს ზეედორფი, პოდკასტერი ჯოდი ავირგანი, ESPN-ის ადამ ნოიჰაუსი, მსოფლიო რაგბის ერთადერთი ქართველი მსაჯი ნიკა ამაშუკელი, თუმცა, ვარსკვლავური სტუმრების გარდა, არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად ღონისძიების ფორმატიც. აქვე გეტყვით, რომ ფორუმის მიზანია, გახდეს რეგიონში სპორტის ფანების და პროფესიონალების ყოველწლიური შეკრების ადგილი.

წაიკითხე | სპორტზე თხრობის ფორუმი - რა გელით europop: tales of play-ზე

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმის შესახებ ვრცლად ევროპოპ ფორუმის კონტენტ კრეატორმა თინათინ კოპალიანმა europop forum: tales of play-ის ორ მოდერატორთან ერთად ისაუბრა. პოდკასტში, რომლის ნახვაც ვრცლად ჩვენს Youtube-არხზე შეგიძლიათ, დაჩი იმედაძე და სოფიკო ვასაძე ფორუმის მნიშვნელობაზე ლაპარაკობენ.

სოფიკო ვასაძე, გარდა იმისა, რომ რადიო თავისუფლების აღმასრულებელი პროდიუსერია, ZEG Storytelling Festival-ის საორგანიზატორო ჯგუფის წევრია - სწორედ ამ გუნდთან ერთად დავგეგმეთ სპორტზე თხრობის ფორუმი.

სოფიკო ვასაძე: "ეს იქნება ფორუმი, რომელზეც ვისაუბრებთ ყველაფერზე სპორტის ირგვლივ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქ არ ვლაპარაკობთ მარტო გოლებზე, კარგ დადებულ ლელოებზე და კალათში ჩაგდებულ ბურთებზე, ჩვენ ვლაპარაკობთ ყველა იმ ინდუსტრიაზე, რომელიც სპორტს აერთიანებს. სპორტი გარშემო ბევრ ინდუსტრიას იკრიბავს - დაწყებული ტექნოლოგიებით, დამთავრებული სპორტსმენების ნუტრიციოლოგიით, დიზაინით, ბრენდინგით... უამრავი დისციპლინა ერთიანდება სპორტის ირგვლივ. ეს ფორუმიც სწორედ იმას ემსახურება, რომ ვილაპარაკოთ ყველაფერზე სპორტის ირგვლივ და ცხადია, სპორტზეც."

დაჩი უნივერსიტეტში სწავლის პერიოდიდან, აქტიურად ჩაერთო სამოქალაქო აქტივიზმში. პარალელურად მუშაობდა კრეატიულ საკომუნიკაციო სააგენტოებში, სადაც ათობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბრენდზე მუშაობის შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინა. როგორც თვითონ ამბობს, 2006 წლის მუნდიალზე 32-ვე გუნდის შემადგენლობის დამახსოვრებით დაწყებული, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩზე დასწრებით დამთავრებული - სპორტის მაგია ბავშვობიდან მასთანაა.

დაჩი იმედაძე: "შესაძლოა, ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, უფრო მეტი გვაქვს ნანახი, თუ რა ხდება სპორტში, მაგრამ მაყურებლისთვის ეს არის კვირაში გამოყოფილი 1 ან 2 საათი, როდესაც ერთობა და სიამოვნებას იღებს. ამის მიღმა კი იმხელა ჯაჭვია, საინტერესოა, როგორ იმართება ეს პროცესები, რომ სპორტსმენმა წარმატებას მიაღწიოს ან ვერა. სპორტი არ არის მხოლოდ გამარჯვებულებისთვის და წარმატებულებისთვის, ეს საყოველთაო ამბავია. აი, ეს ჯაჭვი გვინდა ვანახოთ მაყურებლებს, რომ სპორტი, როგორც ერთი დიდი მოვლენა, კიდევ უკვე კარგად აღიქვან."

europop forum: tales of play-მდე თქვენ შეგეძლებათ ფესტივალის შესახებ უფრო მეტი პოდკასტის მეორე ეპიზოდში შეიტყოთ, რომლის ნახვის შესაძლებლობაც კვირას ჩვენს Youtube-არხზე გექნებათ. ამჯერად, სპორტის თხრობის პირველ ფორუმზე თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ტატო ბაციკაძე და გიორგი უგულავა ისაუბრებენ.

სრულად წაკითხვა