სრული დომინაციით! საქართველო რაგბი ევროპის ჩემპიონია

2 months ago 55
  • საქართველო 36:10 პორტუგალია
  • ბორჯღალოსნები ჩემპიონები ზედიზედ მეშვიდედ, ჯამში კი მე-16-ედ გახდნენ
  • რიჩარდ კოკერილმა საქართველოს ნაკრებში პირველი ტიტული მოიპოვა

საქართველომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი კვლავ მოიგო და ამჯერად პარიზში, სტად ჟან ბუინის სტადიონზე. რიჩარდ კოკერილის გუნდმა მეტოქე 36:10 დაამარცხა და ინგლისელმა მწვრთნელმა ბორჯღალოსნებთან ერთად პირველი ტიტულიც მოიპოვა.

ბორჯღალოსნებისთვის ეს შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანი და პრინციპული იყო. გარდა იმისა, რომ ამ მატჩში ჩემპიონის ვინაობა ირკვეოდა, აუცილებლად იყო ანგარიში გასასწორებელი - ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველომ პორტუგალიასთან ფრე ითამაშა, რის გამოც ჩვენმა გუნდმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

თამაში ლობუშმა კარგად დაიწყო და პირველი სამი წუთი მეტოქის მოედნის ნახევარზეც გაატარა, თუმცა, საქართველო დაცვაში შეცდომას არ უშვებდა და ბურთიც მალე მოიპოვა. ბორჯღალოსნებმა კარგად შეუტიეს და მათი უპირატესობა მალევე გამოიკვეთა. საბოლოო ჯამში, ანგარიში მე-10 წუთზე ლუკა მატკავამ ჯარიმის შედეგად გახსნა, ზუსტად ოთხ წუთში კი საქართველოს ნაკრების 10-მა ნომერმა უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა.

ლუკამ პირველივე ტაიმში 4 ჯარიმა გაიტანა

პირველ ნახევარში ორივე გუნდის მოთამაშეები არაერთ შეცდომას უშვებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ტაიმის განმავლობაში მეტოქეებს შორის დაძაბულობა შეინიშნებოდა, მთავარმა მსაჯმა ამის გამო მორაგბეები მკაცრად არაერთხელ გააფრთხილა. 29-ე წუთზე ბორჯღალოსნების სასარგებლოდ კიდევ ერთი ჯარიმა დაინიშნა, მატკავა კვლავ ზუსტი იყო და ანგარიში 9:0 გახდა.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პირველ ნახევარ საათში შერკინებაში უპირატესობა საქართველომ ვერ მოიპოვა, არბიტრს ხშირად უწევდა მოთამაშეების დაჯარიმება, ამიტომ 33-ე წუთზე მან ორივე გუნდიდან თითო მორაგბე გააყვითლა - გიორგი ახალაძე და აბელ კუნია. რამდენიმე წამში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე თავიანთი შერკინების დროს დააჯარიმა და კარგი პოზიციიდან მატკავამ აქტივში მორიგი სამი ქულა ჩაიწერა. დრო უკვე ამოწურული იყო და თითქოს, ლობუში ტაიმს უქულოდ ასრულებდა, მაგრამ უგო კამაჩომ თითქმის ცენტრიდან ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 9 ქულამდე შეამცირა.

მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა ბევრად უკეთესად დაიწყო - შესანიშნავად წამოწყებული შეტევა 43-ე წუთზე აკაკი ტაბიცაძემ დააგვირგვინა, რომელმაც ლელო მატკავას ფეხით გაკეთებული შორეული პასის შემდეგ დადო - ლუკამ გარდასახვა ვერ გამოიყენა.

კოკერილის გუნდი შესანიშნავად გამოიყურებოდა და მეტოქეს თამაშის საშუალებას არ აძლევდა, ამ უპირატესობის შედეგად კი საქართველომ კიდევ ერთი ლელო დადო - მოლის შედეგად ბურთი ვანო კარკაძემ დაამიწა, მატკავა კი, გარდასახვის დროს ზუსტი იყო.

მოთამაშეებს შორის დაძაბულობა მეორე ტაიმშიც იყო, ლუბოშის მორაგბეების მხრიდან მთელი მატჩის განმავლობაში ხშირად ჰქონდა პროვოკაციას ადგილი და მე-60 წუთზე მათ კიდევ ერთ ქმედებას გაწევ-გამოწევა მოჰყვა, რის გამოც 10-10 წუთით მოედანი მერაბ შარიქაძესა და ჟოზე მადეირას დაატოვებინეს.

64-ე წუთზე აკაკი ტაბუცაძემ დუბლი შეასრულა - ძალიან კარგად ითამაშა მიხეილ ალანიამ, რომელმაც ხაზი გაჭრა და შემდეგ პასი თანაგუნდელს გაუკეთა, რომელიც ფრთაზე მარტო იყო და ტაბუცაძის სისწრაფის გათვალისწინებით, ლელოს დადება მას არ გასჭირვებია.

69-ე წუთზე ხაზი უკვე თედო აბჟანდაძემ გაჭრა, რის შემდეგაც პასი ალანიას გაუკეთა და ეს შეტევაც ლელოთი დასრულდა - სხვაობა უკვე გამანადგურებელი იყო! ბოლოს კი, 79-ე წუთზე პორტუგალიელებმა პრესტიჟის ლელო დადეს, რომლის ავტორიც როდრიგო მარტა იყო.

საქართველოს ნაკრებმა ეს ტიტული ზედიზედ მეშვიდედ მოიპოვა და საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, საერთო ჯამში კი, რაგბი ევროპის ჩემპიონი მე-16-ედ გახდა. ახალი ფორმატით ეს ტურნირი მეორე წელია რაც ტარდება და ორივე შემთხვევაში ბორჯღალოსნებმა ფინალში პორტუგალია დაამარცხეს.

საქართველო 36:10 პორტუგალია

საქართველო: 4 ლელო – ტაბუცაძე (2), კარკაძე, ალანია. 4 ჯარიმა - მატკავა (4). 2 გარდასახვა - მატკავა, აბჟანდაძე. 3 სინბინი – ახალაძე, შარიქაძე, ივანიშვილი.

სრულად წაკითხვა