შეხვედრის დაწყებამდე უკრაინის დელეგაციის წევრებმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგიი კისლიცამ და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსანდრ ბევზმა კონსულტაციები გამართეს გერმანიის, იტალიის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გეორგი ტიხის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო პოზიციების კოორდინირება.
უკრაინის დელეგაციის წარმომადგენელმა საგენტო AFP-ს ანონიმურობის დაცვის პირობით უთხრა, რომ კიევის დელეგაცია სტამბოლში ჩავიდა მკაფიო დღის წესრიგით და მზად არის მშვიდობისკენ დიდი ნაბიჯები გადადგას. წყაროს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც ვილნიუსში მონაწილეობს „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერთა შეხვედრაში, ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ არის დარწმუნებული პროდუქტიული შეხვედრებისთვის რუსეთის მზადყოფნაში.
სტამბოლში უკრაინის და რუსეთის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 16 მაისს გაიმართა. მხარეები 1000-1000 სამხედრო ტყვის გაცვლაზე შეთანხმდნენ.
რუსეთმა უარი თქვა ცეცხლის უპირობოდ და დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე.
19 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ ტრამპთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინულ მხარეს შესთავაზებს მემორანდუმს მომავალი, შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების თაობაზე, რომელშიც განსაზღვრული უნდა იყოს გარკვეულ პოზიციები.
როგორც პუტინმა თქვა, მაგალითად, კონფლიქტის მოგვარების პრინციპები, სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო ვადები და ა.შ. მათ შორის გარკვეული ვადით ცეცხლის შეწყვეტა შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
პასუხად უკრაინამ განაცხადა, რომ მემორანდუმის საკუთარ ვარიანტს მოამზადებდა. გასულ კვირაში უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ რუსეთს დოკუმენტის პროექტი გაუგზავნეს, მოსკოვიდან კი ანალოგიური პროექტი არ მიუღიათ.