'სწორი მიდგომების შემთხვევაში მოვიგებთ' - მწვრთნელები ისტორიულ მატჩზე

2 months ago 57

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე ძალიან ცოტა დრო რჩება - ვილი სანიოლის გუნდი ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში "დინამო არენაზე" ლუქსემბურგს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე ეროვნული ლიგის ყოფილ და ამჟამინდელ მწვრთნელებს დავუკავშირდით და მათ მომავალ მატჩთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.

კახა ჩხეტიანი (ქუთაისის ტორპერდოს ყოფილი მწვრთნელი)

"მოლოდინები ყველას გვაქვს ისეთი, რომ შედეგი დადებითი უნდა იყოს. მეორედ გვაქვს ასეთი შანსი და იმედს ის მაძლევს, რომ ჩვენი ფეხბურთელების თითქმის 90%-ს თავიანთ კლუბებში სათამაშო პრაქტიკა აქვთ და მზად არიან. დარწმუნებული ვარ, გათავისებული აქვთ ის დიდი სიხარული, თუ რა მოჰყვება ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, მწვრთნელები, იქ მყოფი ადამიანები და ფეხბურთელები ყველაფერს გაიღებენ. მეტოქე ხელწამოსაკრავი გუნდი ნამდვილად არ არის, იმათაც აკლიათ ფეხბურთელები. ჩვენთვის ძალიან დიდი დანაკლისია კვარაცხელია, მაგრამ ეს უკვე აღარ უნდა განვიხილოთ. საკმაოდ კარგი გუნდია, ბევრი ქულა აიღეს ისეთ ჯგუფში, რომელშიც წამყვანი ქვეყნების ნაკრებები იყვნენ და იოლი თამაში ნამდვილად არ იქნება, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ფეხბურთელები მზად არიან. ვფიქრობ, რომ მეტი შანსი გვაქვს - ჩემი აზრით, შანსები 70-30-ზეა."

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის ყოფილი მწვრთნელი)

"სრული სამზადისია, როგორც გუნდში, ისევე გულშემატკივრებში. ყველა ველოდებით გამარჯვებას, რაც, ვფიქრობ, არ არის შორს საღი აზრისგან. ყველას სურვილი არის, რომ გავიმარჯვოთ და გავიდეთ ფინალში. შანსები ჩვენ უფრო მეტი გვაქვს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ სახლში ვთამაშობთ და გულშემატკივრების განწყობაც, რომლებიც გაავსებენ ტრიბუნებს, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გუნდის და გულშემატკივრის ერთობა კი, არის ის დიდი მუხტი, რომელიც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ჩვენი შანსები უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. შეიძლება მეტოქე გრანდი არ არის, მაგრამ არ იქნება იოლი თამაში, თუმცა, სწორი მიდგომების შემთხვევაში, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება."

ანდრეი დემჩენკო (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

"ამ მატჩისგან დიდი მოლოდინები მაქვს. სიმართლე რომ გითხრათ, საქართველოს ნაკრების ხილვა მთელი თავისი ბრწყინვალებით მსურს, რადგან ახლა ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან შეკრებილები და ვფიქრობ, რომ საქართველო მაგარ ბრძოლას გამართავს, თუმცა, ლუქსემბურგი იოლი მეტოქე არაა. სტატისტიკის მიხედვით, ლუქსემბურგის ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ძალიან განვითარდა. ვიცი, რომ ძალიან ბევრი სპეციალისტი ჩადის ევროპიდან (ესპანეთიდან და იტალიიდან), რომლებიც როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობენ, შესაბამისად, მათი დონე საგრძნობლად გაიზარდა, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თამაში იქნება, ლუქსემბურგი საქართველოსთვის ღირსეული მეტოქეა. საქართველოს ნაკრებს ბევრი კვალიფიციური ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც ევროპულ ჩემპიონატებში თამაშობენ. ბევრი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე თავისი ნაკრების საქომაგოდ და ვფიქრობ, რომ საქართველომ გოლი არ უნდა გაუშვას და შეტევითი რესურსის გამოყენებით 1-2 გაიტანოს."

საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრა 21 მარტს 21:00 საათზე დაიწყება, გამარჯვებული კი პლეი ოფის ფინალში საბერძნეთს ან ყაზახეთს 26 მარტს დაუპირისპირდება.

სრულად წაკითხვა