ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიიღო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა.
21 მაისს გამართული შეხვედრის ის ნაწილი, რომელიც მედიისთვის ღია იყო, მშვიდად დაიწყო. პრეზიდენტები გოლფზე საუბრობდნენ. თუმცა, მალევე სიტუაცია შეიცვალა და დონალდ ტრამპმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში თეთრკანიანი ფერმერების შევიწროების შესახებ განაცხადა. აშშ-ის პრეზიდენტმა წარმოადგინა წინასწარ მომზადებული ვიდეოები და ფოტოები, რომლებიც, მისი შეფასებით, ამას ადასტურებს.
მათ შორის იყო დოკუმენტური ფილმი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ჯულიუს მალემის მონაწილეობით. ის ასრულებს სიმღერას, რომელშიც არის ფრაზა „ესროლე ბურებს“. ტრამპმა რამაფოსას აჩვენა კიდევ ერთი ვიდეო და ფოტოებიც, რომლებზეც, მისი თქმით, ასახულია თეთრკანიანი ფერმერების სამარხი და მოკლული თეთრკანიანები.
თავის მხრივ, სირილ რამაფოსა დაინტერესდა, სად არის გადაღებული სამარხი, რადგან მსგავსი რამ არასდროს უნახავს და განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ჯულიუს მალემის აზრები და ქმედებები არ ასახავს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ოფიციალურ პოზიციას.
რამაფოსას განცხადებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დემოკრატიული ქვეყანაა, სადაც ადამიანებს აზრის თავისუფლად გამოხატვა შეუძლიათ. მისივე თქმით, ქვეყანაში კრიმინალის პრობლემა არსებობს, მაგრამ მკვლელების მსხვერპლნი არიან როგორც თეთრკანიანი, ისე შავკანიანი მოქალაქეები.
თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ილონ მასკი, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშია დაბადებული. მასკი და ტრამპი ირწმუნებიან, რომ სამხრეთ აფრიკაში მცხოვრები ჰოლანდიელებისა და ფრანგების შთამომავლები (აფრიკანერები) გენოციდს განიცდიან.
მაისში აშშ-ის ხელისუფლებამ ლტოლვილად აღიარა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის 59 თეთრკანიანი მოქალაქე, რომელთა მტკიცებით, თავის ქვეყანაში ძალადობას და დისკრიმინაციას გაექცნენ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ხელისუფლება გენოციდს კატეგორიულად უარყოფს. მსგავსი ბრალდებები არ არის დამტკიცებული სასამართლოშიც, რომელიც მთავრობისგან დამოუკიდებელი ორგანოა. გენოციდთან დაკავშირებული ბრალდება არ აქვთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მოქმედ იმ პარტიებსაც, რომეთა ძირითადი მხარდამჭერები აფრიკანერები არიან.