ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, დღეიდან 4 ივნისიდან ქვეყანაში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე საბაჟო გადასახადი გაორმაგდა.
ფოლადისა და ალუმინის პროდუქციაზე ტარიფი 25%-დან 50%-მდე გაიზარდა.
პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებაში ნათქვამია, რომ ტარიფის გაზრდა არ ეხება დიდ ბრიტანეთს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ორ ქვეყანას შორის მაისში მიღწეული ეკონომიკური შეთანხმების შესრულება.
აშშ-ის პრეზიდენტმა 2025 წლის თებერვალში გამოაცხადა იმპორტირებული ალუმინისა და ფოლადის 25%-ით დაბეგვრის გადაწყვეტილება, მაისში კი პენსილვანიის შტატის ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობისას თქვა, რომ ადგილობრივი წარმოების გასაძლიერებლად ტარიფს გააორმაგებს.
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანაში იმპორტირებული იყო 31,3 მილიარდი დოლარის ფოლადი და ალუმინი. ამ პროდუქციის ძირითადი მიმწოდებლები არიან კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთი კორეა და ვიეტნამი.