აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დაინტერესებული თავის ყოფილ მოკავშირე ილონ მასკთან ლაპარაკით - განაცხადა თეთრი სახლის წარმომადგენელმა პარასკევს და დასძინა, რომ მათ შორის სატელეფონო საუბარი დღეს დაგეგმილი არ არის. მანამდე პრეზიდენტის სხვა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ტრამპი და მასკი პარასკევს ისაუბრებდნენ.
მასკი ტრამპს პრეზიდენტის მიერ შემუშავებული საბიუჯეტო კანონპროექტთან დაკავშირებით დაუპირისპირდა.
„მე ილონზე არც კი ვფიქრობ. მას პრობლემა აქვს, საწყალს პრობლემა აქვს“, - განუცხადა ტრამპმა CNN-ს პარასკევს დილით.
თეთრი სახლის წარმომადგენელმა The New York Post-ს დაუდასტურა, რომ პრეზიდენტი გეგმავს გაყიდოს წითელი „ტესლა“, რომელიც მან სამი თვის წინ შეიძინა მასკის მხარდაჭერის გამოსახატავად.
მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ერთმანეთს ღიად ხუთშაბათს დაუპირისპირდნენ და ერთმანეთი სოციალურ მედიაში გააკრიტიკეს.
ხუთშაბათს, დაპირისპირების შემდეგ მასკის „ტესლას“ აქციები 14%-ით გაუფასურდა და კომპანიამ დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი დაკარგა, რაც ელექტრომობილების მწარმოებლის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთდღიანი ვარდნაა. პარასკევს ბაზრების გახსნი შემდეგ აქციების ფასი 4.5%-ით გაიზარდა.
მასკი ტრამპის „დიდ და ლამაზ კანონპროექტს“ იმ მოტივით აკრიტიკებს, რომ მისი ამოქმედება საბიუჯეტო დეფიციტს გაზრდის. 5 ივნისს პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ მასკის უკმაყოფილების რეალური მიზეზი ელექტრომობილებისთვის საგადასახადო შეღავათების შემცირებაა.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ილონ მასკმა სოციალურ ქსელ Х-ში გამოაქვეყნა პოსტები იმის შესახებ, რომ ტრამპის განცხადება ტყუილია და, რომ მის გარშე ტრამპი არჩევნებს წააგებდა. პასუხად, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ ილონი სწორედ ელექტრომობილების გამო „შეიშალა".
შემდეგ ეს უთანხმოება ახალ ეტაპსა და პირად საკითხებზე გადავიდა მას შემდეგ, რაც მასკმა განაცხადა, რომ ტრამპი „ეპშტეინის ფაილებშია“.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი გასამართლებული იყო პროსტიტუციაში არასრულწლოვანთა ჩართვის, მათზე სექსუალური ძალადობისა და ტრეფიკინგის ბრალდებებით. 2019 წელს ის ციხის საკანში მკვდარი ნახეს. ექსპერტიზის დასკვნით, პატიმარმა თავი მოიკლა.