ტუსკის მთავრობამ მიიღო სეიმის მხარდაჭერა - 243-210-ზე

1 month ago 6

11 ივნისს პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკის ცენტრისტულმა-მემარცხენე გუნდმა პარლამენტის ნდობა მოიპოვა და განიმტკიცა მანდატი მას შემდეგ, რაც პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად გაღრმავდა პოლიტიკური უფსკრული, რამაც წარმოშვა ეჭვები შექმნილ პოლიტიკურ გარემოში ტუსკის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების უნარზე.

460-წევრიან სეიმში ტუსკის გუნდს მხარი დაუჭირა 243-მა დეპუტატმა, 210-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ტუსკმა თავად მოითხოვა მთავრობისადმი ნდობის საკითხის დაყენება, იმ საფუძვლით, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა დადგა მას შემდეგ, რაც ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი დამარცხდა ნაციონალისტ ისტორიკოს კაროლ ნავროცკისთან.

“ვითხოვ ნდობის ვოტუმს სრული რწმენით, რომ გვაქვს მანდატი ვმართოთ, ვიტვირთოთ სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც პოლონეთში ხდება“ - განაცხადა სეიმის 11 ივნისის სხდომაზე დონალდ ტუსკმა.

11 ივნისის წარმატებული კენჭისყრის მიუხედავად, დონალდ ტუსკს წინ რთული გზა აქვს. მისი მთავრობისადმი ნდობის საკითხზე კენჭისყრამდე მან განაცხადა:

„ვიცი გამარჯვების გემო, ვიცი დამარცხების სიმწარე, მაგრამ არ ვიცი სიტყვა დანებება“.

ტუსკმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ივლისში გეგმავს მთავრობის გარდაქმნას, მათ შორის „ახალი სახეების“ შეყვანით. ივნისში აპირებს ის მთავრობის სპიკერის დანიშვნას. ამ დრომდე ტუსკი თავად უძღვებოდა მთავრობის პოლიტიკისა და გადაწყვეტილებების საზოგადოებასთან კომუნიკაციას.

მთავრობის მეთაურობის გარდა, ტუსკს აქვს რთული პოლიტიკური ამოცანა - მომზადება 2027 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

დონალდ ტუსკი პოლონეთის პრემიერმინისტრი იყო 2007-2014 წლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი - 2014-2019 წლებში, 2023 წლის დეკემბერში მან კვლავ დაიკავა პოლონეთის პრემიერმინისტრის პოსტი.

სრულად წაკითხვა