უკრაინამ დაიბრუნა რუსეთთან ომში დაღუპული 1212 დამცველის ცხედრები.
ამის შესახებ დღეს, 11 ივნისს განაცხადა სამხედრო ტყვეთა საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბმა. მისი ინფორმაციით, უკრაინის დამცველები, რომელთა ცხედრებიც სამშობლოში დააბრუნეს, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებსა და რუსეთის კურსკის რეგიონში დაიღუპნენ.
რუსეთის მიერ ცხედრების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „წითელი ჯვრის კომიტეტი“.
უკრაინის საკოორდინაციო შტაბის განცხადებით, დაღუპულთა ვინაობას მოკლე დროში დაადგენენ სამართალდამცავი ორგანოების გამომძიებლები და ექსპერტები.
უკრაინა და რუსეთი სამხედრო ტყვეების და დაღუპულთა ცხედრების მორიგ გაცვლაზე 2 ივნისს სტამბოლში, მოლაპარაკების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ.
რუსი სამხედროები მოითხოვდნენ, რომ უკრაინას ცხედრების პირველი ნაწილი 7-8 ივნისს წაეღო და აცხადებდნენ, რომ კიევი ამაზე უარს ამბობდა.