უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე დრონებით ერთდრულად დარტყმის შედეგად ამ ქვეყნის სტრატეგიული ავიაციის 41 თვითმფრინავი დააზიანა. ამის შესახებ დღეს, 2 ივნისს განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვასილ მალიუკმა. მან რუსეთის ზურგში ჩატარებულ სპეცოპერაციას უწოდა „ისტორიული“, „უპრეცედენტო“ და „უნიკალური“.
მალიუკის ინფორმაციით, დრონებით დარტყმის შედეგად დაზიანებულ თვითფრინავებს შორისაა: А-50, Ту-95, Ту-22 М3 და Ту-160.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ მტრის ბომბდამშენების განადგურების ამოცანა დაუსახა უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც სპეცოპერაციის მიმდინარეობას პირადად აკონტროლებდა.
ვასილ მალიუკის თქმით, მტერმა, რომელიც ამ თვითმფრინავებიდან უკრაინის სახელმწიფოს თითქმის ყოველდღე ბომბავდა, დღეს საქმით იგრძნო, რომ შურისგება გარდაუვალია.
უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გუნდს, რომლიც წელიწად-ნახევარზე მეტხანს ამზადებდა სპეცოპერაციას, სახელწოდებით „ობობას ქსელი“.
მალიუკის ინფორმაციით, რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე: „ბელაიაზე“. „დიაგილევოზე“, „ოლენიასა“ და „ივანოვოზე“ დაზიანებულია რუსეთის ფრთოსანი რაკეტების სტრატეგიული მატარებლების 34%, საერთო ზიანი კი სავარაუდოდ, 7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება.