უკრაინის დელეგაციის გზავნილები სტამბოლის შეხვედრაზე: ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული მოქმედებები, ლიდერების შეხვედრისთვის მზადება

1 day ago 3

“მტკიცედ გვწამს, რომ ყველა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ ლიდერების დონეზე. ლიდერების შეხვედრა კი შესაძლებელი იქნება სხვა ლიდერების შესაძლო ჩართულობით - მაგალითად, აშშ-ის პრეზიდენტისა.

ვფიქრობთ, დელეგაციებს შორის მუშაობის გაგრძელებას აზრი აქვს, თუკი ეს გამიზნული იქნება ლიდერების შეხვედრის მომზადებაზე”, - განაცხადა სტამბოლში უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა.

უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თანახმად, რუსეთის მხარეს 2 ივნისის მოლაპარაკებებზე შემდეგი შეხვედრის გამართვა შესთავაზეს 20-დან 30 ივნისამდე. მან აღნიშნა, რომ “ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პროგრესის მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესში”. რუსტემ უმეროვმა კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება:

“რუსეთს დიდი ხანია ვეუბნებით, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს და ამაში მთელი მსოფლიო გვიჭერს მხარს. გამოვდივართ ამ ომის დასასრულებლად რეალური მუშაობისკენ მოწოდებით. პირველი აუცილებელი ნაბიჯები ყველასთვის ცნობილია: ცეცხლის შეწყვეტა, ჰუმანიტარული მოქმედებები და ლიდერების შეხვედრისთვის მზადება. თუკი რუსეთი სერიოზულად ეკიდება ომის დასრულებას, ის ამ საკითხებზე წინ წაიწევს. თუ არა, ამას უნდა მოჰყვეს საერთაშორისო სანქციები”.

მადლობა ყველას, ვინც გვერდში გვიდგას”.

ორშაბათის მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციამ რუსეთის მხარეს შესთავაზე სამხედრო ტყვეების მორიგი გაცვლა არა რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი პრინციპით:

„შევთანხმდით „ყველა-ყველაზე“ გაცვლაზე, მძიმედ დაჭრილებისა და მძიმე ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების. მეორე კატეგორია - ახალგაზრდა ჯარისკაცები, 18-დან 25 წლამდე, „ყველა-ყველაზე“. აგრეთვე შევთანხმდით 6000-6000 დაღუპულის ცხედრის გაცვლაზე“.

2 ივნისის ბრიფინგზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერჰიი კისლიციამ განაცხადა, რომ რუსეთის დელეგაციისგან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია უკრაინელების შეკითხვას - მზად არის თუ არა მოსკოვი ცოტა ხნით ადრე უკრაინის მიერ წერილობით გადაცემულ შეთავაზებებზე რეაგირებისთვის:

“გესმით, რომ ჩვენ არ შეგვიძლია რუსეთის წინადადებებზე რეაგირება, ვინაიდან ისინი საკუთრივ შეხვედრაზე გადმოგვეცა, შესაბამისად, თავად რუსების შემოთავაზება იყო, რომ მათ სერიოზულად უნდა გავეცნოთ.

ამის მიუხედავად, მოვახერხეთ ჩვენი საუბრის იმგვარად კონსტრუირება, რომ გვქონდეს ხელშესახები ჰუმანიტარული შედეგები, თუკი ექსპერტები ორივე მხარეს გულდასმით მიჰყვებიან ორი დელეგაციის ხელმძღვანელებს შორის შეთანხმებებს“.

კისლიციამ აღნიშნა, რომ 2 ივნისის მოლაპარაკებების დროს რუსეთის მხარე კვლავაც განაგრძობდა უპირობო ცეცხლის შეწყვეტის იდეის უარყოფას - „იმ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა, რომელიც თავად აშშ-ის პრეზიდენტის მიერ იყო შემოთავაზებული ცოტა ხნით ადრე“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაიხსენა სტამბოლის 16 მაისის მოლაპარაკებები და ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მონაწილეობის გარეშე უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება:

„მსურს შეგახსენოთ, რომ რუსეთის დელეგაციამ წინა შეხვედრაზე უარი განაცხადა აშშ-ის დელეგაციის დასწრებაზე, რაც ძალიან სამწუხაროა იმ განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელსაც აშშ ასრულებს - როგორც ქვეყანა, როგორც უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პროვაიდერი.

ვერ ვილაპარაკებთ გრძელვადიან უსაფრთხოებაზე ევროპაში, რომელსაც ეკუთვნის უკრაინა, აშშ-ისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მნიშვნელოვანი მონაწილეობის გარეშე.

ამასთან, როცა მივაღწევთ ცეცხლის შეწყვეტისა თუ სამშვიდობო შეთანხმების წერტილს - რის მიღწევასაც შევძლებთ, ჩვენ დაგვჭირდება ის, ვინც შემძლეა, აქვს უნარი და საკმარისად აღჭურვილია, რომ მონიტორინგი გაუწიოს ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო შეთანხმებას. როგორც ჩანს, ეს იქნება აშშ, რომელსაც გააჩნია შესაძლებლობები მონიტორინგი გაუწიოს შეთანხმებას”.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლექსანდრ ბევზმა ილაპარაკა უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საკითხზე, რომელიც, მისი განმარტებით, გაცვლის საგანი კი არ უნდა იყოს, ისინი აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სახლებში:

„უკრაინამ რუსეთის მხარეს გადასცა დასაბრუნებელი ბავშვების სია და ნება მომეცით, განვაცხადო, რომ ბავშვები და სამოქალაქო პირები არ შეიძლება იქცნენ გაცვლის საგნად, რადგან ჟენევის კონვენციებისა და საერთაშორისო პრაქტიკის თანახმად, ეს ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ, ისინი უნდა დაბრუნდნენ. ასე რომ, დღეს უკრაინამ გადასცა ძალიან ვრცელი სია უკრაინელი ბავშვების, ყველა დეტალით, ყველა სახელით, მათი იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ყველა მონაცემით. ჩვენ ვიცით, სად არიან ეს ბავშვები და ჩვენ ვითხოვთ რუსეთისგან შეასრულონ საერთაშორისო ვალდებულებები და დააბრუნონ ეს ბავშვები უკრაინაში“.

2 ივნისს სტამბოლში გაიმართა უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრის რუსტემ უმეროვი, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ვლადიმირ პუტინის მრჩეველი ვლადიმირ მედინსკი. მოლაპარაკებები საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა 16 მაისს სტამბოლში. პირველი რაუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი იყო სამხედრო ტყვეების გაცვლა, პრინციპით 1000-1000-ზე.

სრულად წაკითხვა