'ფანტასტიკური იყო' - მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი გოლდენ სტეიტთან

1 month ago 26
  • სან ანტონიო 113:117 გოლდენ სტეიტი
  • ქართველმა კალათბურთელმა სეზონში საუკეთესო მატჩი ჩაატარა

24 წლის ქართველ კალათბურთელს სანდრო მამუკელაშვილს ნბა-ს მიმდინარე სეზონში საუკეთესო მატჩი ჰქონდა.

სან ანტონიო სპურსის მძიმე ფორვარდმა სეზონში პირველად მიიღო 25 წუთი სათამაშო დრო და ორმაგი დუბლის დაფიქსირებაც მოახერხა.

ტექსასელებმა შინაურ კედლებში მრისხანე გოლდენ სტეიტ უორიორსთან ბოლომდე იბრძოლეს და 113:117 წააგეს, მამუკელაშვილმა კი 10 ქულა, 11 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

სანდრომ 5-დან 4 ორქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა და პასივში თითო დაკარგვა და პერსონალური ფოლი ჰქონდა.

იმ დროში, როდესაც ქართველი ლეგიონერი მოედანზე იყო, სან ანტონიომ მეტოქეზე 3 ქულით მეტი ჩააგდო და ეს მასპინძელთა რიგებში მეორე მაჩვენებელი იყო. უკეთესი (+9) მხოლოდ ზაკ კოლინსს ჰქონდა, რომელმაც 13 ქულას 8 მოხსნა წაამატა.

სანდრო მამუკელაშვილი კრის პოლის წინააღმდეგ

სპურსმა ტრავმირებული დევინ ვასელის, კელდონ ჯონსონის, ჯერემი სოჩანისა და დომინიკ ბარლოუს გარეშე ითამაშა და მამუკელაშვილს გაზრდილი სათამაშო დროც ამით იყო განპირობებული. მამუმ ეს შანსი კარგაფ გამოიყენა და მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩიც კმაყოფილი დატოვა.

“მამუკელაშვილი, ოსმანი (18 ქულა ჩააგდო, - რედ) და კოლინსი ფანტასტიკურები იყვნენ. ამის შესახებ უკვე მათაც ვუთხარი. დიდებული იყო, რომ არაერთი კომბინაცია გვქონდა ბიჭებთან ერთად, რომლებსაც ბევრი თამაში არ უწევთ. მათ დიდი გზა გაიარეს სეზონის სტარტიდან, რათა აქამდე მოსულიყვნენ და ასეთი თამაში ეჩვენებინათ”.

აღსანიშნავია, რომ სპურსი დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით გავიდა, თუმცა, მე-3 მეოთხედი 21:37 წააგო და ეს გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა.

გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა სტეფ კარიმ, რომელმაც 33 ქულას 8 პასი წაამატა, დრეიმონდ გრინმა კი ახალგაზრდობა გაისხენა და 21 ქულა, 6 მოხსნა, 11 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. დრაფტის პირველმა ნომერმა ვიქტორ ვემბანიამამ სან ანტონიოს 32 ქულა, 9 მოხსნა, 5 პასი, 4 ჩაჭრა და 3 დაფარება შესძინა.

სპურსმა 18 მოგების წილ 57-ე მატჩი წააგო (ბოლო ადგილი დასავლეთ კონფერენციაში) და არაა გამორიცხული ისტორიული ანტიტეკორდი დაამყაროს. პოპოვიჩის გუნდს ყველაზე ცუდი სეზონი 1996-97 წლებში ჰქონდა, როდესაც მხოლოდ 20 შეხვედრა მოიგო. ტექსასელებს სეზონის ბოლომდე 7 თამაში დარჩაღ ჩასატარებელი, რომელთაგან უახლოესს 3 აპრილს დენვერ ნაგეთსთან ჩაატარებენ. 

სრულად წაკითხვა