„ფაქტჩეკერების ქსელი“: ვგმობთ საქართველოში ფაქტების გადამმოწმებლების დევნას

3 weeks ago 3

„ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“ (IFCN) გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს - „ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე დამოუკიდებელი ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების მიზანში ამოღებას“.

26 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში IFCN-ი „მკაცრად გმობს“ საქართველოს ხელისუფლების ზეწოლას დამოუკიდებელ „ფაქტჩეკერებზე“, - ანუ ამბების გადამმოწმებელ მკვლევრებსა და ორგანიზაციებზე, - და, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე.

ქსელი კონკრეტულად გამოყოფს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ „მედიის განვითარების ფონდის“, MDF-ის, წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს. MDF-ის პროექტია „მითების დეტექტორი“, რომელიც IFCN-ის პარტნიორია.

IFCN-ი დაფუძნდა 2015 წელს „პოინტერის ინსტიტუტის“ - აშშ-ში მდებარე ჟურნალისტიკის პრესტიჟული კვლევითი ორგანიზაციის - მიერ.

MDF-ი ერთ-ერთია იმ ექვს ორგანიზაციას შორის, რომლებმაც ორჯერ მიიღეს ანტიკორუფციული ბიუროდან წერილი, რომლითაც სთხოვდნენ განმარტებას, რატომ არ დარეგისტრირდნენ ე.წ. აგენტებად.

  • 2025 წლის ივლის-აგვისტოში, - სადავო პარლამენტის მიერ არაერთი შემზღუდავი კანონის მიღების კვალდაკვალ, - ექვსმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიიღო წერილი ანტიკორუფციული ბიუროდან, რომელიც მათ ედავება „უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის დარღვევას.
  • „ასევე, გვემუქრებიან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით და გვთხოვენ განმარტებებს, თუ რატომ არ დავრეგისტრირდით აგენტებად“, - აღნიშნავდნენ ორგანიზაციები, რომლებიც უარს ამბობენ „აგენტის შეურაცხმყოფელი იარლიყის“ საკუთარი ნებით „მიკერებაზე“.

„როგორც IFCN-ის პრინციპების კოდექსის დიდი ხნის ხელმომწერები, „მითების დეტექტორი“ და „ფაქტჩეკ საქართველო“ [კვლევითი ორგანიზაცია GRASS-ის პროექტი] აკმაყოფილებენ გამჭვირვალობის, დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის გლობალურ სტანდარტებს“, - წერს დღევანდელ განცხადებაში „ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელი“.

„მათი მუშაობა უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ წვდომა გადამოწმებულ, სანდო ინფორმაციაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში. IFCN-ი ასევე ციტირებს MDF-ის დირექტორს, თამარ კინწურაშვილს, რომელმაც განაცხადა:

„ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობა, როგორიცაა მედიაწიგნიერების გავრცელება, FIMI-ის (უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის) წინააღმდეგ ბრძოლა და მედიის სანდოობის ხელშემწყობი სხვა ინიციატივები, რომლებიც დაფინანსებულია დასავლელი დონორების მიერ, ემსახურება საქართველოს მოქალაქეთა ინტერესებს და სრულ თანხვედრაშია კანონმდებლობასთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მიღებულ პოლიტიკის დოკუმენტებთან“.

„IFCN გმობს ამ თავდასხმებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ფაქტების შემმოწმებლებისა და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება. დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას უნდა შეეძლოს ფუნქციონირება რეპრესიების შიშის გარეშე“, - აცხადებს „ქსელი“.

  • „მედიის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელსა და დირექტორს, მედიის უფლებების დამცველ თამარ კინწურაშვილს 7 ივლისს გადასცეს გერმანული მედიაორგანიზაციის, „დოიჩე ველეს“ (DW) „სიტყვის თავისუფლების ჯილდო“.
  • დაჯილდოების ცერემონია გაიმართა „გლობალური მედიის ფორუმზე“, გერმანიის ქალაქ ბონში, სადაც DW-ის სათავო ოფისი მდებარეობს.
  • თამარ კინწურაშვილმა განაცხადა, რომ ჯილდის მიღება მისთვის და მისი გუნდისთვის - ჟურნალისტებისთვის, დეზინფორმაციის ექსპერტებისთვის და მკვლევრებისთვის - საპატიოა და ეს პატივი „ეკუთვნის თავისუფლებისთვის მებრძოლ ყველა ადამიანს საქართველოში“.

16 აგვისტოს სამოქალაქო საზოგადოების 34-მა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც სოლიდარობას უცხადებენ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც ანტიკორუფციული ბიურო ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევაში სდებს ბრალს.

მათი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე თავდასხმა ქვეყნის დემოკრატიის საფუძვლებზე შეტევაა.

„ვგმობთ ანტიკონსტიტუციურ თავდასხმებს თქვენ მიმართ და ვიზიარებთ, რომ თქვენი ბრძოლა ემსახურება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვისაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული მომავლის სჯერა“, - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების მიერ ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში.

სრულად წაკითხვა