'ფეხბურთი მთელ საქართველოს აერთიანებს' - ნაკრებმა მზადება დაიწყო

2 months ago 51
  • საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
  • გურამ კაშიამ და ლევან შენგელიამ კომენტარი გააკეთეს

საქართველოს ნაკრების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვირა დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდი საგურამოში არასრული შემადგენლობით შეიკრიბა, სადაც ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადება, რომელსაც ლუქსემბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.

გუნდმა დღეს პირველი ვარჯიში  21 ფეხბურთელის შემადგენლობით ჩაატარა, ხოლო გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გველესიანი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე და ხვიჩა კვარაცხელია საწვრთნელ პროცესს 19 მარტს შეუერთდებიან. შეკრების პირველ დღეს კომენტარი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმაც გააკეთეს.

გურამ კაშია: "ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის. იმედია, ამ მოკლე ხანში მომზადებას მოვასწრებთ და რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელად უნდა ვიყოთ და სრულყოფილი შემადგენლობით შევხვდეთ თამაშს. ერთმანეთი გვჭირდება ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა ერთად ვიქნებით, ფეხბურთი ხომ მთელ საქართველოს გვაერთიანებს. ვფიქრობ, საინტერესო 1 კვირა გველოდება. მინდა, მოვუწოდო გულშემატკივარს, როგორც ადრე, ახლაც ისე დაგვიჭირონ მხარი".

ლევან შენგელია: "შემართება უმაღლეს დონეზე გვაქვს. თითოეულმა ფეხბურთელმა ზუსტად ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს თამაშები. ასე რომ, მაქსიმალურად მზადყოფნაში ვართ, როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად. ნაკრებში პირველად რომ ვიყავი, ჯაბა კაპიტანი იყო და ზუსტად მახსოვს მისი ლიდერული თვისებები, რაც აქვს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება ძალიან გამოგვადგება და საუკეთესო გადაწყვეტილებაა".

ნაკრების შეკრების პირველი დღე
📸 | nakrebi.ge

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრებთა მატჩი 21 მარტს, "დინამო არენაზე" გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ვილი სანიოლის გუნდი ფინალში გავა, სადაც 26 მარტს, ისევ თბილისში, მეორე ნახევარფინალურ წყვილში, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი) ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).

მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), საბა საზონოვი (ტორინო), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (დონეცკის შახტარი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ჯაბა კანკავა (სლოვანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).

სრულად წაკითხვა