ფიგურული სრიალი | ქართულმა წყვილმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო

2 months ago 41

ქართულმა სპორტულმა წყვილმა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება მოახერხა.

მეტელკინა და ბერულავა ტაივანის დედაქალაქ ტაიპეი სიტიში მიმდინარე ტურნირის მთავარ ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და მოლოდინი გაამართლეს. ისინი მოკლე პროგრამის შემდეგ საგრძნობი უპირატესობით დაწინაურდნენ და მართალია, დღევანდელი გამოსვლისას თავი საუკეთესოდ არ წარმოუჩენიათ (10 კომპონენტიდან ოთხში შეცდომა დაუშვეს), ოქროს მედლები მაინც მათ დარჩათ.

ქართველმა მოციგურავეებმა თავისუფალ პროგრამაში მსაჯებისგან 107.79 ქულა (48.72 ტექნიკური ელემენტებისთვის + 60.07 პროგრამული კომპონენტებისთვის) დაიმსახურეს, რაც მათ პირად რეკორდს (131.63) საგრძნობლად ჩამორჩება, თუმცა, ჯამური შედეგი (179.32, როდესაც პირადი რეკორდი 202.11 ქულაა) პირველობისთვის სრულიად საკმარისი აღმოჩნდა.

ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილის გამოსვლა მსოფლიოს პირველობაზე

მეტელკინამა და ბერულავამ საგრძნობი უპირატესობით აჯობეს ამერიკულ წყვილს (ფლორესი-ვანგი), რომელსაც 166.89 ქულა მოუგროვდა, ბრინჯაოს მედლები კი ასევე აშშ-ს წარმომადგენლებს – ვილიამსსა და ლეუერს ერგოთ 146.00 ქულით.

ცნობისთვის, ბერულავამ იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონობა უკვე მეორედ იზეიმა. კარიერაში პირველი ოქრო მან 2022 წელს მეწყვილე კარინა საფინასთან ერთად მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ თავისუფალი პროგრამა ელის ინგა გურგენიძეს, რომელსაც მოკლე პროგრამის შემდეგ მე-7 ადგილი უკავია, ასევე საქმეში ვიხილავთ მოცეკვავე წყვილს მარია ალიევასა და ეჰორ ბარშაკის შემადგენლობით.

სრულად წაკითხვა