„ქართული ოცნება“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აუქმებს

3 weeks ago 6

საქართველოში უქმდება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. რადიო თავისუფლებას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში უთხრეს, რომ შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ პარლამენტს.

საბჭო 2025 წლის 1 სექტებრიდან გაუქმდება:

„მის უფლებამოსილებას, საპარლამენტო მმართველობის მოდელის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა განახორციელებს“.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო საქართველოში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი დონის ორგანოა. საბჭოს ჰყავს მუდმივო და მოწვეული წევრები.

ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა მინისტრობიდან გადადგომამდე (28 მაისამდე), ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი იყო ვახტან გომელაური.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო 2019 წელს შეიქმნა. მანამდე კი არსებობდა ეროვნული უშიშროების საბჭო. უსაფრთხოების საბჭოსგან განსხვავებით უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედ წევრებს შორის იყო პრეზიდენტიც.

2016 წელს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ეროვნული სიტუაციური ოთახი. ის იყო ბრიტანული მოდელის მსგავსი, რომელიც მორგებული იყო ქართულ რეალობას.

„ჩვენ ვცხოვრობთ გამოწვევებით სავსე რეგიონში. გამოწვევები არის სხვადასხვაგვარი, რომელიც მომდინარეობს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპაციის თემებიდან, ასევე სხვადასხვა ბუნებრივი კატაკლიზმებიდან გამომდინარე, საფრთხეები, რომლებიც ასევე მრავლად არის ჩვენს რეგიონში. ასეთი ტიპის საფრთხეების გამკლავებას კარგი კოორდინაცია სჭირდება. კრიზისული სიტუაციების მართვის ოთახი, რომელიც დაინერგება საქართველოში, არის ბრიტანული მოდელი და იგი საშუალებას იძლევა სხავადასხვა უწყებებს შორის მაქსიმალური კოორდინაცია გვქონდეს, რათა მაქსიმალურად ეფექტურად გავუმკლავდეთ ასეთი ტიპის კრიზისულ სიტუაციებს“, - თქვა გიორგი კვირიაშვილმა სიტუაციური ოთახის გახსნის დროს.

სრულად წაკითხვა