ქორწინების, შობადობისა და გარდაცვალების რიცხოვნობა შემცირდა — საქსტატი

4 weeks ago 15

საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 2023 წელს 40 214 ბავშვი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით შემცირებულია.

მათ შორის 21 010 ბიჭია და 19 204 — გოგო.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს დაბადებულთა ყველაზე მეტი რიცხოვნობა თბილისში (13 697 ბავშვი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (226 ბავშვი).

ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი 33.6% შეადგინა, ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 26,6%-დან 27,5%-მდე გაიზარდა.

2023 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 26,5%-დან 24.6%-მდე შემცირდა; ასევე შემცირებულია 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69,6%-დან 69,4%-მდე. ზრდა შეინიშნება 40 წლის და უფროსი ასაკის დედებში — მათი წილი 4%-დან 6%-მდე გაიზარდა.

2023 წელს, დედის საშუალო ასაკი პირველი ბავშვის დაბადებისას 26.7 წლით განისაზღვრა.

გარდაცვალების სტატისტიკა

საქსტატის თანახმად, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 13%-ით შემცირდა და 42 756 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისში (12 229 კაცი) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (580 კაცი).

ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 8.2 პრომილე შეადგინა, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა — 9.5 პრომილე.

2023 წელს საქართველოში დაფიქსირდა უარყოფითი ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) და -2 542 ერთეულით განისაზღვრა. ამასთან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ყველა რეგიონში, გარდა თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონისა.

ქორწინება

2023 წელს რეგისტრირებულია 22 275 ქორწინება, რაც 14,5%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის შეადგენს 29,7 წელს, ხოლო მამაკაცებისთვის —32,1 წელს.

რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13 664 ერთეული შეადგინა, რაც 3,1%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

სრულად წაკითხვა