
3 ივნისიდან ქუთაისსა და ლიონს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-მა ლიონის სენტ-ეგზიუპერის აეროპორტის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა. ბორტზე 130 მგზავრი იმყოფებოდა.
ახალი მიმართულებით რეისები ქუთაისიდან კვირაში 2 სიხშირით, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება.
როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, ახალი მიმართულება საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობის შესაძლებლობას აფართოებს და საქართველოსა და საფრანგეთს შორის როგორც ეკონომიკური, ისე კულტურული კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებას უწყობს ხელს.
ახალი მიმართულება უზრუნველყოფს კომფორტულ მგზავრობას ქუთაისსა და საფრანგეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ-ეკონომიკურ ცენტრს შორის, ასევე, ეს სიახლე ქართველ ქომაგებს საშუალებას მისცემს, მარტივად, პირდაპირი რეისით ჩაფრინდნენ ლიონში ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბის, „ოლიმპიკისა“ და საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის საკლუბო მატჩებზე დასასწრებად, მათ შორის, უეფას პრესტიჟულ ტურნირზე – ევროპალიგაზე 2025-2026 წლების სეზონში (შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მოგებით „ოლიმპიკსაც“ დაეხმარა – მომავალ სეზონში ჟორჟ მიქაუტაძის გუნდი კონფერენსლიგის ნაცვლად უფრო პრესტიჟულ, ევროპალიგაზე ითამაშებს).
ლიონი უკვე საფრანგეთის მესამე ქალაქია პარიზისა და ნიცის შემდეგ, რომელიც საქართველოს პირდაპირი საჰაერო გზით უკავშირდება.
ამ ეტაპზე ავიაკომპანია Wizz Air-ი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან რეგულარულ რეისებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 14 ქვეყნის 24 მიმართულებით ასრულებს.
ნინო ხოშტარია