ქულა სან სიროზე - კვარაცხელიას ნაპოლიმ სერია A-ში ინტერი შეაჩერა

2 months ago 85
  • ინტერი 1:1 ნაპოლი | გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუში (81)
  • ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა მილანში მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა

იტალიის სერია A-ს 29-ე ტურის ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ინტერსა და ნაპოლის შორის შედგა.

ეს გუნდები შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშნენ, ამიტომაც, მთელი კონცენტრაცია უკვე სერია A-ზე აქვთ. ინტერი ჩემპიონობასთან ახლოსაა, ნაპოლისთვის ახლა თითოეული ქულა ოქროს ფასისაა.

"ნერაძურიმ" უკეთ ითამაშა, განსაკუთრებით პირველ ტაიმში აჯობა მეტოქეს და დამსახურებულადაც დაწინაურდა. 43-ე წუთზე ალესანდრო ბასტონის პასით მატეო დარმიანმა გაიტანა და მილანელებმა ტაიმი მოიგეს.

მეორე ნახევარში საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა, ნაპოლის უჭირდა შეტევაში მოქმედება და კარში პირველად 55-ე წუთზე დაარტყა, როცა ხვიჩა კვარაცხელიამ შორი მანძილიდან სცადა გატანა, მაგრამ იან ზომერი იოლად გაუმკლავდა. მაშინ, როდესაც თითქოს, მილანელებს გამარჯვებამდე საქმე ადვილად უნდა მიეყვანათ, ნაპოლიმ გაათანაბრა. 81-ე წუთზე კუთხურის შემდეგ ჟუან ჟეზუშმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კვარას ინტერის მცველები უყურადღებოდ არ ტოვებდნენ

ამგვარად, ნაპოლიმ მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა და სერია A-ში ინტერის 10-მატჩიანი მოგებების სერია დაასრულა. სიმონე ინძაგის გუნდი 76 ქულით ლიდერია და 14 ქულით უსწრებს მილანს. ნაპოლის 45 ქულა აქვს და მეშვიდე პოზიციაზეა, თუმცა, ოთხეულს უკვე 9 ქულით ჩამორჩა. ნეაპოლელები მომდევნო ტურში 30 მარტს, ბერგამოს ატალანტას უმასპინძლებენ, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს.

ხვიჩა კვარაცხელიას არ ჰქონია საუკეთესო თამაში. მას 1 დარტყმა ჰქონდა კარში. 6 დრიბლინგი (2 წარმატებული), 51 შეხება და 1 მნიშვნელოვანი, ხოლო პასი 92-ე წუთზე შეცვალეს. ქართველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 38 მატჩში 10 გოლი, 5 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში. ხვიჩა ახლა საქართველოს ნაკრებს თბილისში შეუერთდება.

ინტერი 1:1 ნაპოლი

გოლები: 1:0 დარმიანი (43), 1:1 ჟუან ჟეზუში (81)

სრულად წაკითხვა