ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე ოჯახებს დაუბრუნდა სამი ისრაელელი მძევალი

2 hours ago 2

ღაზაში 19 იანვარს ამოქმედებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფონზე პალესტინელები უმეტესად ნანგრევებად ქცეულ სახლებში ბრუნდებიან, ოჯახებს დაუბრუნდა ჰამასის მიერ გათავისუფლებული სამი ისრაელელი ქალი მძევალი.

თელ-ავივში ასობით ისრაელელი მოედანზე დადგმული ეკრანებით ადევნებდა თვალს მძევალთა გათავისუფლებას - კადრებს, რომლებიც ასახავდა აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული ჰამასის შეიარაღებული მებრძოლებით გარშემორტყმულ, წითელი ჯვრის კომიტეტის მანქანებში მსხდომ სამ ქალ მძევალს.

ამის შემდეგ ისრაელის არმიამ მალევე გამოაცხადა, რომ რომი გონენი, დორონ შტეინბრეხერი და ემილი დამარი დედებთან ერთად არიან, ისრაელის ტერიტორიაზე დანიშნულ ადგილას - იმ კიბუცთან და მუსიკალური ფესტივალის ადგილთან ახლოს, საიდანაც ისინი 2023 წლის 7 ოქტომბერს დაატყვევეს.

ისრაელის მიერ ოკუპირებულ დასავლეთის სანაპიროზე ავტობუსები ელოდნენ ისრაელის საპატიმროებიდან გათავისუფლებულ პალესტინელებს. ჰამასის განცხადებით, პირველი ჯგუფი, რომლებსაც ისრაელელი ტყვეების სანაცვლოდ გაათავისუფლებენ, მოიცავს 69 ქალს და 21 მოზარდ ბიჭს.

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა სამი საათის დაგვიანებით, რა დროსაც ისრაელის თვითმფრინავები და არტილერია განაგრძობდა ღაზის დაბომბვას. ბოლო წუთებში განხორციელებულ თავდასხმებს ემსხვერპლა 13 ადამიანი - იუწყება პალესტინელთა ჯანდაცვის უწყება.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამ შესაძლოა გზა გაუხსნას ღაზაში ომის დასრულებას. ომი დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასმა - რომელიც ამ პატარა ზომის სანაპირო ტერიტორიას აკონტროლებს - 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა იერიში. ისრაელის მონაცემებით, ამ დღეს დახოცეს 1200 ადამიანი და დაატყვევეს 250-ზე მეტი პირი.

მას მერე, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, ისრაელის ძალებმა ღაზაში იმსხვერპლეს 47 000-მდე პალესტინელი.

ომმა ასევე გაამწვავა კონფრონტაცია ისრაელსა და მის მეტოქე სახელმწიფოს, ირანს შორის - რომელიც მხარს უჭერს ჰამასს და რეგიონში მოქმედ, ისრაელისა და აშშ-ის მოწინააღმდეგე სხვა გასამხედროებულ დაჯგუფებებს.

სრულად წაკითხვა