ყველაფერი ბილეთების შესახებ - როგორ დავესწროთ ნაკრების თამაშებს გერმანიაში

1 month ago 26
  • მას შემდეგ, რაც საბერძნეთი დავამარცხეთ ახლა უკვე ევრო 2024-ის ბილეთებზე უნდა ვიფიქროთ
  • UEFA-მ მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა

ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში საბერძნეთის ნაკრების დამარცხებით ჩვენი ეროვნული გუნდი ისტორიაში პირველად ითამაშებს დიდ ტურნირზე - ევროპის ჩემპიონატზე!

UEFA-მ საკუთარ ვებგვერდზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვის შესახებ ინფორმაცია უკვე განათავსა.

“გილოცავ, საქართველო! - ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ბილეთების რეალიზაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოახდენს. ბილეთებზე დამატებითი დეტალები კი EURO2024.com/tickets-ზე გამოქვეყნდება."

გულშემატკივრებს ბილეთების შეძენა Viagogo.com-ზეც შეუძლიათ, სადაც საქართველოს ნაკრების მატჩზე დასასწრები ბილეთები უკვე იყიდება. აღნიშნულ პლატფორმაზე თურქეთთან მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასები ამ დროისთვის 1 000 ლარიდან იწყება, ჩეხეთთან თამაშის ბილეთების საწყისი ფასი ამ წუთისთვის 700 ლარია, ხოლო პორტუგალიასთან - 600 ლარი.

საქართველოს ნაკრებს და ქართველ ქომაგებს გერმანიაში უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ტურნირი გველოდება. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ გუნდს ისეთ საოცარ სტადიონებზე მოუწევს თამაში, როგორებიცაა დორტმუნდის “ვესტფალენშტადიონი”, ჰამბურგის “ფოლკსპარკშტადიონი” და გელზენკირხენის “არენა აუფ შალკე”.

რა უნდა იცოდეთ

სად გაიმართება მატჩები? 
🟠 მიუნხენში, ბერლინში, დორტმუნდში, დიუსელდორფში, ფრანკფურტში, გელზენკირხენში, ჰამბურგში, კიოლნში, ლაიპციგსა და შტუტგარტში.

რომელ საათზე დაიწყება მატჩები?
🟠 ევროპის ჩემპიონატის გახსნითი მატჩი 14 ივნისს მიუნხენში გაიმართება, ფინალი კი 14 ივლისს ბერლინშია დაგეგმილი. თამაშების დაწყების დროები გერმანიის დროით: 15:00, 18:00 და 21:00.

როდის დაიწყო ბილეთების გაყიდვა?
🟠 ბილეთების გაყიდვა 3 ოქტომბერს (გერმანიის ერთიანობის დღეს) დაიწყო და პირველი ეტაპი 26 ოქტომბრამდე გაგრძელდა. სამართლიანი პროცესისთვის ბილეთების ყიდვის უფლება ლატარიის პრინციპით განაწილდა. ერთ ადამიანს კი მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლო..

🟠 გარდა ამისა, წილისყრის დღის (2 დეკემბერი) შემდეგ, ბილეთების გაყიდვის მეორე ეტაპი დაიწყო. მას შემდეგ კი რაც ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები საბოლოოდ გაირკვა მათ დამატებით კვოტები მიიღეს. ასეთი ბილეთები შესაბამისი ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებმა, ან ოფიციალურმა ფან-კლუბებმა უნდა გაყიდონ.

🟠 საინტერესოა, რომ აპრილიდან უეფა გულშემატკივრებს ბილეთების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს. შეიქმნება პლატფორმა, სადაც ფანებს შეძენილი ბილეთების გაცვლა შეეძლებათ. ეს პროცესი იმისთვისაა საჭირო, რომ იმ გულშემატკივრებს, რომლებსაც ბილეთების შეძენისას არ ეცოდინებათ, რომელ თამაშზე მოხვდებიან, შეეძლოთ გადაცვლა.

🟠 ასევე, უშუალოდ ტურნირის დაწყების წინ, თუკი სტადიონებზე თავისუფალი ადგილები დარჩენილი იქნება, გულშემატკივრებს კიდევ ექნებათ ბოლო შანსი, ბილეთები შეიძინონ.

სულ რამდენი ბილეთი გაიყიდება?
🟠 საერთო ჯამში ევროპის ჩემპიონატზე 51 მატჩი გაიმართება და 2,7 მილიონი ბილეთია გასაყიდი. ბილეთების გაყიდვის პირველ ეტაპზე (3 ოქტომბრიდან) 1,2 მილიონი ბილეთი გამოვა გასაყიდად.

🟠 შშმ პირებისთვის ჯამში 42 000 ბილეთია გამოყოფილი. მათი მხლებლები სტადიონზე უფასოდ შევლენ.

🟠 ევროპის ჩემპიონატის მონაწილე 24 ქვეყნის ფედერაცია ჯამში 1 მილიონ ბილეთს მიიღებს.

🟠 დარჩენილი 500 000 ბილეთი მოიცავს VIP-ბილეთებს, სპონსორების ბილეთებს, პარტნიორების და ასევე ფედერაციების ბილეთებს.

რა ღირს ყველაზე იაფი ბილეთი?
🟠 ყველაზე იაფი კატეგორიაა ე.წ. “Fans-First” (კარის უკან) და მათი ფასი ჯგუფურ ეტაპზე 30 ევროდან იწყება. არის კიდევ სამი კატეგორია, რომელთა ბილეთების ფასები ჯგუფურ ეტაპზე 60, 150 და 200 ევროა. აღსანიშნავია, რომ ფასები ყველა სტადიონზე ერთნაირია. ბილეთები მხოლოდ დასაჯდომ ადგილებზე გაიყიდება (როგორც იცით, გერმანიის სტადიონებზე დასადგომი ადგილებიც არსებობს).

ბილეთების ფასები დეტალურად

Fans First ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 30 ევრო, გახსნის მატჩი - 50 ევრო, მერვედფინალი - 50 ევრო, მეოთხედფინალი - 60 ევრო, ნახევარფინალი - 80 ევრო, ფინალი - 95 ევრო.

მესამე კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 60 ევრო, გახსნის მატჩი - 195 ევრო, მერვედფინალი - 85 ევრო, მეოთხედფინალი - 100 ევრო, ნახევარფინალი - 195 ევრო, ფინალი - 300 ევრო.

მეორე კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 150 ევრო, გახსნის მატჩი - 400 ევრო, მერვედფინალი - 175 ევრო, მეოთხედფინალი - 200 ევრო, ნახევარფინალი - 400 ევრო, ფინალი - 600 ევრო.

პირველი კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 200 ევრო, გახსნის მატჩი - 600 ევრო, მერვედფინალი - 250 ევრო, მეოთხედფინალი - 300 ევრო, ნახევარფინალი - 600 ევრო, ფინალი - 1000 ევრო.

პრემიუმ კატეგორიის ბილეთები: ჯგუფური ეტაპი - 400 ევრო, გახსნის მატჩი - 900 ევრო, მერვედფინალი - 500 ევრო, მეოთხედფინალი - 700 ევრო, ნახევარფინალი - 900 ევრო, ფინალი - 2000 ევრო.

საინტერესოა, რომ უეფამ შეცვალა პოლიტიკა ევროპის წინა ჩემპიონატთან შედარებით. 2021 წელს ყველაზე იაფი, ე.წ. Fans-First-ბილეთები მხოლოდ მეოთხედფინალამდე იყიდებოდა. იმ ტურნირზე ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 295 ევრო ღირდა, ახლა კი პირველ ეტაპზე მხოლოდ 95 ევრო ეღირება.

რა შედის ბილეთში?
🟠 ბილეთის მფლობელს შეუძლია, კონკრეტულ თამაშზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მივიდეს/წამოვიდეს - თამაშის გარშემო 36 საათის განმავლობაში. ბილეთის მფლობელს ასევე ფასდაკლება ექნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტზეც - მაგალითად, სწრაფმავალი მატარებლის, ICE-ს ბილეთებს (მეორე კლასი) 30 ევროზე იაფად შეიძენს.

სრულად წაკითხვა