შოთა არველაძე: გამარჯვებულ საქართველოში ვიღვიძებთ

1 month ago 31
  • შოთა არველაძე საქართველოს ნაკრებისა და ევრო 2024-ზე წერს
  • მისი თქმით, საქართველოში ყოველი დილა ამაზე ფიქრით დაიწყება

ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ სოციალურ ქსელში ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გასვლასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა.

"რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძვნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩამდე, ყოველი დილა და ღამე იმის ფიქრით დაიწყება და დამთავრდება, როგორი იქნება ჩვენი პირველი მოგზაურობა, ემოციები და დიდი საფეხბურთო ფორუმი, საყვარელ გუნდთან ერთად. ეს გამარჯვება მხოლოდ მოგონებად და ლამაზ თარიღად არ უნდა დარჩეს. ვფიქრობ, ეს მომენტი ყველამ უნდა გამოვიყენოთ, გადავაფასოთ მიმდინარე თუ წარსულში მომხდარი ამბები, 26 მარტი შემოტრიალების წერტილად უნდა მოვნიშნოთ, ყველგან და ყველასთან, სადაც რესურსი და სურვილია, ეს ენერგია ერთობისკენ მივმართოთ. გუნდთან ერთად, მინდა კობის და იაშკას პირადად მივულოცო ეს წარმატება. ვიცი, რამდენს ნიშნავდა მათთვის ფინალი, ეს პერიოდი და მთელი ის გზა, რომელიც ამ წარმატებამდე გაიარეს.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი თაობა, მოზარდები, მომავალი ფეხბურთელები უკვე გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებენ. ისტორიები, რომელსაც ისმენდნენ აღარ დაუკავშირდება მხოლოდ წარსულს და უკვე ჰყავთ ამ ამბის შემოქმედი, მისაბაძი ფეხბურთელები და გუნდი, ვის მაგალითზეც ხვალ გაიზრდებიან.  ახალი კვირა, ახალი თვე და 74 დღე ევროპის ჩემპიონატამდე! მე ვარ საქართველო", - დაწერა სოციალურ ქსელში არველაძემ.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში ითამაშებს, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდის მეტოქეები თურქეთის (18 ივნისი), ჩეხეთის (22 ივნისი) და პორტუგალიის ნაკრებები (26 ივნისი) იქნებიან. ევრო 2024 გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

სრულად წაკითხვა