შოთა არველაძე: პირველივე თამაშმა მოლოდინს გადააჭარბა, ეს პროექტი უნდა გაგრძელდეს

2 months ago 31
  • შოთა არველაძე ბათუმში გამართულ ლეგენდების მატჩს გამოეხმაურა
  • საქართველოს ნაკრების ბომბარდირმა ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა

შოთა არველაძე 7 მარტს ბათუმში გამართულ მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც საქართველოს ნაკრების ლეგენდები (GEO11) მილანის ინტერის ლეგენდებს (Inter Forever) შეხვდნენ. ეროვნული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში მატჩის ორგანიზატორებს მადლობას უხდის და წერს, რომ პროექტი Legend Series აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

GEO11 მილანის ინტერის ლეგენდებთან მატჩის წინ

"ლეგენდების სერიის პირველმა მატჩმა მოლოდინს გადააჭარბა და წვიმიანი ამინდის მიუხედავად, შესანიშნავად ჩაიარა. თავიდანვე ვამბობდით – რატომ არ შეიძლება საქართველოშიც გავაკეთოთ ის, რის ყურებასაც უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში ვართ მიჩვეული? ვფიქრობ, პირველივე ჯერზე, მატჩი იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე თუნდაც ბევრ ევროპულ ქვეყანაში, სადაც თავადაც მითამაშია.

ბათუმმა ორივე გუნდს და გულშემატკივარს შესანიშნავად უმასპინძლა. სტადიონი ულამაზესია და სავსე ტრიბუნებმა ეს მატჩი კიდევ უფრო დაამშვენა. ასევე, მნიშვნელოვანია რომ მეტ-ნაკლებად ყველა ფეხბურთელმა მოახერხა ჩამოსვლა და თამაში. შესანიშნავი იყო ინტერის შემადგენლობა ხავიერ ძანეტის და ლუიშ ფიგუს ლიდერობით. ძალიან საამაყოა, რომ ეს პროექტი ასეთი დიდებული გუნდის და ფეხბურთელების მონაწილეობით გაიხსნა. დარწმუნებული ვარ, წინ არაერთი საინტერესო თამაში და ვარსკვლავური გუნდი გველოდება. 

მადლობა გულშემატკივარს, მედიას და ყველა ადამიანს, ვინც ამ პროექტით დაინტერესდა. მადლობა გენერალურ სპონსორ "ევროპაბეთს", პარტნიორებს და ყველა იმ კომპანიას, რომელმაც მატჩის გარდა, რამდენიმე თვე ამ პროექტზე მუშაობას დაუთმო და საკუთარი ბრენდი Legend Series-ს დაუკავშირა. ფეხბურთელებმა დიდი სიამოვნება მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, ასეა გულშემატკივრის შემთხვევაშიც".

შეგახსენებთ, რომ 7 მარტს ბათუმში გამართულ შეხვედრაში ინტერის ლეგენდებმა შეუდარებელი ლუიშ ფიგუს დუბლის წყალობით, 2:0 იმარჯვეს. სამომავლოდ, Legend Series ეგიდით, საქართველოში სხვა ევროპული გრანდების ვარსკვლავური შემადგენლობების ჩამოყვანაც იგეგმება.

სრულად წაკითხვა