ცოლზე ძალადობის ბრალდებით პენიტენციურის უფროსი ინსპექტორი დააკავეს

4 weeks ago 18

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ძალადობის, მუქარისა და იძულების ბრალდებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ინსპექტორი პ.გ. დააკავა.

გამოძიების თანახმად, „2023 წლის ოქტომბრის თვეში, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, პ.გ.-მ, ზესტაფონში სამსახურში მიაკითხა მეუღლეს, ჩაისვა ავტომანქანაში და ეჭვიანობის ნიადაგზე ფიზიკურად იძალადა. აღნიშნულის შემდეგ იგი დაზარალებულს ავტომანქანის დაწვით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. იმავე დღეს, სახლში დაბრუნებისას, პ.გ-მ, მეუღლის ნების საწინააღმდეგოდ, თითქოსდა მისი დამშვიდების მიზნით, ფიზიკური ძალის გამოყენებით, რამდენიმე აბი წამალი დაალევინა.“

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მეუღლეზე არასრულწოვნის თანდასწრებითაც ძალადობდა.

სამართალდამცავს ბრალდება 48 საათში წარედგინება. დანაშაული 3-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს.

სრულად წაკითხვა