'ძალიან მიხარია მისი გოლები' - ლასლო ბოლონი გიორგი მიქაუტაძეზე

2 months ago 34

ლიგა 1-ის 25-ე ტურში მეცმა გიორგი მიქაუტაძის გოლით კლერმონი 1:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ ძალიან გახარებული იყო ფრანგული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლასლო ბოლონი, რომელმაც ქართველ ფეხბურთელზეც ისაუბრა.

"ძალიან მახარებს გიორგი მიქაუტაძის ეფექტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ისევ პენალტით გაიტანა. თავდამსხმელისთვის გოლი ძალიან მნიშვნელოვანია. მომეწონებოდა, მას უფრო მეტი მომენტი რომ ჰქონდეს, ალბათ, ჯერ არ არის ფიზიკურად საუკეთესო კონდიციაში. იგივე ეხება დიდიე ლამკელ ზესაც, რომელმაც ამ კვირაში ვერ ივარჯიშა. მომეწონა ლამინე კამარას და ალექსანდერ უკიჯას თამაში, განსაკუთრებით გახარებული კი იმით ვარ, რომ როგორც იქნა შინ მოვიგეთ", - აღნიშნა ბოლონიმ.

გიორგის გადამწყვეტი პენალტი კლერმონთან

რუმინელმა სპეციალისტმა თამაშიც შეაფასა და აღიარა, რომ მისმა გუნდმა კარგად ვერ ითამაშა. თუმცა, ახლა მთავარი გამარჯვების მოპოვება იყო:

"ამ მატჩისთვის შვება შესაბამისი სიტყვაა. დიდი ხანია ვცდილობდით ზედიზედ ორი თამაშის მოგებას. იმედია, ეს მოგვცემს მეტ სითამამეს და თავდაჯერებას, მაგრამ დღევანდელი თამაში მძიმე იყო. ხარისხი არ იყო კარგი, მაგრამ ორი გუნდი ვნახეთ, რომლებიც ბოლომდე იბრძოდნენ. შინ უკეთესი თამაშებიც გვქონია, მაგრამ ქულა ვერ მოვიპოვეთ, ამჯერად კი, პირიქით მოხდა. დადებითია ისიც, რომ გოლი არ გავუშვით", - თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ მეცმა მიმდინარე სეზონში ზედიზედ 2 თამაში პირველად მოიგო, რის შედეგადაც 23 ქულა დააგროვა და მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში დაპირისპირება კი 17 მარტს, სტუმრად რეიმსთან მოუწევს.

გიორგი მიქაუტაძემ გოლი ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა, მთლიანობაში მას ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 ჩატარებულ მატჩში 5 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს.

სრულად წაკითხვა