წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია - ია დარახველიძე, 4 ოქტომბრის საქმის ბრალდებული

2 hours ago 4

4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებული ია დარახველიძე მისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, რომ „ეს დღე უმძიმესია ჩემთვის“. ის საქართველოში არ იმყოფება, შესაბამისად დაპატიმრებული არ არის.

„მე კარგად ვარ! ჩემზე არ ინერვიულოთ!.. მე წავედი იმ ქვეყანაში, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია.

ვიცი, ჩემი ციხეში ჩაჯდომა არავის გაგიხარდებოდათ და კიდევ ერთი ტკივილი და საზრუნავი იქნებოდა თქვენთვის, ამ ისედაც პრობლემებით სავსე საქართველოში არ მინდა, ჩემზე ნერვიულობაც დაგმატებოდათ. ისედაც ძალიან ბევრი პოლიტპატიმარი გვყავს და არავის ვუსურვებ იმ მდგომარეობაში აღმოჩენას, რომელშიც ისინი არიან“, - წერს დარახველიძე.

დღეს, 19 ივნისს, მორიგი განაჩენი გამოცხადდა 4 ოქტომბრის საქმეზე და ია დარახველიძესთან ერთად კიდევ ექვს პირს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს - ევა შაშვიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას - საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.

კიდევ ერთს, ზაქრო ალბუთაშვილს დღეს საპროცესო შეთანხმება უნდა გაჰფორმებოდა 3-წლიანი პირობითი მსჯავრით, თუმცა მან ამაზე უარი თქვა და პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსის ელენე ხოშტარიას გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადა.

საქმეზე სხვა მსჯავრდადებულები

უფრო ადრე 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე ბრალდებულ პოლიტიკოსებსა და კიდევ ექვს ბრალდებულს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯა. გადაწყვეტილება, 2026 წლის 7 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა.

„4 ოქტომბრის საქმის“ ამ ჯგუფში ბრალდებულები იყვნენ:

  • პაატა ბურჭულაძე, საოპერო მომღერალი და პოლიტიკოსი - მიუსაჯეს 7 წლით პატიმრობა;
  • პოლიტიკოსები: მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე - 7-7 წლით პატიმრობა;
  • თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე - 7 წლით პატიმრობა;
  • თორნიკე მჭედლიშვილი, ნიკა გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია - 5-5 წლით პატიმრობა.
  • ირაკლი შაიშმელაშვილი, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი - 2 წლით პატიმრობა; მას პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯეს - იმყოფება აშშ-ში.
  • სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
  • ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
სრულად წაკითხვა