ხელისუფლებამ შეინარჩუნა მშვიდობა, ამას უდიდესი გავლენა აქვს სპორტზეც – კალაძე

4 weeks ago 15

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო წლებში სპორტში მიღწეული წარმატებები საერთო ძალისხმევის შედეგია, მათ შორის, იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს.

თბილისის მერიის მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, კახა კალაძე გამოეხმაურა პარტია „ლელოს“ წევრ თაზო დათუნაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვება ფეხბურთელების დამსახურებაა და არა — ფეხბურთის ფედერაციის.

კახა კალაძემ მავნებლური უწოდა ამ განცხადებას და თქვა, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება საერთო ძალისხმევის შედეგია.

„აქედანაც კარგად ჩანს, თუ ვინ არიან ეს ადამიანები. დარწმუნებული ვარ, მათ ნამდვილად არ გაუხარდათ ეროვნული ნაკრების გამარჯვება და წინსვლა“, — განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ნაკრების წარმატება, რა თქმა უნდა, ფეხბურთელების დამსახურება, „თუმცა მხოლოდ ისინი ვერაფერს გააკეთებდნენ, ერთიანი გუნდი რომ არ იყოს“.

„ფეხბურთში მთელი ჩემი ცხოვრება მაქვს გატარებული და ძალიან კარგად ვიცი, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფეხბურთელმა, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში, იფიქროს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, როგორ ითამაშოს საუკეთესოდ მინდორზე. მთლიანად ხელისუფლება და ზოგადად ფედერაცია არის ერთ-ერთი ორგანო, რომელიც ამ ყველაფერს კურირებს.

ხელისუფლებამ ამ წლების განმავლობაში მოახერხა ის, რომ ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა. ამას უდიდესი გავლენა აქვს ყველაფერზე, მათ შორის სპორტზეც. ნახეთ, ბოლო წლებში სპორტში რამდენი გამარჯვება, წარმატება და მედალი გვაქვს. ეს იმ პოლიტიკის დამსახურებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ატარებს“, — განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ჩარტერული რეისით ჩამოაფრინა, რომ გუნდთან ერთად დროულად მომზადებულიყვნენ, ასეთ დამოკიდებულებებს კი შედეგი მოაქვს.

„ფედერაცია ყველა პირობას ქმნის ფეხბურთის ხელშეწყობისა და განვითარებისთვის — ინფრასტრუქტურის მოწყობა, ახალი მოედნები, ბავშვთა საფეხბურთო სკოლები და ა.შ. არ ვიცი საერთოდ ვინ არის ეს ადამიანი, რა შეხება აქვს ფეხბურთთან ან იცის თუ არა, რა არის ფეხბურთი. მინდა ვუთხრა მას, რომ ყველა ამ დეტალს მნიშვნელობა აქვს“, — დასძინა კალაძემ.

პირველად ისტორიაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევრო 2024 გერმანიაში ჩატარდება.

სრულად წაკითხვა