ხვიჩა კვარაცხელია: გოლს ვინ გაიტანს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მოვიგოთ

1 month ago 47

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალში 26 მარტს საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს.

უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის ვილი სანიოლის გუნდი საგურამოს ბაზაზე ემზადება. საწვრთნელ პროცესში ყველა ის ფეხბურთელი მონაწილეობდა, რომლებიც ფრანგმა სპეციალისტმა ამ შეკრებაზე გუნდში გამოიძახა.

კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამაც, რომელმაც დისკვალიფიკაცია მოიხადა, შესაბამისად, ფინალში ქართველი ვარსკვლავი თამაშს მოახერხებს.

ხვიჩა კვარაცხელია: "რა თქმა უნდა, დადებითი ემოციით ვხვდებით ამ თამაშს, იმიტომ რომ ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის თამაში გვიწევს, რაც ასევე პასუხისმგებლობაა. ვემზადებით, მოლოდინში ვართ, როცა მოვა მოედანზე გასვლის წამი და მაქსიმუმს გავაკეთებთ. ვფიქრობ, კარგ კონდიციაში ვარ, ნაკრებს ჩემს მაქსიმუმს დავახმარ და იმედი მაქვს, რომ გამარჯვებაში დავეხმარები. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარია, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. ძლიერი მოიგებს და იმედი მაქვს, რომ თამაშის დღეს ჩვენ ვიქნებით ძლიერი ნაკრები. მათ პატივს ვცემთ, ვიცით მათი სიძლიერე, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ვინმეს (მეტოქეს - რედ) უხარია ამდენი გულშემატკივრის წინაშე ფინალის საქართველოში თამაში".

ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრებები იქნებიან. ევრო 2024 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია), გიორგი ლორია (დინამო თბილისი) ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი).

მცველები: საბა კვერკველია (ალ ოხდუდი), საბა საზონოვი (ტორინო), გურამ კაშია (სლოვანი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი), ლაშა დვალი (აპოელ), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი), ლევან შენგელია (პანეტოლიკოსი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (დონეცკის შახტარი).

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (გრაცის შტურმი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა), ჯაბა კანკავა (სლოვანი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი).

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე), გიორგი ქვილითაია (აპოელ), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო).

სრულად წაკითხვა