ჯეფ შტრასერი: ვიცით, რა ელის ჩვენს ნაკრებს თბილისში და რა იქნება მთავარი

2 months ago 51
  • 📅 21 მარტი | 🏟 დინამო არენა | ⌚ 21:00 | ⚽ საქართველო V ლუქსემბურგი
  • ლუქსემბურგის ნაკრების ლეგენდას საქართველოსთან მატჩზე ვესაუბრეთ
  • ჯეფ შტრასერმა ამ თამაშის გარშემო დასმულ ყველა კითხვაზე გულახდილად გვიპასუხა

საქართველოსა და ლუქსემბურგის ნაკრები გუნდების ისტორიული მატჩის წინ, როცა ცნობილ ლუქსემბურგელ ფეხბურთელებზე დავფიქრდით, პირველი ჯეფ შტრასერი გაგვახსენდა.

90-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში მან ჯამში 7 წელი ითამაშა გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში - ჯერ ოტო რეჰაგელის კაიზერსლაუტერნში იყო (106 მატჩი, 8 გოლი, 14 საგოლე პასი), მერე კი მიონხენგლადბახის ბორუსიაში (122 მატჩი, 3 გოლი, 1 საგოლე პასი).

1999 წელი, კაიზერსლაუტერნის მთავარი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი და
გუნდის ახალწვეულები, სლობოდან კომლიენოვიჩი და ჯეფ შტრასერი

შტრასერი ძალიან საიმედო ცენტრალური მცველი გახლდათ და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეეძლო თამაში. ლუქსემბურგის ნაკრებში მას 98 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი. შტრასერი ლუქსემბურგის ნაკრების ლეგენდაა - მასზე მეტი მატჩი ნაკრებში მხოლოდ ორ ფეხბურთელს აქვს.

დღეს, 49 წლის შტრასერი ლუქსემბურგული კლუბის, პროგრეს ნიდერკორნის მთავარი მწვრთნელია, 2017/2018 წლებში კი კაიზერსლაუტერნსაც წვრთნიდა. სწორედ კლუბში მოგვცეს მისი ტელეფონის ნომერი და ჯეფ შტრასერმა საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ კითხვებზე გულახდილად გვიპასუხა.

europop: მადლობა, რომ ინტერვიუზე დაგვთანხმდით. კარგად გვახსოვს თქვენი თამაში - განსაკუთრებით კაიზერსლაუტერნსა და გლადბახში. როგორი განცდებით ელოდებით საქართველოს ნაკრებთან ნახევარფინალურ მატჩს?

ჯეფ შტრასერი: მიხარია, რომ ჩვენი გუნდი პლეი ოფშია და ასეთი თამაში ელოდება. ლუქსემბურგის ნაკრებმა ჩვეულებრივ საკვალიფიკაციო ეტაპზეც კარგად იბრძოლა და იქიდანაც ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი. მახსენდება სლოვაკეთთან მატჩში, რომელშიც მეტოქეს თამაშით ვაჯობეთ და ის მატჩი რომ მოგვეგო, შეიძლებოდა, ევრო 2024-ზე პირდაპირ გავსულიყავით. ახლა კი გვაქვს შესაძლებლობა, რომ ამ გზით მივაღწიოთ განსაკუთრებულ წარმატებას და გავიდეთ პლეი ოფის ფინალში, საიდანაც ევროპის ჩემპიონატი უკვე ერთ ნაბიჯში იქნება. ლუქსემბურგისთვის ეს საოცარი ამბავი იქნება. მოუთმენლად ველოდები საქართველოსთან მატჩს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ნაკრები თამაშს პოზიტიურად წარმართავს და ევროპის ჩემპიონატისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს.

europop: რამდენად ძლიერია სინამდვილეში ლუქსემბურგის ნაკრები? გაცილებით ძლიერია, ვიდრე თუნდაც 3-4 წლის წინ იყო?

შტრასერი: გუნდი ბოლო წლებში მართლაც მნიშვნელოვნად განვითარდა. ბევრი ფეხბურთელი იგივეა, მაგრამ მოთამაშეების უმეტესობა განვითარდა და გაძლიერდა. ცხადია, გამოცდილებაც მოემატათ და შესაბამისად, განვითარდა ნაკრებიც. ფეხბურთელები გაუმჯობესდნენ როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურადაც.

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ისიც ემატება, რომ როდესაც კარგ შედეგებს აღწევ, თავდაჯერებაც გემატება, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენი ნაკრები ახლა უფრო თავდაჯერებულიცაა. ცხადია, ამ გზაზე იყო დიდი დარტყმებიც - მაგალითად, დიდი ანგარიშით წაგებული მატჩები პორტუგალიასთან, მაგრამ ესეც ამ პროცესის ნაწილია. გუნდმა შეცდომებზე უნდა ისწავლოს. ლუქსემბურგის ნაკრები პორტუგალიას არც უნდა შევადაროთ - პორტუგალიელებს ხომ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ჰყავთ.

შტრასერი ახლა 'პროგრეს ნიდერკორნის' მწვრთნელია

საქართველოსთან პლეი ოფის ნახევარფინალში თამაში ჩვენმა გუნდმა ნამდვილად დაიმსახურა. დაიმსახურა იმით, რომ გარკვეულ ხარისხს მიაღწია. ვფიქრობ, რომ ჩვენი ფეხბურთელები ამ მატჩს თავდაჯერებით და რწმენით უნდა მიუდგნენ.

europop: ეროვნულ ნაკრებში თქვენ 98 მატჩი გაქვთ ჩატარებული, ლუქსემბურგის ლეგენდა ხართ. როცა ფეხბურთს თამაშობდით, ცხადია, თქვენც ოცნებობდით ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე მოხვედრაზე. არ ფიქრობთ ხოლმე, ნეტა ჩემ დროსაც ყოფილიყო ერთა ლიგაო? ეს შანსი ლუქსემბურგმა და საქართველომაც ხომ სწორედ ერთა ლიგაში ნაჩვენები შედეგებით მიიღეს…

შტრასერი: იცით, რაშია საქმე? მე რომ ვთამაშობდი, ნაკრებში თითქმის ერთადერთი პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავი. მერე რამდენიმე დაგვემატა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, პროფესიონალები მართლაც ცოტანი ვიყავით. 1995 წელს, შესარჩევში 10 ქულა ავიღეთ (2 თამაში მოუგეს მალტას, 1 ჩეხეთს და ფრე ითამაშეს ბელარუსთან - რედ). მაშინ ნაკრებში 4-5 პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავით. მოკლედ, მაშინ სხვა დრო იყო. ახლა კი ისეა, რომ თუ ლუქსემბურგის ნაკრების შემადგენლობას შეხედავთ, დაინახავთ, რომ მხოლოდ მეორე ან მესამე მეკარეები თამაშობენ ლუქსემბურგის ჩემპიონატში, დანარჩენები კი სხვა ქვეყნების ჩემპიონატებიდან არიან. ამიტომ, ადრინდელი ნაკრებთან შედარებით განსხვავება ძალიან დიდია.

'მაშინ ნაკრებში 4-5 პროფესიონალი ფეხბურთელი ვიყავით. სხვა დრო იყო.'

ცხადია, მეც ვისურვებდი, რომ ნაკრებთან ერთად მეტისთვის მიმეღწია, მაგრამ გულახდილად უნდა ითქვას, რომ იმ დროს ჩვენი გუნდის ხარისხი ამის საშუალებას არ იძლეოდა. ამიტომაც ორმაგად მიხარია, რომ დღეს ჩვენი გუნდი სხვა დონეზეა და ასეთი შანსი აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ლუქსემბურგის ნაკრებმა ამ პლეი ოფში თამაში დაიმსახურა. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ჩემთვის ქვეყნის პირველ გუნდში თამაში, ნაკრების ფორმის ჩაცმა ყოველთვის დიდი პატივი იყო - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მატჩის ჩატარება მართლაც ძალიან რთული იყო. ადვილი არ არის, როცა გუნდში ყოველთვის 100 პროცენტით იხარჯები, მაგრამ შედეგს ვერ აღწევ. ცხადია, იყო გამონაკლისები და მატჩებს ჩვენც ვიგებდით, მაგრამ იშვიათად, ვიდრე ახლა. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ წუწუნი და გლოვა საჭირო არ არის, რადგან ვინც მაშინ ნაკრებში ვთამაშობდით, მაქსიმუმს ვაკეთებდით და ბოლომდე ვიხარჯებოდით - უბრალოდ, ხარისხი არ გვყოფნიდა. შესაბამისად, არაფერს ვგლოვობთ. პირიქით, ვამაყობთ ჩვენი ყველა თამაშით ნაკრებში.

europop: საქართველოს ნაკრებზე რას გვეტყვით? 

შტრასერი: რომ გითხრათ, თქვენს გუნდს ძალიან კარგად ვიცნობ-მეთქი, არ იქნება მართალი. ვიცი რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებიც კარგ კლუბებში თამაშობენ და ისიც ვიცი, როგორ თამაშობენ. ცხადია, ყველაზე ცნობილი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელიც ნაპოლის ლიდერია და ევროპაში ფურორი მოახდინა. ვიცი, რომ ის ჩვენს წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რადგან დისკვალიფიცირებულია, ისევე, როგორც ლუქსემბურგის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი. ასე რომ, დანაკლისი ორივე გუნდს აქვს.

2017-2018 წლებში შტრასერი კაიზერსლაუტერნის მთავარი მწვრთნელი იყო

europop: თქვენი აზრით, ლუქსემბურგის ნაკრები დაცვით ფეხბურთს ითამაშებს?

შტრასერი: ეს კითხვა ლუქსემბურგის ნაკრების მწვრთნელს უნდა დაუსვათ… საქართველოს ნაკრებს რომ დავუბრუნდეთ, ყველაზე კარგად თქვენს მწვრთნელს ვიცნობ - ვილი სანიოლს, რომლის წინააღმდეგაც ბუნდესლიგაში ბევრჯერ მითამაშია. მოკლედ, ერთმანეთის წინააღმდეგ წარსდგება ორი გუნდი იმ ქვეყნებიდან, რომელთათვისაც ძალიან განსაკუთრებული რამ დევს სასწორზე. ამიტომაცაა ეს მატჩი ასეთი საინტერესო. რაც შეეხება ტაქტიკას, ისევ თქვენს კითხვას რომ მივუბრუნდე, ეს მწვრთნელის და სამწვრთნელო შტაბის გადასაწყვეტია. იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები სახლში თამაშობს და სტადიონზე 50 000 მაყურებელს ელოდებით, ეს შეიძლება უპირატესობაა, მაგრამ თუ თამაში ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდი, შესაძლოა, ეს უდიდეს წნეხად გადაიქცეს და შენს თამაშზე ნეგატიურად აისახოს.

'თუ თამაში ისე არ წავიდა, როგორც გეგმავდი, შესაძლოა, 50 000 მაყურებლის ფაქტორი წნეხად გადაიქცეს და შენს თამაშზე ნეგატიურად აისახოს'

ჩემი აზრით, ლუქსემბურგმა თავდაჯერებით უნდა ითამაშოს, პოზიტიური განწყობით. ჩვენი გუნდის ფეხბურთელებს უნდა ახსოვდეთ, რომ აქ მოხვედრა დაიმსახურეს და მოედანზე სიხარულით, აღტაცებით, წნეხის გარეშე უნდა გავიდნენ. მხოლოდ იმაზე უნდა იფიქრონ, რომ მაქსიმუმს გააკეთებენ. განწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. დანარჩენი უკვე მოედანზე გადაწყდება და შედეგი უკვე ტაქტიკურ ანალიზზე, მომზადებაზე და ა.შ. იქნება დამოკიდებული. საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე თამაშობს და თავიდანვე ეცდება, ინიციატივა აიღოს. ძალიან მაინტერესებს, როგორი თამაში წავა. ლუქსემბურგს შეუძლია, აგრესიული პრესინგითაც ითამაშოს, ოღონდ არ ვიცი, რამდენად გააკეთებენ ამას - გააჩნია, რას გადაწყვეტს მწვრთნელი.

მაშინდელი კაიზერსლაუტერნის ვარსკვლავური შემადგენლობა.
მარცხნიდან: ჯორკაეფი, ჰრისტოვი, ლოკვენცი, ბიელიცა, ბასლერი, რამზი, შტრასერი და კლოზე 

europop: საქართველოში ამ თამაშს მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელოდება. ლუქსემბურგშიც ასეა? ყველა ამ მატჩზე ლაპარაკობს?

შტრასერი: დიახ, ყველა! მართლაც ნებისმიერი ადამიანი ამ თამაშზე საუბრობს. ძალიან დიდი მოლოდინია. უკვე ვთქვი და კიდევ გავიმეორებ: ორივე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ორივეს აქვს შანსი, რაღაც განსაკუთრებულს მიაღწიოს. როცა ასეთი მოლოდინია, გუნდმა ესეც პოზიტიურად უნდა მიიღოს. როცა ამდენი ხალხი შემოგყურებს, ეს წნეხად არ უნდა იქცეს. ლუქსემბურგში ბევრ ადგილზე განთავსდება დიდი ეკრანები და გულშემატკივრები შეიკრიბებიან. საქართველოში ჩამოსასვლელად არც ისე ადვილი გზაა გასავლელი, ამიტომ, ბევრი ვერ ახერხებს ჩამოსვლას, თუმცა ფანების გარკვეული რაოდენობა მაინც ჩამოდის. როგორც გავიგე, 500-დან 1000-მდე ლუქსემბურგელი ქომაგი მოემგზავრება.

europop: თქვენ წლების მანძილზე ითამაშეთ ბუნდესლიგაში. გახსოვთ ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც მაშინ გერმანიაში ასპარეზობდნენ?

შტრასერი: რა თქმა უნდა, ვის არ ახსოვს ფრაიბურგელი “ვილები”? ცქიტიშვილი, იაშვილი, კობიაშვილი, რომელმაც მერე შალკეში და ჰერტაშიც დიდხანს ითამაშა. მახსოვს, რომ ყველანი წარმატებული ფეხბურთელები იყვნენ, მუდმივად თამაშობდნენ, კარგი ტექნიკა ჰქონდათ. მათ თავიანთი შესაძლებლობები წლების მანძილზე დაამტკიცეს ისეთ ლიგაში, როგორიც ბუნდესლიგაა.

ჯეფ შტრასერი ალექსანდრე იაშვილის წინააღმდეგ

დღესაც ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი გყავთ და ვფიქრობ, ტექნიკურობა ზოგადად გამოარჩევს ქართველ ფეხბურთელებს. დღეს, გერმანიაში ერთი ქართველი გყავთ, ზივზივაძე, რომელიც კარლსრუეშია. ასევე ვიცი კიდევ ერთი თქვენი თავდამსხმელი, მიქაუტაძე, რომელიც აქვე ჩვენთან ახლოს, მეცში თამაშობს, აიაქსიდან რომ დაბრუნდა. ასევე ვიცი ის მოთამაშეები, რომლებიც იტალიაში არიან და ისინიც, ბრატისლავის სლოვანში ლუქსემბურგელ ჟერსონ როდრიგესთან ერთად თამაშობენ - კანკავა და კაშია. მოკლედ, ლუქსემბურგში ვიცით, რაც ელოდება ჩვენს ნაკრებს.

ჯეფ შტრასერი და მარიო ბასლერი

europop: დაბოლოს: კაიზერსლაუტერნში თქვენი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი იყო. ახლა თვითონ ხართ მწვრთნელი. საინტერესოა, რა ისწავლეთ მისგან, რას იყენებთ პრაქტიკაში იმ ყველაფრიდან, რაც რეჰაგელმა გასწავლათ?

შტრასერი: როცა ოტო ჩემი მწვრთნელი იყო, უკვე ჰქონდა დიდი ავტორიტეტი. რეჰაგელი იმ მწვრთნელთა იმ თაობის წარმომადგენელია, რომლებიც ფეხბურთელში ჯერ ადამიანს ხედავდნენ და მოთამაშეებს შესაბამისად ექცეოდნენ, ადამიანური მიდგომა ჰქონდათ. ვგულისხმობ იმას, რომ კეთილგანწყობილი ხარ, მაგრამ ხანდახან, როცა საჭიროა, ძალიან მკაცრიც, მაგრამ რაც მთავარია, ყოველთვის სამართლიანი ხარ.

გლადბახში შტრასერს კაპიტნის სამკლაურის ბევრჯერ ეკეთა.
კადრი ბაიერნთან მატჩიდან - ლუსიოს და ბალაკის წინააღმდეგ, უკან სებასტიან დაისლერი

რეჰაგელი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სამართლიანი ყოფილიყო. მისგან ეს ავიღე და ამას ვცდილობ. თანამედროვე ფეხბურთი, რა თქმა უნდა, სხვანაირია - ახლა გაცილებით მეტი ვიდეო-ანალიზი არსებობს, ტაქტიკური ანალიზის გაცილებით მეტი შესაძლებლობებია. ამიტომ, თუ რამეს ვიყენებ იქიდან, რაც რეჰაგელის ხელში ვისწავლე, ფეხბურთელებისადმი ადამიანური მიდგომები და სამართლიანობაზე ზრუნვაა. ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა და საკუთარი გზა აქვს, მაგრამ როცა ფეხბურთი გითამაშია და ბევრი მწვრთნელი გყავდა, როცა თვითონ ხდები მწვრთნელი, ცხადია, უნდა გაიხსენო და გაითვალისწინო, თვითონ რა მოგწონდა და რა არ მოგწონდა შენს მწვრთნელებში და, რაც მთავარია, რატომ მოგწონდა ან რატომ არ მოგწონდა რაღაც.

europop: დიდი მადლობა, რომ დრო დაგვითმეთ და გულახდილად გვესაუბრეთ.

შტრასერი: არაფრის. მადლობა თქვენ, რომ გახსოვართ და დამიკავშირდით.

სრულად წაკითხვა