„ჯვაროსნული ლაშქრობა მედიის წინააღმდეგ“ - სენატორი შაჰინი ეხმაურება „ოცნების“ საჩივრებს ტელევიზიების წინააღმდეგ

1 day ago 3

შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის წევრი, დემოკრატიული პარტიის წევრი, „მეგობარი აქტის“ თანაავტორი ჯინ შაჰინი (ნიუ-ჰემპშირიდან) ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ტელევიზიების - „პირველის“, „ფორმულასა“ და „მთავარის“ - წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიაში შეტანილ საჩივარს.

„დამოუკიდებელი მედია ნებისმიერი დემოკრატიის ქვაკუთხედია. როდესაც „ქართული ოცნების“ (GD) მთავრობამ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა, ამან სერიოზული შეშფოთება გამოიწვია იმის შესახებ, რომ კანონი დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ იარაღად იქნებოდა გამოყენებული“, - წერს სენატორი შაჰინი 3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

„ახლა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში - ორგანოში, რომლის დამოუკიდებლობაც თავისთავად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას - ცხადია, რომ ეს მედიასაშუალებები არ შეფასდებიან ჟურნალისტური სტანდარტებით, არამედ პოლიტიკური მიზეზების გამო არიან მიზანში ამოღებულნი“, - წერს სენატორი.

სენატორი ჯინ შაჰინის შეფასებით, „ქართული ოცნება“ აწარმოებს „ჯვაროსნულ ლაშქრობას სიმართლის წინააღმდეგ“, რაც წარმოადგენს „დემოკრატიაზე თავდასხმას“.

„სწორედ ამიტომ მოვუწოდე სენატს, მიიღოს ჩვენი ორპარტიული „MEGOBARI“ აქტი, რადგან ქართველი ხალხის მხარდაჭერა ნიშნავს „ქართული ოცნებისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრებას პრესის თავისუფლებასა და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე თავდასხმებისთვის“, - აცხადებს ჯინ შაჰინი.

ჯინ შაჰინი აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, სადაც, 27 მარტს, საქართველოსთან დაკავშირებულ ორპარტიული კანონპროექტი - „მეგობარი აქტი“ [MEGOBARI] დაამტკიცეს. დარჩენილია კენჭისყრა სენატის სრული შემადგენლობის მიერ. აქტი 5 მაისს დაამტკიცა კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი, - რომლის მიღებასაც „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ გავლენას უკავშირებენ, - არის „მტრული აქტი“ საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს სადავო პარლამენტმა 14 მაისს „MEGOBARI აქტზე“ საპასუხო განცხადებაც შეიმუშავა.

ამასთან, „ქართული ოცნების“ ლიდერები სენატორ შაჰინს ასევე უწოდებენ „მიხეილ სააკაშვილის მეგობარს“.

2025 წლის 2 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას საჩივრებით მიმართა სამი ტელეკომპანიის - „პირველის“, „ფორმულისა“ და „მთავარი არხის“ - წინააღმდეგ და მათი სამართალდამრღვევად ცნობა მოითხოვა.

კომუნიკაციების კომისია, კანონის თანახმად, არის დამოუკიდებელი უწყება. მას 2017 წლიდან ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ ყოფილი დირექტორი კახა ბექაური ხელმძღვანელობს.

„მედიის ადვოკატირების კოალიცია“ აცხადებს, რომ „ოცნების“ საჩივარს განიხილავს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, „რომლის თავმჯდომარე, დასანქცირებული კახა ბექაური, უკვე შეყვანილია იმ სიაში, რომელშიც ჩამოთვლილი პირების სანქცირების რეკომენდაციასაც, ძალადობრივი რეჟიმის მხარდაჭერისთვის, იძლევა ევროპარლამენტის რეზოლუცია“.

სრულად წაკითხვა