ბიძინა ივანიშვილის ტელეინტერვიუ არჩევნების წინ

11 hours ago 3

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე ტელეკომპანია „იმედს“ ინტერვიუ მისცა და რიგი საკითხები მიმოიხილა. 1.5 საათიანი ინტერვიუ განიხილება როგორც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მცდელობა, უშუალოდ ესაუბროს მმართველი პარტიის ამომრჩევლებს და მათი მობილიზება მოახდინოს.

ივანიშვილმა ვრცლად ისაუბრა გლობალური ომის პარტიის განზრახვაზე, რომ საქართველოში „მეორე ფრონტი“ გახსნას, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მის წინააღმდეგ „დე ფაქტო სანქციებზე“. მან დაგმო ლიბერალური იდეოლოგია და ოპოზიცია, და განაცხადა, რომ დასავლეთთან ურთიერთობა უკრაინის ომის დასრულების შემდეგ აღდგება. სხვა საკითხებთან ერთად, ივანიშვილმა ოპოზიციის აკრძალვის აუცილებლობაზეც ისაუბრა.

ივანიშვილმა საუბარი წინასაარჩევნო გარემოს შეფასებით დაიწყო. „განსაკუთრებული გარემოა, შემიძლია ხაზი გავუსვა. განსაკუთრებით დაძაბულია, ასე ვერ ვიტყოდი“, – განაცხადა მან ეუთო/ოდირის შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც მან შეფასა როგორც „საკმაოდ პოზიტიური“.

”[დასავლეთის განცხადებები] შეიცავს შანტაჟს,” – განაგრძო ივანიშვილმა და გლობალური ომის პარტია ოპოზიციასთან კოორდინაციაში დაადანაშაულა. თუმცა, მისი თქმით, ამ განცხადებებმა არ იმუშავა, რადგან საზოგადოება უფრო გაღიზიანდა ამ განცხადებებით. რაც შეეხება აშშ-ის სანქციებს, მან იგივე გაიმეორა, რომ ამას კონტრეფექტი ჰქონდა ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს იყო შანტაჟი, რომელიც ეფუძნება არაობიექტურ ინფორმაციას. რაც შეეხება მის წინააღმდეგ შესაძლო პერსონალურ სანქციებს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ დასავლეთისგან შემდგომ ნაბიჯებს არ ელოდება.

შემდეგ მან ხელისუფლება და ბიუროკრატები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს წარმოადგენენ, „სამწუხარო რეალობის“ შექმნის მცდელობაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ეს ადამიანები ქართულ ოპოზიციასთან არიან კოორდინაციაში.

მან ასევე განაცხადა, რომ არჩევნების მეორე დღე არ არის გადამწყვეტი, არამედ ყოველი დღე, სანამ ომი არ დამთავრდება იქნება ძალიან დაძაბული. ივანიშვილმა ხაზი გაუსვა რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებას ქვეყნის ირგვლივ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ინტერვიუს განმავლობაში ივანიშვილმა რამდენჯერმე დაგმო ლიბერალური და „ფსევდო-ლიბერალური“ იდეოლოგია და აღნიშნა, რომ მისი მიზანია ხალხის შეცდომაში შეყვანა, მათი „ვირტუალურ რეალობაში“ დარწმუნება და „განსხვავებული აზრის ჩახშობაა“. ივანიშვილმა თქვა: „ეს განცხადებები, რაც ისმის, სწორედ ამ კონტექსტიდან არის ამოღებული, რომ საქართველო არის ავტორიტარული, რომ დემოკრატია საქართველოში იხევს უკან, რომ საქართველო შორდება ევროპას… ავიწყდებათ ერთი რამ, რომ საქართველოში არის რეალური დემოკრატია“, რაც, მისი თქმით, ევროპაშიც კი არ არის. ივანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი ვერ შეძლებენ საქართველოში ვირტუალური რეალობის შექმნას და დასძინა, რომ არჩევნების დღეს ქვეყანაში არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება.

საქართველოს წინაშე არსებული რისკები

ივანიშვილმა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტი გაიხსენა და დაადანაშაულა ნატოს „რეალუირი კოორდინატორები“ იმაში, რომ „მათ არ ჰქონდათ რეალურად სურვული უკრაინის და საქართველოს მიღების, ელემენტარული მიზეზის გამო“. მიზეზი, მისი თქმით, ის იყო, რომ„მათ იცოდნენ და თითქოსდა უკვე მაშინ დაგეგმეს „მეორე ფრონტის გახსნა“.

ივანიშვილმა უკრაინის ომზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო პირდაპირ არ არის ჩართული რუსეთის წინააღმდეგ ომში და მხოლოდ იარაღითა და ფულით ეხმარება. მისი თქმით, საქართველოს ომში ჩათრევა უკვე 2008 წელს იყო დაგეგმილი და ეს იყო მიზეზი იმისა, რომ საქართველო ნატოში არ მიიღეს. „ჩვენ კარგი რეპეტიცია გაგვატარა სააკაშვილმა ამ ფონზე და 2008-ში უკვე პირველ ომში ჩაგვრთო“, – განაცხადა მან.

ივანიშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომაც კი დაუკავშირა „მეორე ფრონტის“ ნარატივს და აღნიშნა, რომ მისი გადადგომა უკრაინაში ომის დაწყებას დაემთხვა და გაკეთდა ქართული ოცნების ხელისუფლების დასამხობად და ძალაუფლებაში იმ ძალების მოსასვლელად, რომელიც მაშინვე ომში ჩაითრევდა საქართველოს. მან ასევე განაცხადა, რომ ეს მცდელობები დღესაც გრძელდება და რომ ეს არის მთავარი მცდელობა, რომლის მიმართაც საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს.

გარდა ამისა, ივანიშვილმა ასევე ახსენა ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობა და საზოგადოებას შეახსენა, რომ ეს რეგიონიც საქართველოსთან ახლოსაა: „ეს არის ის დიდი საფრთხეები, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს და ჩვენ გვჭირდება უაღრესად დიდი სიფხიზლე, რომ რამე გადაცდომა არ დავუშვათ, თორემ, მივიღებთ უბედურებას, რომელიც შეიძლება, ვეღარასდროს გამოვასწოროთ“.

„დე ფაქტო“ სანქციები

აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის განცხადების კომენტირებისას, რომელმაც განაცხადა, რომ ივანიშვილი პრიორიტეტს ანიჭებს თავის ფინანსურ ინტერესებს, ვიდრე სახელმწიფოს, ივანიშვილმა ეს განცხადება უარყო და განმარტება გააკეთა იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ხდება მასზე „დე ფაქტო“ სანქციების დაკისრება.

მისი თქმით, უკრაინის ომიდან ორი კვირის შემდეგ, მისი უცხოური აქტივები დააყადაღეს, მათ შორის ხელოვნების ნიმუშები, ვერტმფრენი, რომლებიც, მისი თქმით, გერმანიიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ წამოიყვანა. მან ასევე განაცხადა, რომ გადარჩენილი აქტივები შვეიცარიის ბანკში გადაიტანა. შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან ფულადი პრობლემების შესახებ, სამართლებრივი პროცესი აღწერა და განცხადა, რომ მას თავის ფულზე წვდომა წელიწადნახევარი არ ქონდა. მისი თქმით, მისი გაჭიანურებული სამართლებრივი პროცესები და ფულზე შეზღუდული წვდომა მის წინააღმდეგ დასავლეთის კრიტიკულ განცხადებებს დაემთხვა.

მისი თქმით, ის უარს ამბობდა ამერიკულ მხარესთან შეხვედრაზე „კომპლექსის“ გამო. მან ასევე განაცხადა, რომ „კონტრპროდუქტიული“ იქნებოდა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა ან პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება, სანამ მისი წვდომა ფინანსებზე შეზღუდულია. ივანიშვილმა რამდენჯერმე ახსენა „კომპლექსი“: „შეხვედრების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, არც ადრე და არც დღეს, მაგას როგორ ვიკადრებ. განვუმარტე, რომ ჩემთან შეხვედრას არავითარი აზრი არ ექნება, კონტრპროდუქტიული იქნება, რამეთუ ვერცერთ გადაწყვეტილებაში მე ვერ მივიღებ მონაწილეობას. სასარგებლო რომ იყოს საქართველოსთვისაც, ევროპისთვისაც და ამერიკისთვისაც, მე მაინც ვიქნები კონტრპროდუქტიული, რამეთუ მაქვს კომპლექსი, რომ მე ამას ვაკეთებ იმ ფულის გულისთვის, რომელიც ხელოვნურად არის დაბლოკილი“. მან იქვე დასძინა, რომ თუ ხელოვნური სანქციები მოიხსნება, მაშინ იგი გათავისუფლდება ამ კომპლექსისგან. „მე სულ მექნება იმის კომპლექსი, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას ვღებულობ იმისთვის, რომ ჩემი თანხები იქნებ როგორმე დამიბრუნონ და არა ის, რომ ჩემს ქვეყანას რაღაც სიკეთე განუვითარდეს“.

ურთიერთობების გადატვირთვა

„ვფიქრობ, ყველაფრის პრობლემა და მიზეზი არის ომი“, – განაცხადა ივანიშვილმა კითხვაზე, თუ როგორ ხედავს საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას პარტნიორებთან. მისი თქმით, „ომმა გაამძაფრა ყველანაირი ურთიერთობები და შეცვალა, ზოგჯერ თავდაყირაც კი დააყენა ის, რაც გვქონდა“. მან იმედი გამოთქვა, რომ ომი რამდენიმე თვეში, „შეიძლება ამ წლის ბოლოსაც დასრულდეს“ და რომ ეს აისახება პარტნიორებთან ურთიერთობაზე.

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ახლა, როცა მისი ფინანსური პრობლემები აღარ არსებობს, არჩევნების შემდეგ გეგმავს აშშ-ის ელჩთან შეხვედრას, რაც მან ელჩს უკვე გადასცა.  მან აღნიშნა, რომ ელჩის რეაქცია იყო „ძალიან ჯანსაღი“ და იმედი გამოთქვა, რომ მას არჩევნების შემდეგ შეხვდება. ივანიშვილმა აღნიშნა, რომ აშშ-შიც მალე იქნება არჩევნები და დასძინა, რომ საქართველოსთვის ამერიკა ყოველთვის პრიორიტეტი იყო. მისი თქმით, გადატვირთვა რომ მოხდეს, საქართველოს დასჭირდება აშშ-ის საპასუხო ნაბიჯები.

მასალა განახლდება…

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა