ივანიშვილი: მართლმადიდებელი ეკლესიის როლი უნდა გაძლიერდეს

1 month ago 33

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ “საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის, საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება” იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია არჩევნებში კონსტიტუციურ უმრავლესობას მოიპოვებს. აღნიშნული განცხადება ივანიშვილმა დასავლეთ საქართველოს ქალაქ ოზურგეთში, პარტიის წინასარჩევნო რეგიონული ტურნეს ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

გასულ კვირას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებისგან ცნობილი გახდა, რომ მმართველმა პარტიამ საპატრიარქოს მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება შესთავაზა. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ, ეკლესიაზე სახელმწიფოს გავლენის შიშით, აღნიშნულ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ოზურგეთში გაკეთებულ მიმართვაში ივანიშვილმა არ თქვა, რომ “ქართული ოცნების” დაპირება მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაა. მან მხოლოდ განაცხადა, რომ საპატრიარქოსთან კონსულტაციები “წარმატებით დასრულდა”. მიუხედავად ამისა, ივანიშვილმა არ განმარტა, ზუსტად რა გადაწყდა მოლაპარაკებებით.

“იმისათვის, რომ მართლმადიდებლობისა და მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კონსტიტუციური სტატუსი კიდევ უფრო გამყარდეს და კონსტიტუციურმა ჩანაწერმა არსებული სინამდვილე უფრო ზუსტად ასახოს, საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის, საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება”, – განაცხადა ივანიშვილმა და დაამატა, რომ “აგრეთვე ხაზი გაესმება მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს როგორც საქართველოს ისტორიაში, ისე ჩვენი ქვეყნის თანამედროვეობაში”. ივანიშვილმა ასევე განაცხადა: “რა თქმა უნდა, საქართველოს კონსტიტუცია სრულად განამტკიცებს მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობისა და რწმენის თავისუფლების პრინციპებს”.

“ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის თქმით, მართლმადიდებლური ქრისტიანობა, მამულთან და ენასთან ერთად “ჩვენი იდენტობის ერთ-ერთი უმთავრესი საფუძველია”. მან ასევე აღნიშნა, რომ “არ წყდება თავდასხმები მართლმადიდებელ ეკლესიაზე”.

ამჟამად საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს მართლმადიდებელი ეკლესიის “განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიაში”, ხოლო დამოუკიდებელი კონსტიტუციური კანონი განმარტავს მთელ რიგ პრივილეგიებს, რომლებითაც მართლმადიდებელი ეკლესია სარგებლობს. მიუხედავად ამისა, ვინაიდან მან ზუსტად არ თქვა, რომ “ქართული ოცნება” მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას აპირებს, გაუგებარია, ზუსტად რა ცვლილების ჩაწერა სურს მმართველ პარტიას კონსტიტუციაში.

ამას გარდა, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ოზურგეთში თავის გამოსვლაში, მსგავსად წინა გამოსვლებისა მცხეთასა და ამბროლაურში, გააჟღერა პარტიის მთავარი საარჩევნო დაპირებები: მან გაიმეორა, რომ მმართველ პარტიას განზრახული აქვს, აკრძალოს “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომელიც ყველა ოპოზიციურ პარტიას მოიაზრებს; ამას გარდა, ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია მიიღებს ანტი-ლგბტ კანონმდებლობას, რომელიც ტექნიკურად ოჯახური ღირებულებების დაცვის სახელით იფუთება.

ივანიშვილმა მხარდამჭერებს კვლავ ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა ტრიბუნიდან მიმართა, განცალკევებით პარტიის დანარჩენი ლიდერებისგან. მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთში პოლიცია მასობრივად იყო მობილიზებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა