პრეზიდენტი ზურაბიშვილი: „ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს“

1 month ago 87

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს უმასპინძლა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ 2024 წლის კონფერენცია საქართველოსთვის „გადამწყვეტ“ და „ეგზისტენციალურ“ მომენტში იმართება, და ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას. „ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა, რომელიც საქართველოს აშორებს იმას, რაც იყო მისი დიდი ხნის მიზანი და არა ოცნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.მან აღნიშნა, რომ საქართველოს დაბრუნება ევროპაში საუკუნეების მანძილზე ქვეყნის მიზანი იყო და დასძინა, რომ ქვეყანა „ყოველთვის დასავლეთისკენ, ევროპისკენ ბრუნდებოდა“ და „თავს ევროპულ ქვეყნად ხედავდა“. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს „ყოველთვის სურდა დამოუკიდებელი ყოფილიყო იმპერიებისგან, განსაკუთრებით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისგან. დღეს კი, რაც ხდება, საქართველოსთვის ტრაგედიაა“.

მისი თქმით, ტრაგედიაა, რომ „ზოგი“ საქართველოს პარტნიორებს „ომის პარტიას“ უწოდებს, და დუმს მეზობლის მიმართ, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ ყოველთვის იცოდა, როგორ დაეცვა თავისი დამოუკიდებლობა და კულტურული ღირებულებები, მათ შორის შემწყნარებლობა და მრავალფეროვნება. „ქვეყანა, რომელიც დღესაა წარმოჩენილი, არ არის ქართული ქვეყანა, ეს რაღაც განსხვავებულია. ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად იქნება დაემორჩილოს ოკუპანტს, მზად იქნება დათმობაზე წავიდეს ოკუპანტთან, მზად იქნება ზურგი შეაქციოს მათ, ვინც მხარს უჭერდა საქართველოს და ქართულ სახელმწიფოს ამ წლების განმავლობაში … ჩვენ ვხედავთ ქვეყანას, სადაც თითქმის ყველა ინსტიტუტი დაცარიელდა შინაარსისა და დამოუკიდებლობისგან“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მან დაგმო „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რიტორიკა, რომელიც „პრაქტიკულად ომს უცხადებს ჯერ ჩვენს პარტნიორებს და მათ ომის პარტიებს უწოდებს, მაგრამ ასევე ომს უცხადებს საკუთარ მოსახლეობას, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს, როცა წინასწარ აცხადებენ, რომ ისინი მიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას და პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავენ, ან მართლმსაჯულების სისტემაში გაატარებენ, რომელიც უკვე აღარ არსებობს“. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო „ცდილობს ახლა მთელი რეალობის საწინააღმდეგოდ გაამართლოს, რომ რუსული კანონი ნამდვილად არ ართმევს საქართველოს ევროპულ მომავალს“.

პრეზიდენტის თქმით, ეს ყველაფერი მიუღებელია და ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ისინი არ იღებენ საქართველოს ამ ახალ იმიჯს და რომ არ არიან მზად ამ ავტორიტარულ ახალ რეჟიმს და ძალაუფლებას დაემორჩილონ“.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართველი ხალხისა და ახალგაზრდობის შემდეგი ნაბიჯი იქნება იგივეს თქმა არჩევნების გზით და ამას „გზა სტაბილურობისკენ“ უწოდა. მან აღნიშნა, რომ „მე არ ვარ მათ შორის, ვინც ამბობს: „აბა, ვნახოთ, რა იქნება არჩევნებზე და მეორე დღეს ვნახოთ, რა იქნება ქუჩებში”. არა, რაც მოხდება, მოხდება არჩევნებზე, ბიულეტენებში. ამ ქვეყანაში არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია ხალხის ნება დაძლიოს. არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ გააყალბოს არჩევნები იმ დონემდე, რომ წავიდეს საქართველოს მოსახლეობის ნების მასიური გამოხატვის წინააღმდეგ“.

პრეზიდენტმა მოწვეულ სტუმრებსაც მიმართა და მადლობა გადაუხადა საქართველოს პარტნიორებს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის, იქნება ეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობის თუ ახალგაზრდებისთვის ევროპაში მოგზაურობისა და სწავლის შესაძლებლობის მიცემის საქმეში.

პრეზიდენტმა შემდეგ განაცხადა, რომ იგი ენდობა ქართველ ხალხს და ენდობა იმას, რასაც ქართველები მისცემენ ხმას არჩევნებში. მან  საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს საარჩევნო პროცესზე დაკვირვებისკენ მოუწოდა.

მან აღნიშნა, რომ იგი სხვადასხვა პროევროპულ პოლიტიკურ პარტიასთან მუშაობს ქართულ ქარტიაზე, რაც ფაქტობრივად არის გზა, რათა საქართველომ შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და, უკრაინისა და მოლდოვის მსგავსად, დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან.

პრეზიდენტმა ქარტიას უწოდა „იმ კარის გასაღები, რომელიც საქართველოსთვის უნდა გაიხსნას“ და განაცხადა, რომ „როგორც კი ქართველი ხალხი ღიად დაუჭერს მხარს როგორც ქარტიას, ასევე ამ გზას, მე ვიქნები ამ ქარტიის ელჩი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან“.

სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები საქართველოსთან და დასძინა, რომ „ჩვენ სწრაფად უნდა შევასრულოთ ის, რაც წერია ქარტიაში, რომელიც ძალიან დეტალურია“.

„ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა უნდა შეასრულონ ,,მეგობარი აქტი”, რაც ასევე ძალიან ნათლად ჩანს, რომ პოზიტიურ მხარეზეა“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

„მას შემდეგ რაც ქართველი ხალხი გააკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს, ჩვენ დაგვჭირდება თქვენი მხარდაჭერა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. „როგორც არასდროს, ჩვენი განვითარების შემდეგი ეტაპისთვის. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სტაბილურ გარემოში და თქვენ გჭირდებათ საქართველო, რომელიც მტკიცედ დაუბრუნდება თავის დემოკრატიულ გზას, საქართველო, რომელიც არის სტაბილური პარტნიორი, საქართველო, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ“.

სიტყვის დასასრულს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თავისუფალი სამყაროს მომავალი დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოხდება უკრაინაში და დასავლური სამყაროსთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის თავისუფალი, უსაფრთხო და თანამშრომლობითი შავი ზღვის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა