სტრასბურგის სასამართლომ მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეში, რომელშიც მოქმედი მოსამართლე ფიგურირებს

1 month ago 24

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 29 აგვისტოს დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (გ) და მესამე (დ) ნაწილის დარღვევა საქმეში “ხაჭაპურიძე და ხაჩიძე საქართველოს წინააღმდეგ”. სასამართლომ საქართველოს მოსარჩელეებისთვის 1000-1000 ევროს გადახდა, გაწეული სამართლებრივი ხარჯებისთვის კი 3 000 ევროს კომპენსირება დააკისრა. საქმეში ფიგურირებს მოქმედი მოსამართლე გიორგი მიქაუტაძე, რომელიც, სავარაუდოდ, “სასამართლო კლანის” ერთ-ერთი წევრია.

საქმე ეხება ინციდენტს, რომელიც 2016 წლის აგვისტოს გონიოს პლაჟზე მოხდა. თამარ ხაჭაპურიძე ირწმუნება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელმა თავმჯდომარემ და ახლა მოქმედმა მოსამართლემ, გიორგი მიქაუტაძემ მას და მის ვაჟს ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ხაჭაპურიძემ მომხდარ ფაქტზე პოლიციაში საჩივარი შეიტანა. მალევე მიქაუტაძემაც შეიტანა საჩივარი, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ ხაჭაპურიძემ და მისმა ოჯახმა მას მიაყენეს ფიზიკური და ვერბალური ზიანი.

2018 წელს ხელვაჩაურის სასამართლომ თამარ ხაჭაპურიძე და მისი მეუღლე, კახაბერ ხაჩიძე საქართველოს სისხლის სამართლის 239-ე მუხლის (ხულიგანიზმი) დარღვევაში დაადანაშაულა და 3000 ლარითა და 2500 ლარით დააჯარიმა. მოსამართლე მიქუტაძისთვის პროკურატურას ბრალი არ წარუდგენია. აღსანიშნავია, რომ საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა ისე გამოიტანა, რომ ექვსი მოწმიდან არც ერთი არ დაუკითხავს. კიკილაშვილი ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა.

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ არ უზრუნველყო თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის მხარის მიერ მოთხოვნილი მოწმეების დაკითხვა იმავე პირობებში, რა პირობებშიც მოხდა მათ წინააღმდეგ გამოსული მოწმეების დაკითხვა. ამასთან, საქართველოს სასამართლოებმა მტკიცებულებად გამოიყენა ჩვენებები მოწმეებისგან, რომლებიც სასამართლო განხილვას არ ესწრებოდნენ. ამ მიზეზით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (გ) და მესამე (დ) ნაწილის დარღვევა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა