europop: Tales of Play - პოდკასტი ფორუმის მთავარ სტუმრებზე

3 weeks ago 16

სპორტი სხვა ნებისმიერი სფეროსგან ბევრი რამის გამო გამოირჩევა, მაგრამ მრავალფეროვნება ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ჩვენი ინტერესი მაქსიმუმამდე იზრდება და ყველა თამაშისადმი ემოციები უფრო მძაფრი ხდება. მრავალფეროვნება ტრადიციების, კულტურის... ნიდერლანდური ფეხბურთიც ამ ყველაფრის შემადგენელი ნაწილია.

ფეხბურთი ფილოსოფიაა და ნიდერლანდელებს თითქმის ყველა თაობაში ჰყავდათ ისეთი ადამიანები, რომელთა გარეშეც სპორტის ამ სახეობის ევოლუცია წარმოუდგენელი იქნებოდა. ისინი, ინტელექტის თვალსაზრისით, სხვებზე ყოველთვის გაცილებით მაღლა იდგნენ და თავიანთი ტრადიციების სხვა ქვეყნის საფეხბურთო კულტურაში ადაპტაცია არასდროს უჭირდათ. იგივეს თქმა შეიძლება კლარენს ზეედორფსა და პატრიკ კლუივერტზეც, რომლებიც europop forum: tales of play-ს მთავარი სტუმრები იქნებიან.

როგორც იცით, 12-13 აპრილს საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართება და თუ გსურთ, ამ ღონისძიებაზე დასწრება, ბილეთების შეძენა უკვე შეგიძლიათ. Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე, ევროპოპ ფორუმის სცენას ზემოთ ჩამოთვლილი ლეგენდარული ფეხბურთელის გარდა, სპორტის მენეჯმენტისა და მედიის პროფესიონალებიც გაიზიარებენ. 12 აპრილს კლარენს ზეედორფი სცენაზე ქართული ფეხბურთის ლეგენდასთან, შოთა არველაძესთად ერთად წარდგება, რომელიც ასევე შესანიშნავად იცნობს ნიდერლანდურ ფეხბურთს და კარიერის დიდი ნაწილი სწორედ იქ აქვს გატარებული. პატრიკ კლუივერტი კი თავის გამოცდილებას 13 აპრილს გაგვიზიარებს.

ჩვენს Youtube-არხზე ევროპოპ ფორუმის პოდკასტის პირველ ნაწილში დაჩი იმედაძემ და სოფიკო ვასაძემ ფორუმის მნიშვნელობაზე უკვე ილაპარაკეს. მეორე ნაწილში კი თინათინ კოპალიანმა თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ტატო ბაციკაძესთან და გიორგი უგულავასთან მთავარ სტუმრებზე და მათ უდიდეს გამოცდილებაზე ისაუბრა. ერთია, როცა ამბავს გარედან უყურებ და შემდეგ მას ისტორიად აქცევ, მაგრამ მეორეა, როცა ისტორიები შენზე იქმნება. ზეედორფმა და კლუივერტმა უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი აჩუქეს ფეხბურთს და მთლიანად სპორტს, შესაბამისად, არაერთი ამბავი აქვთ მოსაყოლი და ამ ყველაფერს europop forum: tales of play-ზე მოვისმენთ.

"როცა სტუმრებს ვარჩევდით, რამდენიმე ადამიანს ჰკითხეს და ზეედორფი იყო ყველას არჩევანი. საინტერესო მოსაუბრეა, შინაარსიანად და ღრმად ესმის თამაში და ბევრი ისტორია აქვს მოსაყოლი", - ამბობს გიორგი უგულავა კლარენს ზეედორფზე.

"საფეხბურთო ინტელექტის თვალსაზრისით, ასეთი ჭკვიანი ფეხბურთელი ბევრი არ მინახავს. მეტი არაფერი რომ არ ვიცოდე, მარტო ამის გამო არის საინტერესო ჩემთვის მისი მოსმენა", - ასე დაახასიათა ნიდერლანდური ფეხბურთის ლეგენდა, პატრიკ კლუივერტი ტატო ბაციკაძემ.

სრულად წაკითხვა