ვენეციის ბიენალეზე ქართველმა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა ნაურუს პავილიონში ნამუშევარი წარადგინა, რომელიც აფხაზეთის თემას ეძღვნება.
პროექტის ისტორია წინა წლის ნოემბერში, პარიზში იწყება, სადაც მხატვარს ჯგუფურ გამოფენაზე შესთავაზეს მონაწილეობა მიეღო ახალ, პირველად წარმოდგენილ პავილიონში. მოგვიანებით გაირკვა, რომ პავილიონი ნაურუს ეკუთვნოდა – სახელმწიფოს, რომელმაც 2009 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. ამ ფაქტმა თავდაპირველად მხატვრის უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და მან უარის წერილიც მოამზადა. თუმცა, შემდგომი განხილვებისა და კონცეფციის გადაფასების შემდეგ, მან მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადა და კურატორებს შესთავაზა, რომ ნამუშევარი სრულად აფხაზეთის თემაზე, მისი პირადი და ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით შექმნილიყო, რაზეც თანხმობა მიიღო.

ნამუშევარი სახელწოდებით “The Sea, That Remembers” („ზღვა, რომელსაც ახსოვს“) ნიჟარის სიმბოლოს ირგვლივაა აგებული. ავტორის თქმით, ნიჟარა მეხსიერების მატარებელი ობიექტია, რომელიც ერთდროულად სახლს, ზღვის ხმასა და დაკარგული სივრცის იდეას უკავშირდება. ქანდაკება დაფარულია ფერადი ლანდშაფტებით, რომლებიც აფხაზეთის ვიზუალურ მეხსიერებას ასახავს.
თედო რეხვიაშვილი ნამუშევარს კონცეპტუალურად უკავშირებს „ტროას ცხენის“ იდეას – პოლიტიკური შინაარსის შეტანას იმ სივრცეში, რომელიც თავადაც პოლიტიკური კონტექსტის მატარებელია.
OK!-სთან ინტერვიუში თედო ვენეციის ბიენალეზე მიღებულ გამოცდილებაზე, ნაურუს პავილიონში მუშაობის პროცესსა და იმ პოლიტიკურ–ემოციურ კონტექსტზე საუბრობს, რომელმაც მისი პროექტი განსაზღვრა:
რამდენად რთული იყო ემოციურად ამ თემაზე მუშაობა, მითუმეტეს იქ სადაც ერთ დროს აფხაზეთი და სამოჩაბლო დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარეს?
იყო ჭიდილი – სამი კურატორი ჰყავდა ამ პავილიონს, მთავარი კურატორი კი არის ლიბანელი, რომელიც ევროპაში ბაზირებს. მოეწონა თვითონ ისტორია და მანიფესტის განწყობაც დაიჭირა, აღარ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა და მაშინვე დამთანხმდა.
იდეაში პავილიონის კონცეფცია აგებული იყო კოლონიალიზმისა და ეკოლოგიურ პრობლემებზე და ჩვენი ნამუშევარიც იქ შეუერთდა დანაკარგისა და გაქრობის იდეით, ოღონდ ომის მიზეზით. იქ მუშაობის პროცესში აღწერასთან დაკავშირებით გაჩნდა გარკვეული პრობლემები – არ უნდოდათ, რომ ხსენებულიყო რუსეთი, დახოცილი ხალხი და ა.შ., და პერიოდულად, ხუთი დღის განმავლობაში, სამჯერ მომიწია ტექსტის შეცვლა. პეიზაჟი იმდენად ნეიტრალურია, რომ შესაბამისი აღწერის გარეშე იდეა კვდება.
ემოციურად, ამ ნამუშევარზე თვეები ვიმუშავე საქართველოში და იქ უკვე ნამუშევრის ლეგიტიმაციის და შეტანის გამო მქონდა დაძაბულობა, თორემ ის ემოციური მომენტი, რომ აფხაზეთზე ვმუშაობ, იქ უკვე აღარ მქონია, რადგან წინასწარ ეგ ეტაპები გავლილი მქონდა.

აფხაზეთის ვიზუალური მხარე – ზღვა, ფერები, ბუნება, ხმები – როგორ შეძელით ამ ყველაფრის ერთ სკულპტურაზე დატევა?
ვინაიდან ნამუშევარი 360 გრადუსით წრეს ურტყამს და სამგანზომილებიანი ფორმაა, დიდი სივრცე იქმნება, რამაც ქალაქების სეგმენტებად დაყოფა გაამარტივა. ბუნების ლანდშაფტი ერთიანია, თუმცა ალაგ–ალაგ ჩანს აფხაზეთის ექვსი ქალაქი – თითოეული წახნაგი ცალკე ურბანულ სივრცეს ეკუთვნოდა.
რამდენად ადვილია ისეთ ადგილზე მუშაობა, ანუ აფხაზეთზე, სადაც მხოლოდ პატარაობისას იყავით და ფაქტიურად იქაურობა არ გახსოვთ?
ნამუშევარში ყოველთვის მთავარია ემოცია, ეს ემოცია კი მთელი ცხოვრება მიგროვდებოდა. წლებია პერიოდულად ვმუშაობ ამ თემებზე – არამხოლოდ აფხაზეთზე, ზოგადად ოკუპაციაზე, 2008 წელზე, რუსეთზე, აგრესიაზე. ამ თემებს მუდმივად ვამუშავებ, რადგან არ მინდა, ყურს უკან მიგდებული იყოს. სწორედ ამიტომ გავაქტიურდი – ვხედავ, რომ სახელმწიფო აბსოლუტურად საწინააღმდეგო მიმართულებით მუშაობს და ამ საკითხების მიჩქმალვას ცდილობს.
დევნილობის წლები ჩვენი ცხოვრების აქტიური ნაწილი იყო, რადგან ოჯახი ფაქტობრივად აფხაზეთიდან გამოიქცა. ეს ისტორიები სულ მესმოდა – მხოლოდ გარედან არ ვუყურებდი მოვლენებს, პატარაობიდანვე იმ ადამიანებისგან ვიცოდი ყველაფერი, ვინც ეს საკუთარ თავზე გადაიტანა და სწორედ ამან განსაზღვრა, რომ ემოციური კოდები შიგნით ყოფილიყო. მთავარი ღერძი ოჯახიდან მოდის.
ნაურუში იქაურმა ხალხმა თუ ნახა თქვენი ეს ნამუშევარი?
მოსახლეობისთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამას, საერთოდ არ იციან საქართველოს შესახებ, სამინისტროებმაც კი არ იცოდნენ საქართველო რა არის. მაშინ მათ მიერ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება იყო სუფთად მოკლე ვადიანი გარიგება, რისთვისაც მათ დაპირდნენ ფულს და ასე იქცევიან რუსები პატარა სახელმწიფოებთან. მე არ დამიმალავს მათთვის არაფერი და თავიდანვე გავუგზავნე სრული ისტორია, სადაც ისიც კი მოყოლილი მქონდა თუ თვით ნაურუმ რა გააკეთა. როგორც ჩანს შემდეგ ადრე თუ გვიან ნახა ეს ნაურუს სამინისტრომ და მოიწერეს გამაფრთხილებელი წერილი თხოვნის სახით, რომ – ნუ გამოგვიყვანთ ჩვენ პოლიტიკურად დამნაშავეს, რადგან გვაქვს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები რთულ დროს მიღებულიო.

თქვენი მეორე ინსტალაცია აფხაზეთის თემაზე – პობედა – ესეც პროტესტი გამოვიდა იმის გათვალისწინებით, თუ სად იყო წარმოდგენილი ნამუშევარი (Silk factory), ამაზეც რომ მომიყვეთ, როგორ მოგაფიქრდათ ასეთი რამის შექმნა?
ამას გამარჯვებაც არ დავარქვი, როგორც რუსები აღიქვამენ ეგრე მინდოდა რომ ყოფილიყო და მანდაც სარკასტული დამოკიდებულებაა, ანუ გამარჯვებად რას აღიქვამენ ისინი. ფაქტობრივად თვეები ვეძებდი რეკვიზიტებს და ნივთებს, რაც უნდა დალაგებულიყო ამ ყველაფერზე. 2022 წელს როგორც კი ომი დაიწყო უკრაინაში და დავინახე კადრები, თუ როგორ ელაგა ტანკებზე უნიტაზები და როგორ მიჰქონდათ ეს ჯარისკაცებს მაშინვე ამომიტივტივდა 2008 წელი – გორიდან გამოსვლის კადრები. თითქოს უკრაინის ომის ეპიზოდებს ვუყურებდი, მაგრამ ზუსტად იგივე იყო ასახული, რაც ჩვენთან მოხდა, და ნამუშევარიც სწორედ იმას ეძღვნება, რაც ჩვენთან ქნეს.
ჩემმა მეუღლემ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ აღმოაჩინა, თუ ვისი იყო სივრცე, სადაც ნამუშევარს წარმოვადგენდი. ამის გაგების შემდეგ ცოტა დავეჭვდი – ხომ არ ვუშვებდი შეცდომას, ხომ არ იფიქრებდნენ, რომ ორმხრივ თამაშს ვთამაშობდი: ერთი მხრივ ქართული ოცნების ბენეფიტით ვსარგებლობდი და მეორე მხრივ ვუპირისპირდებოდი მათ. თუმცა საბოლოოდ ეს ეჭვი გადაწონა იმის გააზრებამ, რომ ნამუშევარში პროტესტი სრულად იყო ინტეგრირებული და მისი იქ წარდგენა ნიშნავდა მის მაქსიმალურად ახლოს მიტანას, თუნდაც ბიძინა ივანიშვილთან.

ანუ ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორც ნაურუს შემთხვევაში
კი, ალბათ. ნაურუს იდეაც, რომ შევსულვიყავი ასეთი კონფრონტაციული მიდგომით, სწორედ ამ შემთხვევიდან წარმოიშვა – ეს ისტორია ხომ უკვე ჩემს მეხსიერებაში არსებობდა. ამ მხრივ საინტერესო ბმაა, თითქოს იგივე განმეორდა, შენ სწორად დაიჭირე.
თუ მომავალში კვლავ გაჩნდება ნაურუსა და Silk Factory-ს მსგავსი შესაძლებლობა, რომ თქვენი ნამუშევარი წარადგინოთ იქ, სადაც განსხვავებული აზრი აქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით – მიიღებდით მონაწილეობას?
როგორ არ ვიზამდი, უბრალოდ შეიძლება უფრო საინტერესო ფორმით. ისედაც ვრეფლექსირებ როგორც მხატვარი პოლიტიკურ და სოციალურ თემებზე, რადგან ზუსტად ეს თემები აწუხებს ახლა ჩვენს ქვეყანას. პერიოდულად შემდეგ გავდივარ ხოლმე ნეიტრალურ თემებზე მაგალითად როგორიც არის: პერსონალური ამბავი, ბავშვობა, მოგონებები ან საქართველოს პეიზაჟები, მაგრამ ჩემი ძირითადი მხატვრული ხაზი პოლიტიკურ–სოციალური თემებია.
მომავალში რა გეგმები გაქვთ?
შემდეგი სერია, რაზეც უკვე ვმუშაობ, იქნება პოლიტიკური, გროტესკული ხასიათის. როგორც კი დავასრულებ, შემდეგ დავაანონსებ და წარმოდგენილი თბილისში იქნება.

ტექსტი: მარიამ შულაია

5 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·