PREVIEW | მძიმე წარსული, სხვანაირი აწმყო - არსენალის შანსი ბაიერნთან

3 weeks ago 17
  • 📅 9 აპრილი | 🏟 ემირეითს სთედიუმი | ⌚ 23:00 | ⚽ არსენალი V ბაიერნი
  • არსენალი მაგარ ფორმაშია, ბაიერნი კი კრიზისშია
  • ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორია გერმანელთა მხარესაა
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

როდესაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, ძალიან რთული სათქმელია, რომელი მხარე უფრო კმაყოფილი იყო - არსენალის თუ ბაიერნის.

7-წლიანი პაუზის შემდეგ ეს კლასიკური დუელი ჩემპიონთა ლიგაში ბრუნდება, მაგრამ ორგვარი განცდებით. ერთი მხრივ არის დიდებულ ფორმაში მყოფი არსენალი და საშინელ დღეში ჩავარდნილი ბაიერნი, მაგრამ მეორე მხრივ, არსენალისთვის არ არსებობს უფრო უხერხული მეტოქე, ვიდრე ბაიერნია.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე ბაიერნი 4-ჯერ შეხვდა არსენალს და ყოველთვის მომდევნო ეტაპზე "რეკორდმაისტერი" გავიდა. მარტო იმის გახსენება რად ღირს, რომ ბოლო სამი თამაში გერმანელებმა ლონდონელებს 5:1 მოუგეს! ცხადია, ეს უკვე ისტორიაა, მაშინ ორივე გუნდისთვის რადიკალურად განსხვავებული ვითარება იყო, ვიდრე დღესაა, მაგრამ მაინც: ფეხბურთში წარსულის გამოძახილს ყოველთვის აქვს რაღაც მისტიკური ძალა. ვნახოთ, ეს საკმარისი იქნება თუ არა, ბაიერნისთვის მომდევნო ორ შეხვედრაში.

არსენალს ბაიერნთან კატასტროფული სტატისტიკა აქვს

იმ ბაიერნისთვის, რომლისთვისაც სავალალო სეზონის გადარჩენის ერთადერთი შანსი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. თუმცა, ბავარიული გრანდი მთავარ ფავორიტებში ნამდვილად არ შედის, რაც ლოგიკურია მიმდინარე სეზონიდან გამომდინარე. გერმანიის თასს ბაიერნი დიდი ხნის წინ მესამე ლიგის ბინადარ ზაარბრიუკენთან მარცხით დაემშვიდობა, 2012 წლის შემდეგ პირველად გერმანიის ჩემპიონიც ვერ ხდება, რადგან ბუნდესლიგის ფინიშამდე 6 ტურია დარჩენილი, ლევერკუზენთან ჩამორჩენა კი, 16 ქულაა. მოკლედ, "ვერცხლის სინის" დაკარგვას მიუნხენში უკვე ყველა შეეგუა. დარჩა ჩემპიონთა ლიგა, სადაც 4 წელია ბაიერნი მეოთხედფინალურ ეტაპზე ვერ ცდება.

თომას ტუხელის გუნდმა ბუნდესლიგაში ბოლო ორი მატჩი წააგო, დორტმუნდის და შემდეგ ჰაიდენჰაიმის წინააღმდეგ (2:0-დან 2:3). ამგვარად, ბუნდესლიგაში არათუ ჩემპიონობის ამბიცია დაკარგა, არამედ, შტუტგარტიც დაეწია და მეორე ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა უწევს, რაც ბაიერნისთვის სამარცხვინო ამბავია. ამბობენ იმასაც, რომ არსენალთან მატჩი ტუხელის ბოლო შანსია. სეზონის ბოლოს გუნდიდან გერმანელი მწვრთნელის წასვლა დიდი ხნის გადაწყვეტილია, მაგრამ თუ ლონდონში ბაიერნი წააგებს, შეიძლება ტუხელი ნაადრევად დაითხოვონ.

საპირისპირო სეზონი აქვს არსენალს, რომელიც პრემიერლიგის მოსაგებად გამალებით იბრძვის და 71 ქულით ლივერპულთან ერთად თანალიდერია (იქვეა, ერთ ქულაში მანჩესტერ სიტიც). ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალში პორტუსთან მარცხის შემდეგ მიკელ არტეტას გუნდი ბოლო 7 მატჩია დაუმარცხებელია და ხსენებულ შვიდ შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.

არსენალი მაგარ სეზონს ატარებს

არსენალი მართლა ზღაპრულ ფორმაშია და სპეციალისტთა უმეტესობის აზრით, ბაიერნთან დაპირისპირებაში ფავორიტადაც მიიჩნევა, მაგრამ მძიმე წარსულის გარდა, ერთი ნაკლიც აქვს: გამოუცდელობა. "მეთოფეთა" დღევანდელი შემადგენლობის აბსოლუტური უმეტესობისთვის ჩემპიონთა ლიგაში ეს პირველი სეზონია. მსგავს ტურნირზე კი, როგორც წესი, გამოცდილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არსენალი ლიგის ამ ეტაპზე 14-წლიანი პაუზის შემდეგ თამაშობს. მას შემდეგ მართლა ძალიან დიდი დრო გავიდა.

ლონდონელთათვის კარგი ისაა, რომ ლაზარეთი პრაქტიკულად ცარიელია, იურენ ტიმბერის ტრავმას თუ არ ჩავთვლით, რომელიც დიდი ხანია გუნდს ვერ ეხმარება. სამაგიეროდ, ბაიერნში არის საკადრო პრობლემები, თუმცა, მოგვარებადი. ლეროი სანემ, მანუელ ნოიერმა, კინგსლი კომანმა და ალეკსანდარ პავლოვიჩმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს, ასე რომ, "ემირეითს სთედიუმზე" სავარაუდოდ თამაშს მოახერხებენ.

ბაიერნის სავალალო სეზონს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება გადაარჩენს

ბაიერნმა მერვედფინალში ლაციო დაამარცხა. სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ მიუნხენში 3:0 გაიმარჯვა, ხოლო არსენალმა პორტუს აჯობა უმძიმეს ბრძოლასა და პენალტების სერიაში მას შემდეგ, რაც 0:1 წააგო და მერე 1:0 მოიგო. ლონდონში ბაიერნი თავისი გულშემატკივრების გარეშე იქნება, რადგან რომში, ლაციოსთან შეხვედრაში მიუნხენელი ფანების უწესრიგობის გამო უეფამ ბაიერნს საგარეო მატჩებზე ფანების დასწრება გარკვეული პერიოდით აუკრძალა...

საინტერესო ფაქტები

🟠 ეს გუნდები აქამდე 12-ჯერ შეხვედრიან და გერმანელთა მხარეს დიდი უპირატესობაა: 7 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება.

🟠 ამ გუნდების ბოლო სამი მატჩი ბაიერნმა ერთნაირი ანგარიშით მოიგო - 5:1.

🟠 არსენალს ჩემპიონთა ლიგაში სულ ოთხი მატჩი აქვს წაგებული 4-ბურთიანი სხვაობით და სამი სწორედ ბაიერნის წინააღმდეგ (კიდევ ერთი 2012 წელს მილანთან).

🟠 არსენალს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ორმატჩიან დუელში ბაიერნის ბარიერი არასდროს გადაულახავს (0/4): 2005 წელს, ბაიერნმა 3:2 მოიგო ორი მატჩის ჯამში (3:1, 0:1), 2013 წელს, სტუმრად გატანილი გოლის წყალობით გავიდა შემდეგ ეტაპზე (3:1, 0:2), 2014 წელს, გერმანელებმა 3:1 გაიმარჯვეს (2:0, 1:1), 2017 წელს კი - 10:2 (5:1, 5:1). გარდა ამისა, ორჯერ ისინი ჯგუფში შეხვდნენ და მაშინაც ბაიერნის მხარეს იყო უპირატესობა: 2000/01 წლების სეზონში 2:2, 1:0 და 2015/16 წლების სეზონში 0:2, 5:1.

🟠 არსენალი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველადაა, ხოლო ნახევარფინალში ბოლოს 2008/09 წლების სეზონში იყო.

🟠 მას შემდეგ, რაც ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგა ბოლოს მოიგო (2020 წელს), ტურნირს ყოველთვის მეოთხედფინალში ეთიშება. ასე იყო ბოლო სამი სეზონი (პსჟ-ს, ვილიარეალის და მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ). ეს მეოთხე ცდაა, რომ "რეკორდმაისტერი" ნახევარფინალში გავიდეს.

🟠 ჰარი კეინს არსენალის კარში 14 გოლი აქვს გატანილი. მხოლოდ ლესტერის (20) და ევერტონის (16) წინააღმდეგ მას უფრო მეტი გოლი. 14-დან 5 გოლი მან "ემირეითს სთედიუმზე" გაიტანა.

🟠 ბუკაიო საკას პრემიერლიგაში უკვე იმდენივე გოლი აქვს (14), რამდენიც გასულ სეზონში გაიტანა. თუმცა, მისი კარგი ფორმა მხოლოდ პრემიერლიგით არ შემოიფარგლება. ჩემპიონთა ლიგაში შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 4 საგოლე პასი), რაც ყველაზე მეტია არსენალის ფეხბურთელებში 2015/16 წლების სეზონის შემდეგ, როცა ალექსის სანჩესმა 8 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 5 საგოლე პასი).

🟠 ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლო საგარეო მატჩი წაგებული აქვს (მანჩესტერ სიტის და ლაციოს წინააღმდეგ). ბოლოს კი, პლეი ოფში ზედიზედ სამი გასვლითი თამაში 2009-2010 წლებში წააგო ბარსელონას, ფიორენტინასა და მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ.

🟠 ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგაზე ინგლისურ გუნდებთან ბოლო ექვსი გასვლითი მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (ოთხი მოგება, ერთი ფრე), ეს მარცხი სიტისთან "ეტიჰად სთედიუმზე" გასულ სეზონში იყო.

🟠 ხსენებული 6 მატჩიდან ბავარიულმა გიგანტმა სამი მატჩი ჩაატარა ლონდონში და დაამარცხა არსენალი, ტოტენჰემი და ჩელსი საერთო ანგარიშით - 15:3.

🟠 "მეთოფეებმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში წინა შვიდი მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგეს, თუმცა ეს მათი პირველი თამაშია მეოთხედფინალში 2009-10 წლების შემდეგ, როდესაც ორი მატჩის ჯამში 3:6 დამარცხდნენ პეპ გვარდიოლას ბარსელონასთან.

🟠 არსენალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ერთზე მეტი საშინაო თამაში ბოლოს 2008/09 წლების სეზონში მოიგო, როცა რომას და ვილიარეალს აჯობა, ნახევარფინალში კი, მანჩესტერ იუნაიტედთან გავარდა.

🟠 მერვედფინალში "ემირეითს სთედიუმზე" პორტუსთან მოგებით არსენალმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში საკუთარ მოედანზე 5-მატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტა.

🟠 არსენალის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე ნაკლები გოლი გავიდა, 4-ჯერ ორივე გუნდმა ვერ გაიტანა.

🟠 ბაიერნის ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

🟠 ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებაში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები

არსენალი (4-3-3): რაია - უაითი, სალიბა, გაბრიელი, ტომისაუ - ოდეგორი, ჟორჟინიო, რაისი - საკა, ჰავერტცი, მარტინელი.
ტრავმა: ტიმბერი.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, დე ლიხტი, დაიერი, დევისი - ლაიმერი, გორეტცკა - სანე, მუსიალა, გნაბრი - კეინი.
ტრავმა: სარი, მაზრაუი, ბუხმანი, ბოი, ნკილი.

სრულად წაკითხვა