PREVIEW | ფინალი მეოთხედფინალში? ლიგის კლასიკა უკვე ბელინგემით

3 weeks ago 12
  • 📅 9 აპრილი | 🏟 სანტიაგო ბერნაბეუ | ⌚ 23:00 | ⚽ რეალი V მანჩესტერ სიტი
  • შარშან სიტიმ ნახევარფინალში დაამარცხა რეალი და ტიტულს პირველად დაეუფლა
  • რეალი დუელში გამარჯვების შემთხვევაში, ½ ფინალში ზედიზედ მე-12-ედ გავა
  • ყველაფერი, რაც ამ თამაშის წინ უნდა იცოდეთ

წილისყრამ ამ სეზონის ორი მთავარი ფავორიტის დაპირისპირება უკვე მეოთხედფინალში ინება - ასე რომ, პლეი ოფის მეორე ეტაპი სუპერდუელით იხსნება - ევროპის რეკორდსმენი (14 ტიტული) რეალ მადრიდი "სანტიაგო ბერნაბეუზე" მანჩესტერ სიტის მიიღებს, რომელსაც მხოლოდ ერთი ტიტული კი აქვს, მაგრამ მოქმედი ჩემპიონია...

"სამეფო კლუბის" ლეგენდარულ თავკაცს ჩემპიონთა ლიგაზე მე-200 მატჩი ელის მწვრთნელის რანგში. რა თქმა უნდა, კარლო ანჩელოტი პირველია, ვინც ამ ნიშნულს მიაღწევს (მე-2 ადგილზე სერ ალექს ფერგიუსონია 190 მატჩით) და, რა თქმა უნდა, მას ყველაზე მეტი მოგებაც აქვს ტურნირზე. სიტის ესპანელი თავკაცი მას გამოცდილებით ვერ ჯობნის, თუმცა პეპს მოგებების უკეთესი მაჩვენებელია აქვს. 

ჰაალანდი მადრიდში ვარჯიშისას

სატიტულო დუელები

ამ გუნდების ბოლო დუელი გასულ სეზონში ½ ფინალში ვიხილეთ. მაშინაც პირველი მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" იყო - ვინისიუსის გოლს დე ბრუინმა უპასუხა - 1:1. აი, ინგლისში კი პეპის გუნდმა რეალს რბევა მოუწყო - ბერნარდო სილვას დუბლს, აკანჯისა და ალვარესის გოლები დაემატა და სიტიმ 4:0 მოიგო. ერთი წლით ადრეც მათი დუელი ნახევარფინალში შედგა, 7-გოლიანი თრილერი "ეტიჰადზე" სიტიმ მოიგო - 4:3, მაგრამ მადრიდში რეალმა 3:1 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა. იმ თამაშის გმირი როდრიგო იყო, რომელმაც 90-ე წუთზე 1:1 გახადა, ერთ წუთში კი კიდევ გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც ბენზემამ პენალტი გაიტანა. კიდევ ერთი სეზონით ადრე, მათ დაპირისპირებას პანდემია დაემთხვა - თებერვალში მადრიდში რეალი სიტისთან 1:2 დამარცხდა, საპასუხო მატჩი კი მხოლოდ აგვისტოში გაიმართა (უმაყურებლოდ) და ისევ სიტიმ მოიგო, იმავე ანგარიშით - ეს მერვედფინალური დაპირისპირება იყო. 

რეალი და სიტი ლიგის ნახევარფინალში 2016 წელსაც გადაეყარნენ ერთმანეთს, მანჩესტერში 0:0-ს, მადრიდში რეალის გამარჯვება მოჰყვა - 1:0. 2012 წელს კი ეს გუნდები ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ, ინგლისში 1:1 დასრულდა, ესპანეთში რეალმა 3:2 მოიგო. როგორც ხედავთ, გუნდებს შორის მუდამ დრამები იმართება. მიუხედავად იმისა, რომ სიტი გრანდი მოგვიანებით გახდა, რეალისა და მანჩესტერ სიტის დაპირისპირება უკვე იქცა ჩემპიონთა ლიგის კლასიკად. 

კარლო ანჩელოტი (რეალი): "ეს დუელი წარმოუდგენლად მიმზიდველია ფეხბურთის სამყაროსთვის. ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელი გამეორდება - ყოველი დუელი ახალი ისტორიაა. ორივე გუნდის დონე იმდენად მაღალია, რომ აუცილებლად გველის ტექნიკურად გამართული და ლამაზი თამაშები. ვიცით, რომ ზოგიერთ ასპექტში ვჯობნით სიტის, ზოგში კი - არა. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს 180 წუთში".

პეპმა ანჩელოტის ბოლო 6 მატჩიდან 4 მოუგო და 1 ფრედ ეთამაშა

ხოსეპ გვარდიოლა (მანჩესტერ სიტი): "ბელინგემის ფაქტორი დიდ გავლენას ახდენს. ამიტომაც ვიტყვი, რომ რეალი გასული სეზონისგან განსხვავებული გუნდია. კარგად უნდა გამოვიკვლიოთ, რას აკეთებს ის, რომ გავაკონტროლოთ მოედანზე. რეალთან დაპირისპირება ყოველთვის რთულია, ამას ვერავინ უარყოფს - განსაკუთრებული კლუბია. მათ ამ შეჯიბრში ბევრი რამის გაკონტროლება შეუძლიათ წარსულში არსებული გამოცდილებით". 

პეპის აზრით, შარშანდელ რეალთან მთავარ სხვაობას ჯუდი ქმნის

საინტერესო ფაქტები

🟠 კარლო ანჩელოტისთვის ეს მე-200 მატჩია ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში. იტალიელი სპეციალისტის ანგარიშზე 114 მოგება, 44 ფრე და 41 მარცხია. პეპ გვარდიოლას 167 მატჩი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე: 109 მოგება, 33 ფრე და 25 წაგება.

🟠 რეალ მადრიდმა ზედიზედ 11-ჯერ გაიარა მეოთხედფინალური ეტაპი ლიგაზე.

🟠 რეალმა ბოლო 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 ფრედ ითამაშა, სიტიმაც ანალოგიურად - 4 მოგება და 2 ფრე.

🟠 ამ გუნდების ბოლო 4 დაპირისპირებაში 17 გოლი გავიდა. ორივე სეზონში გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის ტიტულს დაეუფლა. 

🟠 რეალს არასოდეს გაუგდია სიტი, როცა დუელის საპასუხო მატჩი მანჩესტერში იმართება. 

🟠 კარლო ანჩელოტისა და ხოსეპ გვარდიოლას ბოლო 6 მატჩში, ესპანელმა სპეციალისტმა 4 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. 

🟠 მანჩესტერ სიტიმ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 საგარეო მატჩში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. 

სავარაუდო შემადგენლობები

რეალი (4-3-1-2): ლუნინი - კარვახალი, ჩუამენი, რიუდიგერი, მენდი - ვალვერდე, კროოსი, კამავინგა - ბელინგემი - როდრიგო, ვინისიუსი
ტრავმა: კურტუა, ალაბა

მანჩესტერ სიტი (4-1-4-1): ედერსონი - ლუისი, სტოუნსი, რუბენ დიაში, აკანჯი - როდრი - ბერნარდო სილვა, დე ბრუინი, ფოდენი, გრილიში - ჰაალანდი 
ტრავმა: აკე, უოკერი, გვარდიოლი.

სრულად წაკითხვა