'არ დავნებდები' - მიქაუტაძე დე ბრუინთან ერთად TOP 5 ლიგის ტურის სიმბოლურშია

3 weeks ago 14

WhoScored-მა ევროპის ტოპლიგების ბოლო ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც მეცის ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე მოხვდა. 

მიქაუტაძეს სეზონის საუკეთესო თამაში ჰქონდა

გიორგიმ ბრესტთან 3:4 მარცხში ორი გოლი გაიტანა, ხოლო ერთხელ ბრესტის მცველმა მისი დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. ამ შეხვედრაში ქართველ ფორვარდს 6 წარმატებული დრიბლინგიც ჰქონდა და 8.83 ქულით ის არა მარტო მატჩის, არამედ, ლიგა 1-ის ტურის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ორშაბათს სერია A-ში ინტერმაც ითამაშა და WhoScored-მა ტურის სიმბოლური ნაკრებიც შეადგინა.

TOP 5 ლიგის ტურის სიმბოლური ნაკრები

სიმბოლურ ნაკრებში შეტევის ხაზს მიქაუტაძისა და ლოის ოპენდას (ლაიპციგი) დუეტი შეადგენს. 11-ეულში მასზე უკეთესი შეფასება მხოლოდ ოპენდას (9.7) და კევინ დე ბრუინს (9.9) ჰქონდა. 

ბუნებრივია, გიორგი კარიერაში პირველად მოხვდა ევროპის ტოპლიგების ტურის სიმბოლურ ნაკრებში. ამავე დროს, მეცის ოფიციალურ საიტზე გამოკითხვით (77%) ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, თუმცა ამაში ეჭვი არავის ეპარებოდა. 

TEAM GRENAT ქართველი ფორვარდის კომენტარს აქვეყნებს: "ისევ გვიჭირს, ვერ ვიგებთ და ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ. პირადად, არასდროს დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ. მე აქ მეცის დასახმარებლად დავბრუნდი, რომ კლუბმა ელიტაში ადგილი შეინარჩუნოს. ახლა ეს ამოცანა რთულად შესასრულებელი ჩანს, თუმცა ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ყოველდღიურად და უქმეებზე ყველაფერს გავიღებთ". 

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე აგვისტოს ბოლოს აიაქსში გადავიდა, თუმცა მისი ნიდერლანდური კარიერა ცუდად აეწყო და იანვრიდან იჯარით მეცში დაბრუნდა. მას ლიგა 1-ის 14 მატჩში 7 გოლი და 3 საგოლე პასი აქვს. მეცი ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და გასავარდნ ზონაშია. 

სრულად წაკითხვა