ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულებმა, არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა გამოაცხადეს. ისინი გლდანის ციხეში უკვე მეორე დღეა შიმშილობენ. პენიტენციურმა სამსახურამ ერთ საკანში გადაიყვანა.
არტემ გრიბულს სამი მოთხოვნა აქვს:
- მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;
- პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ მათი საჩივრების საფუძველზე;
- ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.
არტემ გრიბულის ადვოკატის, დარია სამუდოროვას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიაჩნია, რომ მის საქმეზე „არ ჩატარებულა ობიექტური და სრული გამოძიება". ის აპროტესტებს ფაქტს, რომ საქმის არსებით განხილვამდე სასამართლომ დაცვის მხარის არც ერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
„ვერ მოიპოვეს ვიდეომტკიცებულებები, რომელიც მათ გაამართლებდა. თარჯიმნის გამოკითხვის ოქმებში არაა მითითებული ტელეფონის ნომრები, რომლის საშუალებითაც შეიძლებოდა დეტალური ინფორმაციის ამოღება ანძებიდან და გარკვევა, სად და რა დროს გადაადგილდებოდა ის, ვინ ურეკავდა, რომელი ნომრიდან და რომელ საათზე. [ანასტასია ზინოვნიკა და არტემ გრიბული, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკის ფლობას ედავებიან არ ენდობიან თარჯიმანს, რომელიც ჩხრეკისას პოლიციას ახლდა თან - რ.თ.]", - ეუბნება ადვოკატი რადიო თავისუფლებას.
მისივე თქმით, არტემ გრიბულს აქვს პროტესტისა და უსამართლობის განცდა. ამას გარდა, კი ღელავს ანასტასია ზინოვკინაზე, რომელიც რუსთავის ქალთა ციხეშია.
„ანასტასია და არტემს აქვთ მიმოწერა, ისიც, რომ ანასტასია ძალიან ცუდ პირობებშია. აქვს ნახევრად ჩაბნელებული საგანი, არ აქვს ნორმალური კვება. დაკავებამდე ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები ხერხემალზე, ციხიდანაც იყო გაყვანილი კვლევებზე, თუმცა ციხე ექიმის რეკომენდაციებს არ ასრულებს. ის ითხოვს, რომ ანასტასიას ჰქონდეს ნორმალური პირობები", - აცხადევს ადვოკატი.
არტემ გრიბულმა ადვოკატს ციხიდან რუსულ ენაზე დაწერილი წერილიც გამოაგზავნა, სადაც მოთხოვნების სიაშია მედიის სხდომებზე დაშვებაც მოხვდა.
არტემ გრიბულის წერილი
„შვიდი თვის წინ მე და ანასტასია ზინოვკინა პოლიციელებმა დაგვაკავეს და ნარკოტიკები ჩაგვიდეს. ისინი არც მალავდნენ, რატომ გააკეთეს ეს — აქციებში მონაწილეობის გამო. საქართველოს დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის გამო. ხელისუფლებას ძალიან ეშინია საკუთარი ხალხის და ცდილობს ყველანაირად დააშინოს, როგორც საკუთარი ხალხი, ისე ისინი, ვინც ამ ხალხს მხარს უჭერს.
დღეს საქართველოში არაერთი საქმეა სისტემას არადამორჩილებულ ადამიანებზე. ზოგიერთი საქმე დეტალებამდე იმეორებს ჩვენსას. ასეთია ანტონ ჩეჩინის, გიორბი ახობაძეს, ნიკა კაციასა და თედო აბრამოვის საქმეები.
ჩვენს საქმეზე არ ჩატარდა ობიექტური და სრულფასოვანი გამოძიება. დაცვის მხარესაც არ მისცეს შესაძლებლობა, ჩაეტარებინა საკუთარი გამოძიება: არ გვაძლევენ იმ მტკიცებულებების მოპოვების უფლებას, რომლებიც მთლიანად გვამართლებენ და აჩვენებენ, რომ ნამდვილი დამნაშავეები თავად პოლიციელები არიან.
- სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა "ორი ნაბიჯის" გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერის ამოღებასა და საქმეზე დართვის შესახებ. ამ კამერაზე აღბეჭდილია ჩვენი დაკავებისა და ნარკოტიკების ჩადების მომენტი. ეს ჩანაწერი ცრუ ჩვენებებს მთლიანად გააქარწყლებდა. ნათელია, რატომ ეშინოდათ ამ ვიდეოსი.
- პოლიციელებისა და თარჯიმნების დაკითხვის ოქმებში არ არის მითითებული ტელეფონის ნომრები, რითაც დაცვის მხარეს შეეძლო ამოეღო დეტალური ზარებისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს ინფორმაცია მთლიანად გააბათილებდა დაკავების დროის შესახებ ოქმში მითითებულს და დაამტკიცებდა, რომ ყველა მოწმე სასამართლოზე ტყუოდა.
- ირაკლი მუხათგვერდელმა სასამართლოზე თქვა, რომ მან გამჩხრიკა და ამოიღო ნარკოტიკი ხელთათმანების გარეშე. თუმცა სინამდვილეში მან ანასტასია გაჩხრიკა, მე კი — ჯემალ მირაზანაშვილმა, რომელმაც სასამართლოზე საერთოდ თქვა, რომ დაკავების ადგილზე არ ყოფილა! მე შევიტანე შუამდგომლობა, რომ ირაკლი მუხათგვერდელს დანიშნოდა დნმ ექსპერტიზა, რათა დადასტურებულიყო, რომ ის საერთოდ არ შეხებია კონვერტებს. სასამართლომ უარი თქვა.
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სასამართლო სხდომებზე არ უშვებენ მედიას — ფოტორეპორტიორებს, ოპერატორებსა და ჟურნალისტებს. ჩვენი პროცესები არ ვრცელდება. ჩვენს მშობლებსა და ახლობლებს მხოლოდ მედიით ჰქონდათ საშუალება, დაგვენახეთ — ახლა კი ეს შესაძლებლობაც აღარ აქვთ.
დაკავებამდე ანასტასიას უკვე ჰქონდა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები — კერძოდ, ხერხემალთან დაკავშირებით. ციხეში გაუსაძლისმა პირობებმა ეს პრობლემები კიდევ უფრო გააუარესა. თუ დააკვირდით, ანასტასიას სასამართლოზე ვერც კი ჯდება — ხერხემალი ისე სტკივა.
ციხის ადმინისტრაცია არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს. მაგალითად, ანასტასიას არ მისცეს ორთოპედიული მატრასი. ტკივილის გამო იძულებულია რკინის საწოლზე ძინავს უშუალოდ — ასე ოდნავ ნაკლებად სტკივა.
გარდა ამისა, ანასტასია ცხოვრობს საშინელ პირობებში:
- კამერაში არ არის ნორმალური განათება. ამის გამო, როცა კითხულობს და წერს, მას თვალების პრობლემები დაეწყო.
- არ აქვს ნორმალური კვება, რის გამოც ძალზე დასუსტდა და დაიკლო წონაში. საჭმლის მომზადების შესაძლებლობაც არ აქვს — ელექტროსახარში, რომელსაც ჩემს ციხეში ყიდიან, იქ არ იყიდება.
- მისი კამერა სულ რამდენიმე ნაბიჯის სიგრძისაა — არანაირი შესაძლებლობა არაა, რომ გაიაროს ან გაიმოძრაოს.
მე მოვითხოვ:
- მედიას მიეცეს სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება;
- პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება პოლიციელების მიმართ ჩვენი საჩივრების საფუძველზე;
- ანასტასია ზინოვკინას მდგომარეობა გამოსწორდეს: მიეცეს ნორმალური კვება, სათანადო სამედიცინო დახმარება და გადაიყვანონ ნათელ, სუფთა და ფართო კამერაში.
ჩემს მოთხოვნებამდე ვაცხადებ მშრალ შიმშილობას — უარს ვამბობ საკვებსა და წყალზე.
ასევე, მოვუწოდებ ყველა პოლიტპატიმარს საქართველოში შემოუერთდნენ შიმშილობას — ჩვენი და თქვენი თავისუფლებისთვის!".
ანტონ ჩეჩინის ადვოკატის, გიორგი ჩხაიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს უკანონო პატიმრად მიიჩევს და შიმშილომა მისი პროტესტის უკიდურესი გამოხატვის ფორმაა.
ამასთან, ადვოკატისვე განმარტებით, ჩეჩინი შიმშილობას ზეგ დაასრულებს, რადგან „31 ივლისს უნდა დაიკითხოს და ნაშიმშილარი ადამიანი ჩვენებას ვერ მისცემს. ამის შემდეგ გააგრძელებს თუ არა პროტესტს მისი გადასაწყვეტია".
ანტონ ჩეჩინი, სახლთან 2024 წლის 3 დეკემბერს დილის საათებში იმ დროს დააკავეს, როცა სამსახურში მიდიოდა. მას ბრალად ედება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. ჩეჩინი ცოლთან ერთად პროევროპული დემონსტრაციების მონაწილე და მხარდამჭერი იყო.
ანასტასია ზინოვკინას და არტემ გრიბულის პროკურატურა 16 გრამი ნარკოტიკული საშუალება ალფა-პვპ-ის ფლობას ედავება.
არც ჩეჩინი და არც ზინოვნიკა და გრიბული ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ პოლიციამ მათ ნარკოტიკი ჩაუდო – მიაჩნიათ, რომ ისინი თბილისში საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო ისჯებიან.