აშშ UNESCO-ს ტოვებს - სახელმწიფო დეპარტამენტი

13 hours ago 4

აშშ-მა 22 ივლისს გამოაცხადა, რომ გადაწყვიტა, გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია - UNESCO-ს დატოვებს და განმარტა, რომ ორგანიზაციაში შემდგომი მონაწილეობა აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში არ შედის.


„იუნესკო მუშაობს სოციალური და კულტურული საკითხების წინ წასაწევად და განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რაც საერთაშორისო განვითარების გლობალისტურ, იდეოლოგიურ დღის წესრიგს წარმოადგენს, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს საგარეო პოლიტიკას - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, ტემი ბრიუსმა.


გადაწყვეტილება, რაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალ ტრამპის მეორე მცდელობაა ორგანიზაციიდან გასვლისა, გაისად, 31 დეკემბერს შევა ძალაში.

ტრამპმა გაიმეორა ნაბიჯი, რომელიც მან უკვე გადადგა პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს და რომელიც ჯო ბაიდენის დროს გაუქმდა.


იუნესკოს ხელმძღვანელმა, ოდრი აზულემ, განაცხადა, რომ ღრმად ნანობს ტრამპის გადაწყვეტილებას, თუმცა ეს „მოსალოდნელი იყო და იუნესკო ამისთვის მომზადებულია“.


UNESCO-ს შტაბ-ბინა პარიზშია. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა X-ზე დაწერა: „ურყევი მხარდაჭერა იუნესკოს, მეცნიერების, ოკეანის, განათლების, კულტურისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უნივერსალური დამცველის მიმართ“.

აშშ-ის გადაწყვეტილებას UNESCO-დან გასვლის შესახებ ისრაელი მიესალმა.
Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გასვლის ერთ-ერთი მიზეზი იუნესკოს გადაწყვეტილება იყო პალესტინის წევრ სახელმწიფოდ მიღების შესახებ, რაც „ეწინააღმდეგებოდა აშშ-ის პოლიტიკას და ხელს უწყობდა ორგანიზაციაში ისრაელის საწინააღმდეგო რიტორიკის გავრცელებას“.

UNESCO-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სააგენტოს ყველა შესაბამისი განცხადება შეთანხმებული იყო როგორც ისრაელთან, ასევე პალესტინელებთან ბოლო რვა წლის განმავლობაში.
აშშ თავდაპირველად იუნესკოს შეუერთდა მისი დაარსებისთანავე, 1945 წელს. ვაშინგტონმა პირველად დატოვა ორგანიზაცია 1984 წელს, ხოლო დაუბრუნდა მას 2003 წელს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის დროს, რომელმაც განაცხადა, რომ სააგენტომ საჭირო რეფორმები გაატარა.

სრულად წაკითხვა