საბერძნეთში დააკავეს ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი

13 hours ago 4

საბერძნეთში დააკავეს ძებნილი მოლდოველი ოლიგარქი, მოლდოვის დემოკრატიული პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ვლადიმირ პლაჰოტნიუკი. ამის შესახებ ინფორმაცია მოლდოვის პოლიციის ტელეგრამ-არხზე გავრცელდა.
გამოქვეყნებულ ცნობაში მოლდოვის კიდევ ერთი მოქალაქის დაკავების შესახებაა საუბარი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, ვინ არის ის.

გამოცემა NewsMaker-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მეორე დაკავებული
არის მოლდოვის პარლამენტის ყოფილი წევრი, პლაჰოტნიუკთან დაახლოებული პირი, კონსტანტინ ცუცუ.
პლაჰოტნიუკს ბრალი ედება ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში, ფულის გათეთრებასა და თაღლითობაში. სხვა ბრალდებებთან ერთად, ის 2012-2014 წლებში მოლდოვის უმსხვილესი ბანკების ანგარიშებიდან 1 მილიარდ დოლარზე მეტის გაუჩინარებასთანაა დაკავშირებული.


პლაჰოტნიუკი მოლდოვის პარლამენტის ორი მოწვევის წევრი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი იყო. მას ქვეყნის უმდიდრეს ადამიანად და 2010-იან წლებში ყველაზე გავლენიან პიროვნებად მოიხსენიებენ. პლაჰოტნიუკის პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში დასრულდა, როდესაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად გადადგა პაველ ფილიპის მთავრობა.
NewsMaker-ის ცნობით, მოლდოვაში მის სახელზე დაპატიმრების ორდერია გაცემული სისხლის სამართლის სამ საქმეზე. სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული მის წინააღმდეგ დანაშაულებრივი საქმიანობისთვის ასევე რუსეთში.

2025 წლის თებერვალში ინტერპოლმა პლაჰოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

კონსტანტინ ცუცუს მოლდოვაში უკანონოდ გამდიდრებასა და შემოსავლის დეკლარაციაში ცრუ ინფორმაციის მითითებაში ადანაშაულებენ.

სრულად წაკითხვა