აშშ „შეშფოთებულია“ აგენტების კანონის აღსრულებით

1 month ago 45

3 სექტემბერს გამართულ ყოველდღიურ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ აშშ-ს აშფოთებს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის აღსრულება „იმ ორგანიზაციების, მათ შორის კრიტიკული სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ, რომლებიც  ნებაყოფლობით არ დარეგისტრირდნენ“.

ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, მილერმა განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს სვლას ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით, რაც ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას, რომელიც ქართველ ხალხს, როგორც ვიცით, უზომოდ სურს“.

რაც შეეხება კითხვის იმ ნაწილის, რომელიც აშშ-ის რეაგირებას ეხებოდა, პრესსპიკერმა ისაუბრა აშშ-ის მიერ ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვაზე, ათობით ქართველისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე, ასევე 95 მლნ აშშ დოლარის დახმარების შეჩერებაზე. მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გადახედვის პროცესი გრძელდება“ და რომ ის „არ გამორიცხავს შემდგომ ქმედებებს“.

უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბერს ამოიწურა. იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციისთვის კანონით დადგენილ ერთთვიან ვადაში, იუსტიციის სამინისტროს 476-მა ორგანიზაციამ მიმართა. 3 სექტემბრიდან, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება იძულებით დაარეგისტრიროს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე ჯარიმები დააკისროს მათ და ამ ორგანიზაციების საქმიანობის ე.წ. „მონიტორინგი“ განახორციელოს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა