ბაიერნი არასდროს ტყდება - ყველაფერი მიუნხენში გადაწყდება

3 weeks ago 25
  • არსენალი 2:2 ბაიერნი
  • გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32. პენ), 2:2 ტროსარი (76)

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს არსენალი მაგარ ფორმაში შეხვდა, მაგრამ უხერხული მეტოქე ჰყავდა - ბაიერნი. კრიზისში მყოფი, თუმცა, მაინც ძალიან უხერხული, რომლის წინააღმდეგ თამაში ლონდონურ გუნდს ისტორიულად უჭირს.

აქამდე ოთხჯერ გადაიკვეთა ამ გუნდთა გზები ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში და ოთხჯერვე შემდეგ ეტაპზე ბაიერნი გავიდა. არავინ იცის, ვინ გავა ამჯერად მომდევნო ეტაპზე, მაგრამ პირველმა თამაშმა გვაჩვენა, რომ არსენალისთვის ბაიერნი ძალიან არასასურველი მეტოქეა.

მიკელ არტეტას გუნდმა თამაში აქტიურად დაიწყო, რაც დაუფასდა: მე-12 წუთზე ბუკაიო საკამ მანუელ ნოიერს შორეულ კუთხეში გაუტანა და - 1:0. "ემირეითს სთედიუმი" დიდი რევანშისთვის მოემზადა, სწრაფი გოლი და მატჩის საწყისი წუთები ამის საფუძველს იძლეოდა, მაგრამ მიუნხენის ბაიერნის გატეხვა ძალიან ძნელია, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს.

ამგვარად, პირველი ტაიმი თომას ტუხელის გუნდმა მოიგო! ბაიერნს სულ რაღაც 6 წუთი დასჭირდა გასათანაბრებლად. მოედნის ცენტრში მასპინძლების შეცდომა გერმანელებმა სამი პასით აქციეს გოლად. ლეონ გორეტცკამ სერჟ გნაბრის გაატანინა, რომელმაც თავისი ყოფილი გუნდი დაამწუხრა. 32-ე წუთზე მიუნხენელები სულაც დაწინაურდნენ. ყველაფერი მანუელ ნოიერის საოცარი პასით დაიწყო, შემდეგ შეტევა ლეროი სანემ გააგრძელა, რომელმაც რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში კი წააქციეს და პენალტი დაინიშნა. ბურთთან ჰარი კეინი მივიდა და მისთვის ძალიან კარგად ნაცნობი მეტოქის კარი აუღელვებლად დალაშქრა.

ბაიერნი შინ სასურველი შედეგით დაბრუნდა

არტეტამ მეორე ნახევარში თამაშის გადაწყობა სცადა, რაც აუცილებელიც იყო, რადგან მატჩი არ მიდიოდა "მეთოფეთა" სცენარით. ცვლილებებმა შედეგი გამოიღო. გაბრიელ ჟეზუშის პასით ლეანდრო ტროსარმა გაათანაბრა - ორივე თამაშში ახალი ჩართული იყო. ამ გოლით საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 2:2.

ბოლოს ორივე გუნდს შეეძლო მოგება: კინგსლი კომანის დარტყმის მერე არსენალი ძელმა გადაარჩინა, ხოლო ბოლო კომპენსირებულ წუთზე საკა პენალტს ითხოვდა, თუმცა, მსაჯმა ეპიზოდი სხვაგვარად განსაჯა და თამაში დაასრულა.

საპასუხო მატჩი 17 აპრილს, მიუნხენში გაიმართება და ნახევარფინალისტიც იქ გაირკვევა.

საინტერესო ფაქტები

🟠 მას შემდეგ, რაც "ემირეითს სთედიუმი" გაიხსნა (2006 წელი), მეტოქის რანგში არავის გაუტანია ჰარი კეინზე მეტი გოლი (6).

🟠 კეინს სულ 15 გოლი აქვს არსენალის კარში გატანილი და მათგან 8 პენალტით. 2014/15 წლების სეზონიდან მოყოლებული პრემიერლიგის არც ერთი კლუბის წინააღმდეგ უფრო მეტი პენალტი არავის გაუტანია.

🟠 მხოლოდ კარიმ ბენზემას აქვს ინგლისური კლუბების კარში ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი გატანილი (11), ვიდრე სერჟ გნაბრის - 7 (ტოტენჰემთან 4, ჩელსისთან 2 და არსენალთან 1).

🟠 ლეანდრო ტროსარმა მიმდინარე სეზონში შეცვლიდან ყველა ტურნირზე 6 გოლი გაიტანა. სხვა ფეხბურთელს შეცვლიდან ამაზე მეტი გოლი ამ სეზონში არ აქვს გატანილი.

🟠 ტროსარი არის მხოლოდ მე-4 ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც გოლი გაიტანა საწყის ოთხ საშინაო მატჩში ამ ტურნირზე, ალესანდრო დელ პიეროს, ფრედერიკ კანუტესა და ოსკარის შემდეგ.

არსენალი 2:2 ბაიერნი

გოლები: 1:0 საკა (12), 1:1 გნაბრი (18), 1:2 კეინი (32. პენ), 2:2 ტროსარი (76)

არსენალი (4-3-3): რაია - უაითი, სალიბა, გაბრიელი, კივიორი (46. ზინჩენკო) - ოდეგორი, ჟორჟინიო (67. გაბრიელ ჟეზუში), რაისი - საკა, ჰავერტცი (86. პარტეი), მარტინელი (66. ტროსარი).

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - კიმიხი, დაიერი, დე ლიხტი, დევისი - გორეტცკა, ლაიმერი - სანე (66. კომანი), მუსიალა, გნაბრი (70. გერეირო) - კეინი.

სრულად წაკითხვა