გაეროში ახალგაზრდების ყოფილი ელჩები რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტს უერთდებიან

1 week ago 9

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლები რუსულ კანონთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას განცხადების სახით ავრცელებენ, რომლითაც უერთდებიან სამოქალაქო პროტესტს და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი.

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონის საბოლოო მიღება უკიდურესად დააზიანებს საქართველოს გრძელვადიან ინტერესებს, შეაფერხებს მის დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპული ინტეგრაციის პროცესს. ამასთანავე, ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო დააშორებს ჩვენს ქვეყანას მის ერთგულ მეგობრებსა და პარტნიორებს და უარყოფითად აისახება საქართველოს საერთაშორისო პოზიციებსა და რეპუტაციაზე, მათ შორის, გაეროში. 

აქვე, გვსურს, გავუსვათ ხაზი, რომ საქართველოში მოქმედი სამოქალაქო და მედიის ორგანიზაციები ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ ქვეყნისთვის და მისი მოქალაქეებისთვის, მათ შორის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის. ეს ყოველივე კი სწორედ დასავლური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ხორციელდება. ამიტომ, დაუშვებლად და მიუღებლად მიგვაჩნია სამოქალაქო საზოგადოებისა და დონორი ორგანიზაციების ნებისმიერი სახით სტიგმატიზება, დისკრედიტაცია და მათთვის გაუმართლებელი შეზღუდვების დაწესება. 

გასათვალისწინებელია ისიც, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს საქართველოში მოქმედი ახალგაზრდული ორგანიზაციებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობაზე, რომლებიც სწორედ საერთაშორისო ფონდების მხარდაჭერით ახორციელებენ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან უამრავ საქმეს, მათ შორის, საქართველოს ათასობით მოქალაქეს აძლევენ პროფესიული და აკადემიური განვითარების შესაძლებლობას. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ვგმობთ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, ვუერთდებით ქვეყანაში მიმდინარე სამოქალაქო პროტესტს და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი ე.წ. „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის “ შესახებ”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ხელს აწერენ 2012 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა წლებში საქართველოს ახალგაზრდების წარმომადგენლები გაეროში:

გიორგი ჭეხანი 

თორნიკე ზურაბაშვილი

ლაშა შაყულაშვილი

მარიამ სიხარულიძე

თათია დოლიძე

გიორგი ტუმასიანი

ლიკა ტორიკაშვილი

ესმა გუმბერიძე

ნინო გოგოხია

სრულად წაკითხვა