„გავლენას იქონიებს [გაწევრიანების] პროცესზე“ — შარლ მიშელი „რუსულ კანონზე“

1 week ago 9

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი საქართველოს ევროკავშირს აშორებს.

„ეს არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით“, — განუცხადა შარლ მიშელმა „ევრონიუსს“ 19 აპრილს.

მან იმედგაცრუება გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ საქართველო გასული წლის დეკემბერში გახდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი და ახლა თბილისისგან მეტ პოზიტიურ გზავნილს ელის.

„ევრონიუსის“ ცნობით, მიშელმა არ შეაფასა, შესაძლოა თუ არა ახალი გაწევრიანების პროცესის გაყინვა საკამათო კანონის შედეგად, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის სტანდარტების საწინააღმდეგო ნებისმიერი განვითარება „ზეგავლენას“ მოახდენს იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი განმცხადებლის შანსებს.

„გაფართოების პროცესი არის დამსახურებაზე დამყარებული პროცესი და მოიაზრებს იმას, რომ კანდიდატი ქვეყნები — რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება — პატივს სცემენ ფუნდამენტურ საერთო პრინციპებსა და ღირებულებებს… თუ ისინი კენჭს უყრიან კანონპროექტებს, რომლებიც არ შეესაბამება ამ პრინციპებსა და ღირებულებებს, ეს გავლენას მოახდენს პროცესზე“, — განაცხადა შარლ მიშელმა.

საქართველო, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე წლის ბოლოს ელის. იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ წლის ბოლო სამიტზე მხარი დაუჭიროს საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნას, ევროკომისიამ დადებითად უნდა შეაფასოს ქვეყნის მიერ 9 ნაბიჯის შესრულება. ევროკომისია ყოველწლიურად იღებს გაფართოების პაკეტს — ესაა სტრატეგიული დოკუმენტი ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე და ანგარიშები, რომლებშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნებისა და პოტენციური კანდიდატების პროგრესი. ევროკომისიის დასკვნა საქართველოზე მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა მანამდე X-ზე დაწერა, რომ კანონპროექტი შესაბამისობაში არაა საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან და მისი მიღება დააშორებს საქართველოს ევროკავშირისგან.

17 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონი“ პირველი მოსმენით მიიღო. კანონპროექტის განხილვა რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

შარლ მიშელი რუსულ კანონზე: პირდაპირ ვიტყვი, ის დააშორებს საქართველოს EU-სგან

სრულად წაკითხვა