ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრები ქართველ ხალხს: საქართველოს ევროპული მომავალი თქვენს ხელშია

1 day ago 2

საქართველოს გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ევროკავშირის 13 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც ნათქვამია, რომ ქართველებს უნდა შეეძლოთ თავად აირჩიონ საკუთარი მომავალი. მინისტრებმა იმედი გამოთქვეს, რომ არჩევანი, რომელსაც ქართველები გააკეთებენ, იქნება ქვეყნის ევროპული მომავლის სასარგებლოდ. ისინი წუხილს გამოთქვამენ საქართველოს ევროპული მომავლის გამო და წერენ, რომ როგორც საქართველოს მეგობრები, „აუცილებლად მივიჩნევთ, კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ევროპის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, რათა გამოვასწოროთ საქართველოს ევროპული პერსპექტივების არასწორი აღქმა და შეგნებული დამახინჯება“.

მინისტრების თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს იყო ქვეყნის „თავისუფალი, დემოკრატიული, აყვავებული და – რაც მნიშვნელოვანია – ევროპული მომავლის გზის დასაწყისი“. „ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის მხრიდან პრო-ევროპული გზის საჯარო მხარდაჭერის საფუძველზე, ჩვენი ქვეყნები – გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ისევე როგორც ბელგია, დანია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთი – ამ გზაზე თავიდანვე ვიყავით საქართველოს ძლიერი მხარდამჭერები და ახალა ვიზიარებთ მათ წუხილს და საქართველოს მოვუწოდებთ, რომ მომავალი არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

საქართველოს მიერ გასულ წელს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე საუბრისას, მინისტრები აცხადებენ, რომ საქართველომ ევროპულ გზას გადაუხვია მას შემდეგ, რაც „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო, რასაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება მოყვა.

„ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: საქართველო ვერ შეძლებს გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეიცვლის კურსს. ამ მკაფიო გადაწყვეტილების ოდნავადაც კი შერბილებულად ან სხვაგვარად ინტერპრეტაცია ან ბოდვაა ან უბრალოდ სიცრუეა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე ევროკავშირის გადაწყვეტილება მარტივი არ ყოფილა. „თუმცა, მნიშვნელოვანია, გავიგოთ, რომ ევროკავშირი მხოლოდ ეკონომიკური, სავაჭრო, უსაფრთხოების ან სოციალური კავშირი არ არის. ევროკავშირი, უფრო მეტად, იმ ქვეყნების ოჯახია, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ და მზად არიან, დაიცვან ეს ღირებულებები“, – აცხადებენ მინისტრები.

მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. „ის ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებიც იმ ვალდებულებათა საფუძველს წარმოადგენენ, რომლებიც საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე აიღო“, – ნათქვამია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ევროკავშირთან და ევროპის საბჭოსთან შეუსაბამო კანონები, რომლებიც ძალაში შევიდა გასული თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ზღუდავს LGBTQI-ადამიანების უფლებებს, „საქართველოს კიდევ უფრო აშორებს ევროკავშირის გზას“.

მინისტრები იმ ზოგიერთმა ქართველ პოლიტიკოსს აკრიტიკებენ, რომელთაც „პროპაგანდის, დეზინფორმაციის, მტკნარი სიცრუისა და ცილისწამების უპრეცედენტო კამპანიას მიმართეს საქართველოს დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ“. განცხადებაში ნათქვამია: „ისინი ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, უსაფუძვლოდ აბრალებდნენ სახელმწიფო გადატრიალებისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მკვლელობის გეგმებს, საქართველოს ომებში ჩათრევის ბნელ მოტივებს, „ლიბერალურ ფაშიზმს“ და უამრავ სხვა რამეს“.

მინისტრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ევროკავშირს აქვს სურვილი საქართველო ევროპულ ოჯახში მიიღოს. „კარი ღიაა და ღია დარჩება. ამიტომაც ევროპულმა საბჭომ გაიმეორა თავისი ურყევი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ და თავისი მზადყოფნა, გააგრძელოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლის გზაზე“, – აცხადებენ მინისტრები.

„მოდით, ასევე განვმარტოთ: ჩვენ საქართველოს ხელისუფლებისაგან მოველით, რომ მან უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ქართველებს უნდა შეეძლოთ, რომ აირჩიონ, რომელი მომავალი სურთ თავისთვის, თავიანთი შვილებისა და შვილიშვილებისათვის. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არჩევანი საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ. არჩევანი თქვენზეა. საქართველოს მომავალი თქვენს ხელშია“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა