ზახაროვა „მეორე ფრონტზე“ საუბრობს და თბილისს ოკუპირებულ რეგიონებთან „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დახმარებას პირდება

4 days ago 8

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 17 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოხატა რუსეთის მზადყოფნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან „ურთიერთობების ნორმალიზებაში“ დაეხმაროს. მან ასევე შეაქო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სურვილი, რომ ბოდიში მოუხადოს ცხინვალს, და დასავლეთის მიერ საქართველოში „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებზე ისაუბრა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრისას ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის პრიორიტეტები უცვლელი რჩება და მოიცავს თბილისისგან იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას ძალის გამოუყენებლობისა და დემარკაციის შესახებ. მართალია მან აღნიშნა, რომ ამ მიზნების მიღწევა ჯერჯერობით შეუძლებელია, იგი მიესალმა საქართველოს ინიციატივას ცხინვალისთვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ეს რუსეთს „გარკვეულ იმედს“ აძლევს.

ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მოხარულია იმ ფაქტის გამო, რომ საქართველოში საზოგადოებამ აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის უკან „ავადმყოფური ამბიციების, ცხოვრებაზე არაჯანსაღი შეხედულების მქონე და ამერიკული ტყუილის კიდევ ერთი მსხვერპლი“ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იდგა. მან ასევე ახსენა ტალიავინის დასკვნა და განაცხადა, რომ ის ადასტურებს რუსეთის თვალსაზრისს, და ასევე წუხილი გამოთქვა იმ ფაქტზე, რომ ევროკავშირი არ არის ისეთი „წესიერი და მამაცი“, როგორც 15 წლის წინ, როდესაც ხალხს, ვინც მას წარმოადგენდა ეყო „სიმამაცე, რომ სიმართლე ეთქვა“.

ზახაროვამ იმედი გამოთქვა, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდზე ქართული დელეგაციის მუშაობაზე აისახება. მისი თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალიც მზად უნდა იყვნენ „გადაშალონ ტრაგიკული ფურცელი“. მან ასევე აღნიშნა, რომ არავინ დაივიწყებს მომხდარს და გამოთქვა მოსკოვის მზადყოფნა, „ურთიერთობების ნორმალიზებას“ დაეხმაროს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ დონეზე.

„მეორე ფრონტის“ საკითხზე საუბრისას, ზახაროვამ განაცხადა: „ვფიქრობ, საქართველოს მოქალაქეებს, მიუხედავად მათი ემოციების სიღრმისა იმის შესახებ, რაც მათ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში შეემთხვათ, ესმით მომხდარის ძირეული მიზეზი. …. ხალხი ხედავს, რა დაემართა მას, რომ თავისუფლების, დემოკრატიისა და ყოველივე კარგის შესახებ სიტყვების მიღმა ნამდვილი საშიში „მგელი“ იმალებოდა… ვფიქრობ, რომ სააკაშვილის დანაშაულებრივი ავანტიურიზმის გაგება, სხვა საკითხებთან ერთად, ოფიციალური თბილისისა და სამოქალაქო საზოგადოების თანამედროვე პოზიციას აყალიბებს. ამიტომ კეთდება რეალისტური შეფასებები „მეორე ფრონტის“ შესახებ. მე ვფიქრობ, რომ არავის არ სურს ჩაერთოს და გახდეს „საჯილდაო ქვა“ სხვის თამაშში“.

ზახაროვამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთისთვის აუცილებელია „უსაფრთხოების სისტემის შექმნა“ და „ყველა გონივრული ქვეყნის გაერთიანება ახალი მსოფლიო წესრიგის ეგიდით“. მან განაცხადა, რომ ამის შემდეგ „ყველა საუბარი „მეორე ფრონტზე“, ბატონობაზე, „გაყავი და იბატონეზე“ არარელევანტური იქნება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა