„სარკე“, ხათუნა მაღრაძე
თბილისის ძველ ქუჩებში, ოქროს უბანში ხშირად ვხვდებოდით ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას, რომელიც ისე არასოდეს ჩაივლიდა, არ მოვეკითხეთ, ჩვენი ამბებით არ დაინტერესებულიყო. მაშინ ჩვენი რედაქციაც ამ უბანში იყო და “სარკის” ხშირი სტუმარი გახლდათ, ყველა თანამშრომელს იცნობდა, ყველასთან ჰქონდა თბილი სასაუბრო. ყოველთვის, როცა უნდა შეხვედროდი, რაღაც სიახლე ჰქონდა, სულ ეძებდა, პოულობდა, აკეთებდა, მერე ისევ თავიდან იწყებდა, ისევ გეგმავდა, ეძებდა… თავის საქმეშიც დიდ გულს დებდა და ადამიანებთან ურთიერთობებშიც ასეთივე გულიანი იყო. ამიტომაც ყველას გაუხარდა იმის გაგება, რომ ოქროს უბანში მისი სახელობის ქუჩა გაჩნდა. ეს სასიხარულო მოვლენა ორი წლის წინ, 2024 წელს მოხდა. მისმა ვაჟიშვილმა, ნიკოლოზმა, ამ დღეს დაამთხვია წიგნის პრეზენტაციაც, რომლის სახელწოდებაა “ზურაბ ვადაჭკორიას ფრაკი” და წიგნი ქუჩის გახსნის ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს საჩუქრად გადასცა.
ზურაბ ვადაჭკორიას წელს, 25 თებერვალს, 65 წელი შეუსრულდებოდა. ადრე წავიდა ამქვეყნიდან. 8 წლის წინ, 1 მარტს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მის მეორე ნახევარს, ია ვადაჭკორიას, დიდი დრო დასჭირდა, რომ ზურას გარეშე ცხოვრება თავიდან ესწავლა, დიდი სიყვარულის გარეშე გაეძლო და ისევ ფეხზე დამდგარიყო…
_ ქალბატონო ია, ყველამ, ვინც გიცნობთ, იცის, რომ საოცარი სიყვარულის ისტორია გქონდათ. ამის შესახებ “სარკისთვისაც” მოგიყოლიათ. კიდევ ერთხელ გაიხსენეთ, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა. ბატონი ზურაბი უკვე ილუზიონისტი იყო, როცა გაიცანით?
_ მე 19 წლის ვიყავი, ზურიკო _ 24 წლის, როცა მომღერალ გოგი დოლიძის ოჯახში ერთმანეთი გავიცანით. გოგის მამიდაშვილი ჩემი მეგობარი იყო. აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ზურიკო ამ დროს უკვე ცნობილი ილუზიონისტი იყო.
_ მაშინ ილუზიონისტის პროფესია იშვიათი იყო. ამ ნიჭით მოგხიბლათ?
_ პირველ პერიოდში ძალიან მაოცებდა ის, რასაც აკეთებდა. მეგონა, რომ მართლა სასწაულებს ახდენდა. ვერაფრით წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა, რგოლები ისე გადაება ერთმანეთზე, რომ ნივთებს ჭრილი არ ჰქონოდა. მის „სამზარეულოში” მოგვიანებით გავერკვიე. შთაბეჭდილება ამანაც მოახდინა, მაგრამ ამის გარეშეც მოვიხიბლებოდი მისით.
ზურიკო იყო ძალიან კარგი მეუღლე, საუკეთესო მამა. რა მუსიკა მომწონდა, როგორი ყვავილი მიყვარდა, არასოდეს შეეშლებოდა. ყოჩივარდები მიყვარდა და სანამ მისი შოვნა შეიძლებოდა, ყოველდღე მოჰქონდა. წარმოუდგენლად მანებივრებდა.
ადამიანი როცა იმქვეყნად მიდის, იტყვიან ხოლმე, გული მატკინაო, მე კი სულის ტკივილი დამიტოვა.
უბედნიერესი ვარ, რომ ზურიკოს მეუღლე ვიყავი. ვინც კარგად გვიცნობს, ყველამ იცის ჩვენი ურთიერთობა. თუ ზურიკო სახლში იყო, მეც სახლში უნდა ვყოფილიყავი; თუ სახლში არ იყო, მაინც სახლში უნდა ვყოფილიყავი. კარი ყოველთვის მე უნდა გამეღო. ეს ჩემთვის ერთგვარი სასიამოვნო რიტუალი იყო. ძალიან მიყვარდა მეუღლე. მადლობა უფალს, ისეთი შვილები გვყავს, მამის სახელს არასოდეს შეარცხვენენ.
_ ბატონი ზურაბის გარდაცვალების შემდეგ რა შეიცვალა თქვენს ოჯახში?
_ სურათები ისევ ისეა კედელზე, როგორც მის სიცოცხლეში იყო. 2 წელი მისი ტანსაცმლის კარადისთვის ხელი არ მიხლია. ზურიკოს ხალათით ვწვებოდი და ვდგებოდი. მისი ნივთები როგორც იყო, დღემდე ისევ ისე დევს.
სასაფლაოზე დღეში სამჯერ მივდიოდი, ახლა ცოტა შევამცირე, რადგან შვილიშვილებთან მეტ დროს ვატარებ. ალბათ ზურიკოსაც ეს გაუხარდება, რომ ოჯახს მივაქციო ყურადღება, ბავშვები წავიყვანო სკოლაში, სპორტზე, ცეკვაზე. ბოლო დროს ამით დავკავდი, რომ მისი დანაკლისი გადამელახა.
თუმცა სასაფლაოზე როცა მივდივარ, იცით, დღემდე როგორი შეგრძნება მაქვს? ისეთი, პირველ პაემანზე რომ უნდა შეხვდე ბიჭს, მიდიხარ და გული აჩქარებით გიცემს.
_ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ თქვათ, რომ არსებობს სიყვარული, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს.
_ ყოველდღე უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე გუშინ. ზურიკოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა, ჩუმად ცდილობდა, გავეხარებინე. სახლში რომ ვიყავი, ხშირად დამირეკავდა _ ია, მიდი, რა, “პლეხანოვზე” (ახლანდელი აღმაშენებელი – რედ.შენ.) გამოდი, გელოდებიო. მივიდოდი და მანქანის ტარების კურსებზე ჩამწერდა ან სადმე დამპატიჟებდა. მანქანაც ისე იყიდა ჩემთვის, არაფერი უთქვამს. სიურპრიზი გამიკეთა.
_ ხშირად მონაწილეობდა ღონისძიებებში, დადიოდა გასტროლებზე. ეჭვიანობის მომენტები არ გქონიათ?
_ სიმართლე გითხრათ, ცოტა ეჭვიანი მეც ვიყავი და ზურაც, მაგრამ სულ ერთად ვიყავით და საშუალებაც არ გვქონდა, ერთმანეთზე გვეეჭვიანა. თუ შესაძლებელი იყო, როცა მიდიოდა, მეც თან მივყავდი, მაგრამ თუ საზღვარგარეთ მოუხდებოდა გამგზავრება, მის გარეშე ადგილს ვერ ვპოულობდი. ბავშვებმა იცოდნენ, რომ ასეთ დღეებში 9 საათზე უკვე ვწვებოდი. ის რომ სახლში არ იყო, არაფერი მეხალისებოდა, მარტოსული ვიყავი. ზურიკოს გარეშე შუქის დანახვაც არ მინდოდა. ქმარი იყო ჩემთვის ყველა და ყველაფერი.
_ ყოფით საკითხებში გეხმარებოდათ, იცლიდა ამისთვის?
_ ძალიან პოზიტიური ადამიანი იყო. როცა ოჯახში რამე პრობლემა გაჩნდებოდა, მომიტრიალდებოდა და მეტყოდა, ია, შენ არ ინერვიულოო. შეიძლება თვითონ ბევრ დარდს ატარებდა, მაგრამ თავზე არაფერს მოგახვევდა.
შვილების მიმართაც ასეთი იყო. ბავშვებს გვერდით ედგა, მათთვის ყველაფერს გააკეთებდა. გასული საუკუნის 90-იან წლებში უშუქობა და სიბნელე რომ იყო მთელ ქვეყანაში, ნავთი 50-ლიტრიანი ბიდონებით მოჰქონდა ნავთქურისთვის, მერე გენერატორი შეიძინა. ოჯახზე ფიქრობდა და ზრუნავდა.
მდიდარი არ ყოფილა, მაგრამ რაც შეეძლო, ყველაფერს აკეთებდა. მაშინ კიდევ უფრო მეტად იყო მეგობრობა, ურთიერთობა, ზურიკოს იცნობდნენ, პატივს სცემდნენ და ამ სიყვარულით და ერთმანეთის თანადგომით გაგვქონდა თავი.
_ ზურაბ ვადაჭკორიამ შექმნა ილუზიონისტების სკოლა საქართველოში, დღეს კი მისი მოწაფეები აგრძელებენ ამ გზას. დაუფასეს ამაგი?
_ დიახ, გიორგი ბუბაშვილი ძალიან კარგი ბიჭია. შემოქმედებითი ნიჭის გარდა საუკეთესო ადამიანია. ზურიკოს ინსულტი ჰქონდა და ბოლო ერთი წელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით. ეს ბიჭი გვერდიდან არ მოშორებია, თითქმის ყოველდღე მოდიოდა, გვერდით ეჯდა, ელაპარაკებოდა. ძალიან დიდი ენერგია ჩადო ამ ბიჭში ჩემმა მეუღლემ და შედეგიც მიიღო. გიორგის როცა ლექციები არ ჰქონდა, ჩვენთან მოდიოდა, თავთით ეჯდა და საათობით ელაპარაკებოდა. ძალიან ერთგული და კარგი ადამიანია. სწორედ ის აგრძელებს ზურიკოს დაწყებულ საქმეს.
_ ეს თემა ალბათ გასაკუთრებით სენსიტიურია თქვენთვის. ხშირად უყურებთ ახალი შემსრულებლების გამოსვლებს?
_ აღარ ვუყურებ, ზურიკოს ფოკუსების ჩანაწერებსაც ვეღარ ვუყურებ. არ შემიძლია!
_ თქვენი ვაჟი ერთხანს ილუზიონისტობით იყო დაინტერესებული. ჩამოშორდა ამ სფეროს?
_ ბავშვობიდან მონაწილეობდა კონცერტებში. იყო პერიოდი, როცა მარჯანიშვილის თეატრშიც გამოდიოდა. ნიჭი და მონაცემები ჰქონდა. ჩვენმა ქალიშვილმა მიმიმაც იცის გარკვეული ტექნიკა და ფოკუსები, მაგრამ სრულიად სხვა გზა და საქმე აირჩიეს სამომავლოდ.
ნიკუშა დაოჯახებულია და სამი შვილი ჰყავს, მიმი ორი შვილის დედაა. ზურიკო მხოლოდ სამ შვილიშვილს მოესწრო. მისი მოსახელეც გვყავს _ ზურაბ ვადაჭკორია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ უხაროდა, სახელის გამგრძელებელი რომ დაიბადა. არაჩვეულებრივი ბაბუა იყო. შვილები არც ბაღიდან გამოუყვანია და არც სკოლიდან, შვილიშვილებს კი ყველგან დაატარებდა. სულ ოცნებობდა, როდის გაიზრდებიან ბიჭები, ფეხბურთზე ვატარო, “პლეხანოვზე” გავასეირნოო. ზურიკოსთვის ყველაზე საყვარელი უბანი თბილისში “პლეხანოვი” იყო.
_ მის კოლეგებთან გაქვთ ურთიერთობა, აკითხავენ თქვენს ოჯახს და იხსენებენ მეგობარს?
_ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას _ ბესო ჩუბინიძეს, ბესიკ კალანდაძეს, ნუგზარ ერგემლიძეს, დავით ლოლიაშვილს, ზურა მანაგაძეს, ვახტანგ ტატიშვილს, ნუგზარ კვაშალს, ზურა კობეშავიძეს… არ არსებობს, ახალ წელს არ მოგვაკითხონ და არ გაგვიხსენონ. ზურიკოს დაბადების დღე ისე არ ჩაივლის, სანთელი არ დაანთონ მისი სულის მოსახსენებლად. შემდეგ ზურიკოს მეგობრებს ჩემი მომზადებული კერძებით ვუმასპინძლდები ხოლმე. სანამ ვართ, ეს ტრადიცია არ მოიშლება.

9 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·